ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)-ის განცხადებით, მსოფლიოს 130 ქვეყნის წარმომადგენელი მინიმალურ გლობალურ კორპორაციულ გადასახადზე შეთანხმდა. შეთანხმების თანახმად, მინიმალური გლობალური გადასახადი, სულ მცირე, 15%-ით უნდა განისაზღვროს. ორგანიზაციის პროგნოზით, ამ გეგმის წყალობით, გადასახადებიდან დამატებითი შემოსავალი წელიწადში 150 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მინიმალურ გლობალურ კორპორაციულ გადასახადზე აღიარებულია დიდი ოცეულის (G20) ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ. მათ შორისაა: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და საფრანგეთი. თუმცა გლობალური გადასახადის დაწესებას, მათ ქვეყანაში არსებული დაბალი კორპორაციული გადასახადის გამო, არ ემხრობა ირლანდია და უნგრეთი.
შეგახსენებთ, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში, წევრი სახელმწიფოების გიგანტი კორპორაციები ვალდებულები ხდებიან, გადაიხადონ მინიმალური გლობალური გადასახადი, მიუხედავად იმისა, თუ რა ტერიტორიის საზღვრებში ვრცელდება მათი საქმიანობის ზონა. მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადი, 15%-ის სახით, შეამცირებს ქვეყნებს შორის კონკურენციას, რომელიც, კომპანიების მოზიდვის მიზნით, გადასახადების მაქსიმალური შემცირების მცდელობით იქნება განპირობებული.
ამერიკის შეწერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის ჯანეტ იელენის განცხადებით, დღევანდელი დღე ისტორიულია ეკონომიკური დიპლომატიისთვის. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია კი იმედს გამოთქვამს, რომ თანამედროვეობაზე გათვლილი გადასახადების გეგმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის სრულად შესრულდება.