ხუთშაბათს გამოქვეყნებული დამოუკიდებელი გამოძიების ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა, 2018 წლის Doing Business რეიტინგის შედგენისას, ჩინეთის პოზიციების გაუმჯობესებას ლობირებდა.
ანგარიში მსოფლიო ბანკის ეთიკის საბჭოს დაკვეთით იურიდიულმა ფირმა WilmerHale-მა მოამზადა. აღნიშნული ინფორმაცია კიდევ უფრო მეტად ზრდის ეჭვებს ჩინეთის მსოფლიო ბანკზე გავლენის შესახებ.
როგორც გამოძიება მიუთითებს, კრისტალინა გეორგიევა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ოფისის სხვა წევრები პირდაპირი და არაპირდაპირი გავლენით ცდილობდნენ, შეეცვალათ რეიტინგის შედგენის მეთოდოლოგია, რათა ჩინეთის პოზიციები გაუმჯობესებულიყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ გეორგიევა და მთავარი მრჩეველი სიმეონ ჯანკოვი ჩინეთის მონაცემების ქულებში სპეციფიკური ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული უკავშირდებოდა ჩინეთის მიერ მსოფლიო ბანკისათვის გაწეულ დიდი რაოდენობით ფულად დახმარებას.
შედეგად, 2017 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული Doing Business-ის 2018 წლის რეიტინგში, მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად, ჩინეთის პოზიცია 85-ე ადგილიდან, 78-მდე გაუმჯობესდა დოკუმენტის პირველად ვერსიასთან შედარებით.
სკანდალური ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ ის დროებით აჩერებს Doing Business რეიტინგის გამოქვეყნებას, რისი მიზეზიც შიდა აუდიტი და იურიდიული კომპანიის მიერ ჩატარებული გამოძიებაა, რომელმაც ეთიკის ნორმების დარღვევები გამოავლინა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეიტინგი მსოფლიო ბანკის წევრ სახელმწიფოებში ბიზნესის დაწყებისა და კეთების სიმარტივეს ზომავს. რეიტინგის შესადგენად მსოფლიო ბანკი მხედველობაში იღებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: ახალი ბიზნესის დაარსებისათვის საჭირო პროცედურების რაოდენობა, ხარჯები და დრო, ბიუროკრატიული პროცესების რაოდენობა, გადასახადები, გაკოტრების შემთხვევაში არსებული პროცედურები და სხვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ Doing Business 2020-ის რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კი შესაძლოა, ბიზნესგარემოზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.
ბრალდებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ის სრულად უარყოფს გამოძიებით აღმოჩენილ მიგნებებსა და მათ ინტერპრეტაციებს.