მსოფლიოს ყველაზე "ძვირადღირებული" განქორწინებები

მსოფლიოს ყველაზე "ძვირადღირებული" განქორწინებები

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი საკუთარ მეუღლეს განქორწინების შემდეგ Amazon-ის 4%-იან წილს დაუტოვებს, რაც დღეისთვის $35 მილიარდის ტოლფასია. შედეგად, ბეზოსის ყოფილი მეუღლე Forbes-ის ყველაზე მდიდარი ქალების სიაში მესამე ადგილს დაიკავებს. ამასთან, ბეზოსის განქორწინება მსოფლიოში ყველაზე “ძვირადღირებული” იქნება. აქამდე, მსგავსი მოცულობის თანხა არცერთ წყვილს მიუღია განქორწინების შემდეგ.

Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირი შემდეგი წყვილების დაშორება დაჯდა:

1. ჯეფ და მაკენზი ბეზოსები: მინიმუმ $35 მილიარდი

წყვილმა განქორწინების შესახებ ოფიციალურად წლის დასაწყისში განაცხადა, საბოლოოდ კი საქორწინო კონტრაქტი ზაფხულში შეწყდება. შედეგად, თუკი მაკენზი ბეზოსი მხოლოდ Amazon-ის 4%-ს მიიღებს, ის მაინც პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალების სიაში მესამე ადგილს დაიკავებს. რაც შეეხება ბეზოსის სხვა აქტივებს, არსებული ინფორმაციით, ის სრულად იტოვებს Blue Origin-ს და The Washington Post-ს. 

2. ბილ და სიუ გროსები: $1.3 მილიარდი

კომპანია Pimco-ს დამფუძნებელი და მისი მეუღლე ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ. შედეგად სიუ გროსს $1.3 მილიარდი დარჩა, საიდანაც $36 მილიონად Laguna Beach-ზე მდებარე სახლია შეფასებული, ამასთან მას დარჩა პიკასოს ტილოც, რომელიც მოგვიანებით $35 მილიონად გაყიდა. ბილ გროსი განქორწინების პერიოდში აქტიურად ცდილობდა, რომ მის მფლობელობაში დარჩენილიყო სამი კატა, რომელსაც წყვილი ფლობდა, თუმცა საბოლოოდ კატებიც სუ გროსს შეხვდა. ბილ გროსი კი Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 14 წლის წინანდელ პოზიციას დაუბრუნდა. 

3. სტივ და ელაინ ვაინები: $850 მილიონი

კაზინოების ქსელის Wynn Resorts-ის დამფუძნებლები 2010 წელს დაშორდნენ, თუმცა ეს მათი განქორწინების მეორე შემთხვევა იყო. ელაინი 2002 წლიდან კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, მან განქორწინების შედეგად 11 მილიონი აქცია მიიღო, საერთო ღირებულებით $795 მილიონი. იმავე წელს წყვილმა აქციების ნაწილი გაყიდა, რომლის ღირებულების ნაწილიც ელაინს ერგო. 

4. ჰაროლდ ჰამი და სიუ არნალი: $975 მილიონი

26 წლიანი თანაცხოვრების და სამწლიანი განქორწინების პროცესის შემდეგ, ნავთობის მაგნატმა ყოფილ მეუღლეს $974,790,317-ის ჩეკი გამოუწერა. თავდაპირველად სიუ არნალი აღნიშნულ გარიგებას არ დათანხმდა და Continental Resources-ის წილიც მოითხოვა, თუმცა 2015 წელს განქორწინების საქმე საბოლოოდ დაიხურა. 

5. როი და პატრისია დისნეები: $600 მილიონი

52 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 77 და 72 წლის წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა. როი ვოლტ დისნეის ძმისშვილია და იმ დროისთვის მისი ქონება $1.3 მილიარდს შეადგენდა. განქორწინების შედეგად, მან ქონების თითქმის ნახევარი დაკარგა და Forbes 400-ის სიაშიც ვეღარ მოხვდა.