მსოფლიო მოდისა და დიზაინის სკოლების პროფესორები თბილისში - სოფო ჭყონიას გრანდიოზული პროექტი

მსოფლიო მოდისა და დიზაინის სკოლების პროფესორები თბილისში - სოფო ჭყონიას გრანდიოზული პროექტი

„კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიაზე მშენებარე საგანმანათლებლო ცენტრი პირველ სტუდენტებს 2022 წლის შემოდგომიდან მიიღებს. როგორც Forbes Georgia-სთან ინტერვიუში პროექტის ავტორმა, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა სოფო ჭყონიამ აღნიშნა, იქმნება შემოქმედებითი ინდუსტრიების საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მსურველები ხელოვნებას და დიზაინს შეისწავლიან.

მისივე თქმით, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო სკოლასთან პარტნიორობის კუთხით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ცენტრში სხვადასხვა მიმართულებაზე საზღვარგარეთიდან მოწვეული პროფესორები სტუდენტებს მოდას, დიზაინს, ხელოვნებას, თეატრალურ კოსტიუმირებას შეასწავლიან.

მარანგონის, პარსონსის დიზაინის სკოლები, ასევე ნიუ-იორკის, პარიზის, მილანის, ფლორენციის დიზაინისა და ხელოვნების სკოლები, რომის აკადემია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, საიდანაც ჩამოსული ექსპერტები ცენტრში მიღებულ სტუდენტებთან იმუშავებენ.

სოფო ჭყონიას თქმით, იგეგმება უცხოელი პროფესორების მიერ ადგილობრივი ექსპერტების გადამზადებაც.

„ჩვენ მათთან მემორანდუმის საშუალებით ვითანამშრომლებთ. თავიდან ვიფიქრეთ, ერთი კონკრეტული საერთაშორისო სკოლა აგვერჩია, თუმცა  ყველას თავისი უპირატესობა აქვს და ერთი ძლიერი მხარე. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ყველასგან საუკეთესო იდეები შემოგვეტანა“, – აღნიშნა სოფო ჭყონიამ.

მისივე თქმით, შესაბამისი სასწავლო პროგრამების დაწერას ერთი წელი მაინც დასჭირდება. მოწვეული პროფესორებიპროგრამების დაწერაზეც იმუშავებენ  და  სასწავლო პროცესშიც იქნებიან ჩართული.

პროექტის ავტორის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი ტიპის სკოლა არ არსებობს, ამიტომაც თბილისის საგანმანათლებლო ცენტრი საერთაშორისო და რეგიონში წამყვანი იქნება მოდის, დიზაინისა და ხელოვნების მიმართულებით.

ცენტრი არა მარტო ადგილობრივ, არამედ უცხოელ სტუდენტებსაც მიიღებს.

„ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან ამ ცენტრში სწავლის ძალიან ბევრი მსურველი გვწერს. როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც გვეხმიანებიან, აინტერესებთ, როდის იხსნება. პროფესორები კი, ვისაც დავუკავშირდით, მზად არიან, დიდი სიხარულით და მონდომებით ჩაერთონ პროექტში“, – ამბობს სოფო ჭყონია.

ცნობისთვის, „კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიაზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე არამხოლოდ საგანმანათლებლო ცენტრი განთავსდება, აქვე იქნება სხვა სივრცეებიც. მაგალითად, კინოსტუდია, საკონცერტო დარბაზი, სატელევიზიო სივრცეები და ტექნოლოგიური ჰაბიც.

ჯამური ინვესტიციის მოცულობა უცნობია. როგორც სოფო ჭყონია ამბობს, იმდენად მასშტაბურ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ სოლიდური რაოდენობის ინვესტიცია იქნება საჭირო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *