მომხმარებელთა ნდობის ინდექსი შემცირდა

მომხმარებელთა ნდობის ინდექსი შემცირდა

საქართველოში მომხმარებელთა ნდობის ინდექსი შემცირდა, – მაისში ინდექსმა წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, თუმცა ივნისში მკვეთრად შემცირდა. ISET-ის CCI-ის (მომხმარებელთა ნდობის ინდექსი) მიხედვით, ივნისში მომხმარებელთა განწყობები 3,2%-ით შემცირდა, – ქართველები მომავლის მიმართ უფრო ნეგატიურად არიან განწყობილი, ვიდრე ოპტიმისტურად. მიუხედავად ამისა, რესპოდენტების უმრავლესობა ქვეყანაში მომდევნო 12 თვის განმავლობაში, ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზებას ელოდება.

მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ორი კომპონენტისგან შედგება, – მიმდინარე სიტუაციის ინდექსი – რომელიც 3,9%-ით დაეცა და მოლოდინების ინდექსი, რომელიც 2,6%-ით შემცირდა.

გამოკითხული რესპოდენტების 48,5% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 34% ამბობს, რომ მცირედით გაუარესდა. გამოკითხული რესპოდენტების მხოლოდ 10%-ზე ნაკლები ამბობს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

რესპოდენტების 35% მომდევნო 12 თვის განმავლობაში საკუთარი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის ცვლილებას არ ელოდება. 52,4% თვლის, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით გაუარესდა, 19,9% კი ამბობს რომ საგრძნობლად გაუარესდა, ხოლო სიტუაციის გაუმჯობესებაზე მხოლოდ 3,3% მიუთითებს.

ამასთან, გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი, – 27,7% ამბობს, რომ მომდევნო 12 თვეში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით გაუარესდება, 26,3% კი ცვლილებას არ ელოდება.

რესპოდენტების 35% მომდევნო 12 თვის განმავლობაში ქვეყნაში პროდუქციის ფასების მცირე ზრდას ელოდება, ფასების შემცირების იმედი კი რესპოდენტების 14%-ს აქვს, 13% ამბობს რომ ზრდა ისეთივე ტემპით გაგრძელდება როგორც ეს ბოლო ერთი წელია.

გამოკითხული მოსახლეობის 43% თვლის, რომ მომევნო 12 თვეში ქვეყანაში დასაქმებულების რაოდენობა არ გაიზრდება, ამასთან 18% უმუშევრობის კიდევ უფრო ზრდას ელოდება.

რესპოდენტების 56% თვლის, რომ გამომდინარე ეკონომიკური მდგომარეობიდან, თანხის დანაზოგის გასაკეთებლად კარგი დრო არ არის, 16% თვლის რომ დანაზოგის გასაკეთებლად ცუდი დროა.  55% მომდევნო 12 თვეში დანაზოგის გაკეთებას არ გეგმავს.