მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი პარადიგმა

მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი პარადიგმა

2025 წლის იანვარში „სელფი მობაილმა“ Vodafone Group-თან თანამშრომლობით ქართულ ტელეკომ-ბაზარზე პირველი ინოვაციური პროდუქტი – ლოიალობის პროგრამა დანერგა. პლატფორმას, რომელიც ბიზნესებს „სელფის“ 1.3 მილიონი აბონენტისთვის საკუთარი პროდუქტებისა თუ სერვისების გაცნობის საშუალებას აძლევს, უკვე 30-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და 150 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

 

ავტორი: იზა გვარამაძე

 

„ლოიალობის პლატფორმის იდეა ბუნებრივად გაჩნდა იმ გარემოში, სადაც მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა კომპანიის ძირითადი პრიორიტეტია“, – გვეუბნება „სელფის“ კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე და დასძენს, რომ მიზანი საზოგადოებისთვის ტრადიციულ მობილურ პროდუქტებთან ერთად, დამატებითი ღირებულების მიცემაა. 

ამ მიზნის განხორციელების გზაზე „სელფიმ“ პარტნიორად ევროპის ტელეკომ-ბაზრის წამყვანი კომპანია, Vodafone Group-ი აირჩია და 2024 წლის ბოლოს მასთან შედეგად, Vodafone-მა „სელფის“ გაციფრულებაში, საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდასა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში, ასევე მომხმარებლისთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნაში მხარდაჭერა აღუთქვა და გამოცდილების გაზიარებას დაჰპირდა.

კომპანიის კომერციული დირექტორის თქმით, სწორედ მომხმარებლისთვის მაქსიმალური ღირებულების შესაქმნელად, ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ რაღაც ორ თვეში, „სელფიმ“ Vodafone-ის მიერ ევროპაში უკვე წარმატებით დანერგილი ლოიალობის პროგრამა Vodafone Happy – ადგილობრივ ბაზარზე გადმოიტანა. მან პროდუქტი ქართულ რეალობას მოარგო და მომხმარებლებისთვის ლოკალური და გლობალური ბრენდების პროდუქციის შეთავაზება დაიწყო. 

„ეს არის საერთაშორისო მასშტაბის პროექტი, რომელიც საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება“, – აცხადებს მარიამ კოპაძე და დასძენს, რომ Vodafone Happy უკვე 7 ევროპულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი და მას 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რაც პროდუქტის ხარისხსა და ეფექტიანობაზე მიანიშნებს.

პროდუქტის დანერგვისას კომპანიას მთავარ გამოწვევად მომხმარებლებისთვის პლატფორმაზე წვდომის გამარტივება და მათთვის დამატებითი დაბრკოლებების თავიდან არიდება ესახებოდა. ამის უზრუნველსაყოფად კი „სელფიმ“ ლოიალობის პლატფორმა MyCellfie-ის აპლიკაციაში ჩააინტეგრირა, რომელსაც მისი 650 000-ზე მეტი აბონენტი აქტიურად იყენებს. შედეგად, „სელფის“ აბონენტებს პლატფორმის ამ დროისთვის უკვე 30-ზე მეტი პარტნიორი ბრენდისგან ექსკლუზიური შეთავაზებების მისაღებად მხოლოდ MyCellfie-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა სჭირდებათ.

მეორე გამოწვევას სწორედ მომხმარებლებზე მორგებული, ექსკლუზიური შეთავაზებების შემუშავება წარმოადგენდა. კომპანიის კომერციული დირექტორი განმარტავს, რომ ლოიალობის პროგრამის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებული ვერსია პერსონალიზებულ შეთავაზებებს მომხმარებლის ქცევისა და პრეფერენციების საფუძველზე ადგენს. გარდა ამისა, მისი თქმით, შეთავაზებები მოიცავს ინტერაქციული გეიმიფიკაციის ელემენტებს, როგორიცაა „Happy Wheel“; 30-ზე მეტი პარტნიორისგან შემდგარ ეკოსისტემას, მათ შორის 7 გლობალურ და 20-ზე მეტ ლოკალურ ბრენდს; ასევე, ყოველდღიურ სიურპრიზებსა და ბონუსებს აქტიური მომხმარებლებისთვის. 

ლოიალობის პლატფორმა არ არის მხოლოდ ფასდაკლებების ან შეთავაზებების ერთიანი სივრცე – ეს მომხმარებელთან ურთიერთობის სრულიად ახალი პარადიგმაა.

მარიამს ვკითხეთ, რის საფუძველზე არჩევენ პლატფორმისთვის პარტნიორ ბიზნესებს, რაზეც ცალსახა პასუხი მივიღეთ: „მათი პროდუქტები და სერვისები ჩვენი აბონენტებისთვის ღირებულების მომტანი უნდა იყოს“. მისივე თქმით, კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სფერო მოიცვას. თავის მხრივ, კომპანია ბიზნესებს ონბორდინგის მაქსიმალურად გამარტივებულ პროცესს, სასიამოვნო თანამშრომლობასა და 1.3 მილიონი აბონენტისთვის საკუთარი პროდუქტისა თუ მომსახურების გაცნობას ჰპირდება.

„სელფი“ მოკლე დროში ნაჩვენები შედეგით კმაყოფილია და პლატფორმის განვითარების დადებით პერსპექტივასაც ხედავს. მარიამ კოპაძემ ამ კუთხით ქართული კომპანიის წარმატებასა და გეგმებზე საერთაშორისო აუდიტორიის წინაშეც ისაუბრა – ბარსელონაში გამართულ Mobile World Congress-ზე, სადაც Vodafone-ის V-Talk-სესიის ფარგლებში, ბრიტანული კომპანიის ციფრული მიმართულების დირექტორთან, ემრე ურგუნთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ერთობლივი პრეზენტაცია Vodafone Happy-ის ლოიალობის პროგრამის ქართულ ბაზარზე წარმატებულ იმპლემენტაციას მიეძღვნა. 

პარტნიორებმა ერთმანეთთან თანამშრომლობით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს ინდუსტრიაში, რომელშიც, მათი ხედვით, ფასებით კონკურენცია უკვე აღარ არის საკმარისი და მომხმარებელთან გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. 

„სესიის ფარგლებში Vodafone-თან პარტნიორობაზე, ლოიალობის პროგრამასა და იმ ტექნიკურ თუ ბიზნესის ღირებულებებზე ვისაუბრეთ, რაც ამ თანამშრომლობამ მოიტანა. განსაკუთრებით საამაყო იყო ქართული კომპანიის წარმატების ისტორიის გლობალურ არენაზე ჩვენება, რასაც დამსწრეთა დიდი ინტერესი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა“ – აცხადებს მარიამი. 

საუბრის ბოლოს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის პერსპექტივასაც შევეხეთ. „სელფის“ კომერციული დირექტორის თქმით, Vodafone-თან პარტნიორობა მხოლოდ ლოიალობის პლატფორმით არ შემოიფარგლება და მომავალში მომხმარებლებს კიდევ არაერთ საინტერესო და ინოვაციურ პროდუქტსა თუ მომსახურებას შესთავაზებენ.

S