Moderna 2022 წელს კოვიდვაქცინის 3 მილიარდზე მეტი დოზის დამზადებას გეგმავს

Moderna 2022 წელს კოვიდვაქცინის 3 მილიარდზე მეტი დოზის დამზადებას გეგმავს

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების გაზრდას აპირებს – მიზანი მომავალი წლისთვის 3 მილიარდზე მეტი დოზის დამზადებაა. წარმოების გასაფართოებლად კომპანია თანამშრომლობას გააგრძელებს პარტნიორებთან შვეიცარიიდან,  ესპანეთიდან და აშშ-დან.

გარდა სამომავლო გეგმებისა, კომპანია მიმდინარე წელსაც გეგმავს მიწოდების გაზრდას, რის შედეგადაც Moderna-ს 2021-ის ბოლოსთვის ვაქცინის 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე დოზა ექნება დამზადებული.

ცნობისთვის, Moderna-ს ვაქცინა, რომლით აცრაც 18 წელს ზემოთ ასაკისთვისაა რეკომენდებული, 94%-ით ეფექტიანია. იმუნიზაციაში ჩართულ ადამიანს მისი 2 დოზა უკეთდება, 28-დღიანი შუალედით.

უკანასკნელი კვლევების მიხედვით, აცრიდან 12 თვის შემდეგ Moderna-ს ეფექტიანობა იკლებს და ვეღარ უმკლავდება SARS-CoV-2-ის მეტად გადამდებ ფორმებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, Moderna სამომავლო წარმოებისთვის იმუშავებს ახალ ვაქცინაზე, რომელიც სხვადასხვა შტამისადმი მდგრადი იქნება. ამ და სხვა მიზნებისთვის მიმდინარე კვირის დასაწყისში კომპანიამ თანამშრომლობა წამოიწყო ფარმაცევტულ გიგანტ Sanofi-სთან. სწორედ მათი კოლაბორაციის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატები დამატებით ვაქცინის 200 მილიონ დოზას მიიღებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *