მსოფლიო ბანკის კერძო ინვესტიციების განყოფილებამ უკრაინისთვის $2-მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტი ჩამოაყალიბა. პროგრამა უკრაინაში ომისგან დაზარალებული კერძო სექტორის დახმარებისა და რეკონსტრუქციის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.
„საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის“ (IFC) ინფორმაციით, უკრაინის ეკონომიკური მდგრადობის ახალი სამოქმედო პროგრამა $1 მილიარდს IFC-ის ანგარიშიდან, დამატებით დაფინანსებას კი დონორი სახელმწიფოებისგან უზრუნველყოფს. გასულ თვეში, ლონდონში უკრაინის საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა უკრაინაში ლისა კესტნერმა განაცხადა, რომ დაფინანსება სავარაუდოდ 18-24 თვეს გაგრძელდება.
უკრაინის ცენტრალური ბანკის შეფასებით, 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შედეგად ბიზნესის 11%-მა მუშაობა შეწყვიტა, ნახევარზე მეტი კი დაბალი წარმოებით განაგრძობს ოპერირებას. „უკრაინის კერძო სექტორმა ომის მიმართ უპრეცედენტო გამძლეობა გამოავლინა“, – განაცხადა „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის“ მმართველმა დირექტორმა მახტარ დიოპმა.
რუსეთის ომმა მნიშვნელოვნად დააზიანა უკრაინის ინფრასტრუქტურა, შეზღუდა წვდომა ბაზარზე და შეაფერხა კერძო სექტორის მუშაობა, რომელიც ომამდე მთლიანი შიდა პროდუქტის 70%-ს შეადგენდა. IFC-ის მონაცემებით, ომის შედეგად 5 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი განადგურდა.
IFC-ის პროგრამის პრიორიტეტი აგრობიზნესისა და ვაჭრობის სექტორის, მათ შორის საწვავის იმპორტის, მხარდაჭერა იქნება. ამასთან ერთად კორპორაცია ხელს შეუწყობს იმ კომპანიებსაც, რომელთაც ომის პირობებში ოპერაციების ადაპტაცია მოუხდათ, დაეხმარება მათ მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალი მარშრუტების პოვნასა და აგრობიზნესის კომპანიებისთვის ახალი შემსყიდველებისა და მიმწოდებლების გამოვლენაში.