მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. მისი ვარაუდით, 2024 წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკის ზრდა, 2.4%-ის ნაცვლად, 2.6%-ს გაუტოლდება. ცნობისთვის, ამ მაჩვენებელმა 2023 წელს 2.6% შეადგინა, 2022 წელს – 3.0%, ხოლო 2021 წელს 6.2%.
მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება, ნაცვლად მანამდე ნავარაუდევი 4.8%-ისა. შედარებისთვის, გასული წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ 6.5% შეადგინა.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს – მსოფლიო ბანკის ვარაუდით, მიმდინარე წლის განმავლობაში თურქეთის ეკონომიკა 3.0%-ით (წინა პროგნოზი 3.1%) გაიზრდება, სომხეთის – 5.5%-ით (წინა პროგნოზი 4.7%), აზერბაიჯანის – 2.3%-ით (წინა პროგნოზი 2.4%), რუსეთის კი – 2.9%-ით (წინა პროგნოზი 1.3%).
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი წელს უკრაინის ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას ვარაუდობს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში მას პროგნოზი არ შეუცვლია.