მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები, რასაც ამ კვირაში უნდა ველოდოთ

მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები, რასაც ამ კვირაში უნდა ველოდოთ

კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შესახებ ოპტიმიზმმა და აშშ–ის ეკონომიკის გახსნის დაწყებამ საფონდო ბირჟების ზრდა გამოიწვია. გასულ კვირას Dow 3.3%-ით გაიზარდა, S&P 500 3.2%-ით, ხოლო NASDAQ Composite 3.4%-ით. მიმდინარე კვირასაც მოსალოდნელია დადებითი ტენდენციები ბირჟებზე. თუმცა, ეს ტენდენციები როგორ აისახება ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დალისტული ჩინური კომპანიებისთვის, ეს საინტერესო იქნება. გასულ კვირას სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ამერიკულ საფონდო ბირჟებზე შესაძლოა ჩინურ კომპანიებს აეკრძალოთ განთავსება. კანონის დამტკიცებისთანავე, რამდენიმე ჩინური კომპანიის აქციების ფასი დაეცა, თუმცა, შემდეგ გაუმჯობესდა. საინტერესო იქნება მიმდინარე კვირას ამ კუთხით ტენდენციები.

ამას ისიც ემატება, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის საკმაოდ დაძაბულია კავშირები. პრეზიდენტმა ტრამპმა გაამკაცრა რიტორიკა ჩინეთის წინააღმდეგ პანდემიასთან დაკავშირებით, თავის მხრივ ჩინეთმა კი აშშ-ი დაადანაშაულა ახალი ცივი ომის წამოწყების მცდელობაში. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ვაშინგტონი თავს ესხმის პეკინს კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით, რაც ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო ამძაფრებს დაპირისპირებას. მოსალოდნელია, რომ ეს რიტორიკა მიმდინარე კვირაშიც შენარჩუნდება, რაც თავისთავად აისახება დანარჩენ მსოფლიოზეც.

რაც შეეხება სხვა მოსალოდნელ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს, მიმდინარე კვირას საზოგადოებას მიმართავს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, ასევე მოსალოდნელია ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის მიმართვაც. ალბათ საინტერესო იქნება რას იტყვიან ისინი შექმნილი კრიზისის შესახებ და იქნება თუ არა რაიმე ახალი გადაწყვეტილებები კრიზისიდან გამოსვლის შესახებ. შესაძლოა, ლაგარდმა სწორედ ევროკავშირის ფინანსური სტაბილურობის ახალი მიმოხილვის შესახებ იმსჯელოს, რომელიც ასევე მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება.

მიმდინარე კვირას ასევე სამხრეთ კორეა და კენია პროგნოზირებენ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. რუსეთში, ბრაზილიასა და იაპონიაში კი უმუშევრობის დონის ცვლილების ახალი მონაცემი გახდება ცნობილი. ასევე საინტერესო იქნება ესპანეთში რითეილ გაყიდვების ახალი მონაცემებიც, რომელიც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება და რომელიც ასახავს, თუ რამდენად იქონია გავლენა „ლოქდაუნმა“ რითეილ სექტორზე.

ქვეყნების გარდა, კომპანიებიც აქვეყნებენ ეტაპობრივად 2020 წლის პირველი კვარტლის შედეგებს. მათ შორის, მიმდინარე კვირას მოსალოდნელია Dell-ის პირველი კვარტლის მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის აქციების ფასი 16%-ით არის დაცემული.  Dell-ის კორონავირუსის პანდემიამდეც ჰქონდა პრობლემები, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მას არცთუ ისე სახარბიელო შედეგები ექნება.

და ბოლოს, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები იქნება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ პანდემიის კრიზისის გამო შემუშავებული წესებისა და რეკომენდაციები, რომლის დამტკიცებაც მიმდინარე კვირას არის დაგეგმილი და რომელიც საერთო იქნება ყველა წევრი ქვეყნისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *