ერთ წელზე მეტია, რაც კომპანია More Beauty ქართველ მომხმარებელს სანდო ევროპული ბრენდების თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. დაარსების დღიდან კომპანიის უმთავრესი მიზანი საქართველოში უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და სერვისის სტანდარტების დანერგვაა.
More Beauty-ს დამფუძნებელი მარიამ ვაზაგაშვილი ბიზნესის სწორად განვითარებაზე, პროდუქტთა შერჩევის პროცესსა და ფინანსურ საკითხებზე საუბრობს.
რა რისკებთან იყო დაკავშირებული თქვენთვის საქართველოში ასეთი ტიპის ბიზნესის წამოწყება და განვითარება?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ონლაინ მაღაზიების მიმართ მომხმარებელთა ნდობა საქართველოში სამართლიანად მწირი იყო.
ასევე, არაერთგვაროვანია ინოვაციებისადმი კლიენტთა დამოკიდებულება. საეჭვო იყო, მომხმარებელს უპირობოდ მიეღო ახალი მეთოდებითა და თანამედროვე მიდგომებით შექმნილი პროდუქტები და ყოველდღიურობაში გამოეყენებინა ისინი.
რამდენად მოგებიანი აღმოჩნდა ფინანსური თვალსაზრისით More Beauty-სთვის საქართველოს ბაზარზე გამოჩენა?
პროდუქციის ეფექტურობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ის არ გავა სარეალიზაციოდ, თუკი არ ჩატარდება სრული კვლევა და არ დადგინდება მისი რეალური შესაძლებლობები. ვარჩევთ მხოლოდ საუკეთესოს საუკეთესოთა შორის. ამასთანავე, თამამად ვიტყვი, რომ გვაქვს სწორი კომუნიკაცია თითოეულ მომხმარებელთან. დახვეწილი, გამართული სერვისი და განსხვავებული მიდგომა, რაც გულისხმობს პერსონალურ კონსულტაციას შეძენამდე, მომხმარებლების განებივრებას საჩუქრებით, გათამაშებებით, მხიარული აქტივობებითა და ღონისძიებებით. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს მომხმარებელთან. ცხადია, ამის გამო ჩვენ მიმართ სანდოობა იზრდება და, შესაბამისად, იზრდება შემოსავალიც.
ითვალისწინებდით თუ არა რისკებს, რომლებიც შეიძლებოდა ახალი სტანდარტებისა და პროდუქციის დანერგვას მოჰყოლოდა?
მოგეხსენებათ, ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში იწარმოება, სადაც ამ სფეროს უმაღლესი სტანდარტებია დანერგილი. ესენია: შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, სამხრეთი კორეა.
ცხადია, ვითვალისწინებთ თითოეულ სარისკო კომპონენტს. ძირითადად, ესაა კონკრეტული პროდუქტის არასწორი გამოყენება. სწორედ ამის გამო ჩვენი კონსულტანტები კარგად ეცნობიან მომხმარებლის მოთხოვნას და მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება, კონკრეტულად რა პროდუქტი იქნება მისთვის ყველაზე ეფექტური. პროდუქტთა ინსტრუქციები და დაწვრილებითი ანოტაციები განთავსებულია ჩვენს საიტზე. არც კი მახსენდება რაიმე უსიამოვნო შემთხვევა. უფრო პირიქითაა. შედეგი ძირითადად აჭარბებს მათ მოლოდინებს.
რა ეტაპები და კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს პროდუქტმა, რომ თქვენ ის მომხმარებელს შესთავაზოთ?
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ პროდუქცია მაღალი ხარისხისაა, შესაბამისად, სანდოა. ვირჩევთ რამდენიმე მსგავს პროდუქტსა და ბრენდს, ამის შემდეგ კვლევებითა და დატესტვით ვადგენთ მის რეალურ ეფექტიანობას – რამდენად შედეგიანია? რა დროში? და ა.შ. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვირჩევთ საუკეთესოს და მხოლოდ ამის შემდეგ ვთავაზობთ მას ქართველ მომხმარებლებს.
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც More Beauty-ს უკან დგანან? რამდენი ადამიანია კომპანიაში დასაქმებული?
More Beauty დავაფუძნეთ მე, მარიამ ვაზაგაშვილმა, და მამაჩემმა დავითმა.
კომპანიაში დასაქმებულია 10 ადამიანი. გვემსახურება სარეკლამო, საკურიერო, იურიდიული და საბუღალტრო-აუდიტორული კომპანიები.
მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი წარმატების მისაღწევად სწორი გუნდის, სწორი ადამიანების შერჩევაა, რომლებსაც საერთო ხედვა და მიზანი გააერთიანებთ. სამუშაო გარემო განსაკუთრებულია იქ, სადაც გუნდური სულისკვეთება, სიძლიერე და ერთმანეთისადმი პატივისცემა იგრძნობა.
კომპანიაში უამრავი ტრადიცია გვაქვს, რომლებიც ძალიან გვიხალისებს ყოველდღიურობას. ასე წარმოიქმნება გუნდისთვის ის აუცილებელი ელემენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებისთვის.
რამდენი ხანი დაგჭირდათ მოგებაზე გასასვლელად? თითქმის ყველა კომპანიას აქვს კრიზისული პერიოდი. როგორ იქცევით ასეთ დროს?
მოგებაზე კომპანია მე-3 თვიდან გავიდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება, ვითარდება და ფართოვდება.
რაც შეეხება კრიზისულ პერიოდებს, ყველაზე მასშტაბური ზუსტად დაარსებიდან მეოთხე თვეს მახსენდება, როცა ფეხი მოვიკიდეთ ქართულ ბაზარზე და გაჩნდა მოთხოვნა. მოულოდნელად გავიგეთ ახალი საბანკო რეგულაციების შესახებ, განვადებით შეძენის მსურველთათვის. სამწუხაროდ, ამან დააბნია პარტნიორი ბანკები, აირია სისტემა, იყო უამრავი ცრუ დაპირება, იყო უამრავი ხარვეზი მათი მხრიდან და შესაბამისად, ძალიან დიდი დარტყმა და ზიანი მივიღეთ. და ეს მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ ყველაზე რთული უკან ჩამოვიტოვეთ. ძალიან დიდი მონდომებითა და ძალისხმევით შევძელით ის, რომ კომპანიას ეს კრიზისული პერიოდი არც კი შეეტყო და ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც განვითარდა და მოლოდინსაც კი გადააჭარბა. გარდა ამისა, ახლა შიდა განვადებაზეც ვმუშაობთ.
კრიზისულია, ასევე, სოციალური ქსელების შიდა შეფერხებები, როდესაც ვერ ხდება ფართო აუდიტორიებზე გასვლა, ეს ყველაფერი ონლაინ მაღაზიას საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს. ამ შემთხვევებში ვიყენებთ სხვადასხვა სარეკლამო მეთოდს და დაუღალავი შრომის შედეგად კომპანია გეგმას ასრულებს.
ეროვნული ვალუტის დევალვაციაც უარყოფითად აისახება გაყიდვების პროცესზე. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასები შევინარჩუნოთ და არ გავზარდოთ არცთუ ისე სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
როდის მიხვდით, რომ თქვენი ბიზნესი სწორი მიმართულებით ვითარდებოდა?
ბიზნესი რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ამაში ყველანი ერთად ვრწმუნდებით მეოთხე თვიდან. საუკეთესო ინდიკატორი კმაყოფილი მომხმარებლების მზარდი რაოდენობაა. რა თქმა უნდა, არის მეტი პოტენციალი, რომელიც უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს, გაუმჯობესდეს ან დაემატოს სხვადასხა მეთოდი, მოვძებნოთ მისაღები ლოგისტიკური გზები პროდუქციის უცხოეთში გასატანად. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ძალიან დიდი ინტერესია და გვსურს, გავაფართოოთ ჩვენი ონლაინ მაღაზია.
ბიზნესში შეიძლება შეცდომა ბევრი იყოს, თუმცა გამოსწორება და განვითარება ბუნებრივი პროცესია, რომელიც უდიდეს შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს. წარმატებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. მთავარია, სიყვარულითა და ენთუზიაზმით აკეთებდე საქმეს და ბოლომდე გჯეროდეს შენი თავისა და იმ იდეის, რომელსაც ემსახურები. იდეა, რასაც ქართველ მომხმარებელს გამოჩენის დღიდან შევპირდით, იყო და არის საუკეთესო პროდუქტები და მომსახურების მაღალი სტანდარტი.და რაც მთავარია, მისაღები ფასები. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ დანაპირებს ვასრულებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მომხმარებელს და ვუთხრა, რომ კიდევ უფრო მეტ სასიამოვნო სიურპრიზს ვპირდებით მომავალში.