მოდის ინდუსტრიის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიები

მოდის ინდუსტრიის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიები

დღეს მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია საფრანგეთში დაფუძნებული Louis Vuitton Moët Hennessy-ია, რომლის კაპიტალიზაცია $297.7 მილიარდს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ LVMH-ს, აქციების ფასის მნიშვნელოვანი კლების ფონზე, 16 აპრილს ამ სტატუსის დათმობა Hermès-ისთვის მოუწია, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

LVMH მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ზოგად ჩამონათვალში 30-ე ადგილს იკავებს. ინდუსტრიის უმსხვილესი კონგლომერატის შემადგენლობაში ისეთი ცნობილი ბრენდები შედის, როგორებიცაა Louis Vuitton-ი, Dior-ი, Sephora, Moët & Chandon-ი, Hennessy, Tiffany & Co., Fendi, Bulgari, Givenchy და სხვა.

LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრანგი ბერნარ არნოა, რომელიც გასული წლის ამავე პერიოდში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ფლობდა, ახლა კი მილიარდერების რეიტინგში მე-6 პოზიციას სჯერდება. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მოცემული დროისთვის არნო 145.1 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.

მოდის ინდუსტრიის მეორე მსხვილი წარმომადგენელი ასევე ფრანგული კომპანია Hermès-ია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $274.5 მილიარდს მცირედით აჭარბებს. კომპანია ზოგად რეიტინშგი 34-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, ფრანგული მოდის სახლი Hermès-ი 188 წლის წინ ტიერი ჰერმესმა დააფუძნა. გასული წლის მონაცემებით, კომპანია 25,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.

გასული წლის ამავე პერიოდში Hermès-ის პოზიციას სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ამერიკული მწარმოებელი Nike-ი იკავებდა, თუმცა ის ამჟამად მე-8 პოზიციაზეა. ბოლო მონაცემებით, კომპანიის კაპიტალიზაცია $79 მილიარდს ოდნავ აჭარბებს, გასულ წელს კი თითქმის $154 მილიარდს შეადგენდა.

Nike-ი 1964 წელს ფილ ნაიტმა და ბილ ბაუერმანმა დააფუძნეს. კომპანიას 1971 წლამდე Blue Ribbon Sports-ი ერქვა, ამის შემდეგ კი ბერძნული ქალღმერთის სახელი დაერქვა. Nike-ი ფლობს ბრენდებს, Air Jordan-სა და Converse-ს.

მოდის ინდუსტრიის გიგანტებს შორის საბაზრო კაპიტალიზაციით მესამე ადგილს ესპანეთში დაფუძნებული Inditex-ი იკავებს, რომელიც ზოგად რეიტინგში 97-ე ადგილზეა. მისი კაპიტალიზაცია მოცემული დროისთვის $164 მილიარდს მცირედით აჭარბებს. Inditex-ი ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორიცაა Zara, Massimo Dutti, Pull&Bear-ი, Bershka, Stradivarius-ი და სხვა.

მოდის ინდუსტრიის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიები:
  1. LVMH – $297.70 მლრდ – საფრანგეთი
  2. Hermès – $274.51 მლრდ – საფრანგეთი
  3. Inditex – $164.05 მლრდ – ესპანეთი
  4. TJX Companies – $141.10 მლრდ – აშშ
  5. Fast Retailing – $98.44 მლრდ – იაპონია
  6. Dior – $95.76 მლრდ – საფრანგეთი
  7. Cintas – $82.66 მლრდ – აშშ
  8. Nike – $79.03 მლრდ – აშშ
  9. Ross Stores – $45.60 მლრდ – აშშ
  10. Adidas – $40.07 მლრდ – გერმანია