მოსამართლის თქმით, USAID-ის მიმართ DOGE-ის ქმედებები სავარაუდოდ კონსტიტუციის დარღვევაა

მოსამართლის თქმით, USAID-ის მიმართ DOGE-ის ქმედებები სავარაუდოდ კონსტიტუციის დარღვევაა

ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფუნქციონირების აღდგენა დაავალა, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. სასამართლომ დაადგინა, რომ ილონ მასკისა და მის ხელმძღვანელობაში არსებული მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ნაბიჯები, რომლებიც საგარეო დახმარების სააგენტოს დემონტაჟისთვის გადაიდგა, “სავარაუდოდ, შეერთებული შტატების კონსტიტუციას მრავალი გზით არღვევს”.

მერილენდის შტატის მოსამართლე თეოდორ ჩუანგმა, USAID-ის ყოფილი თანამშრომლებისა და კონტრაქტორების საჩივრის საპასუხოდ, ბრძანება სამშაბათს გამოსცა. მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ მასკის მიერ USAID-ის ხელში ჩაგდება – რომლის ფუნქციები ტრამპის ადმინისტრაციამ ძირითადად მთლიანად შეაჩერა – არაკონსტიტუციური იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ მასკს არ აქვს უფლებამოსილება, რომელიც ფედერალურ სააგენტოში შესაჭრელად არის საჭირო.

ჩუანგი დაეთანხმა, რომ მასკისა და DOGE-ის ქმედებები “სავარაუდოდ კონსტიტუციას არღვევდა” და ზიანს აყენებდა მოსარჩელეებს. შესაბამისად, მან ტრამპის ადმინისტრაციას სააგენტოს დემონტაჟისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმა აუკრძალა, სანამ სასამართლო პროცესი წინ წაიწევს.

ამასთან, მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მოსთხოვა USAID-ის თანამშრომლებისთვის ელ-ფოსტაზე და სხვა ელექტრონულ სისტემებზე წვდომა აღედგინა. გარდა ამისა, DOGE-ის წარმომადგენლებს USAID-ის თანამშრომლების შესახებ ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გასაჯაროება აუკრძალა.