მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიახაზები 2025 წლისთვის

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიახაზები 2025 წლისთვის

ავიახაზების უსაფრთხოებისა და სერვისების შემფასებელმა ვებგვერდმა, AirlineRatings.com-მა 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. პლატფორმა საზოგადოებას „25 ყველაზე უსაფრთხო სრული სერვისის ავიაკომპანიისა“ და „25 ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის“ ჩამონათვალს სთავაზობს.

რეიტინგების შესადგენად AirlineRatings.com-მა 385 ავიაკომპანია შეაფასა. აქედან „25 ყველაზე უსაფრთხო სრული სერვისის ავიაკომპანიის“ ჩამონათვალში პირველი ადგილი Air New Zealand-მა დაიკავა. ახალი ზელანდიის ეროვნული ავიაკომპანია 1940 წლის აპრილში დაფუძნდა. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, Air New Zealand-ი ფრენებს 20 შიდა მიმართულებასა და 28 საერთაშორისო მიმართულებაზე ახორციელებს, 18 ქვეყანაში.

რეიტინგის ავტორების განცხადებით, Air New Zealand-ს სულ მცირედით ჩამორჩა Qantas-ი, რომელმაც ჩამონათვალში, შესაბამისად, მეორე ადგილი დაიკავა. Qantas-ი 1920 წელს, ავსტრალიაში დაფუძნდა. ის ფრენებს 65 შიდა და 36 საერთაშორისო მიმართულებაზე ასრულებს.

მესამე ადგილს სამი ავიახაზები – Cathay Pacific-ი, Qatar Airways-ი და Emirates-ი იყოფს. Cathay Pacific-ი 1946 წელს ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ფრენებს 78 საერთაშორისო მიმართულებაზე 32 ქვეყანაში ასრულებს. კატარში 1993 წელს დაფუძნებული Qatar Airways-ი რეისებს ხუთი კონტინენტის 170 მიმართულებაზე ახორციელებს. რაც შეეხება Emirates-ს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 1985 წელს დაარსდა, ის ფრენებს 77 ქვეყნის 140 მიმართულებაზე ასრულებს.

ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიან ავიახაზებს შორის Hong Kong Express-ი ლიდერობს. 2004 წელს ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია, რომელიც Cathay Pacific-ის მფლობელობაში შედის, ფრენებს 27 მიმართულებით ასრულებს. მეორე ადგილზე ავსტრალიური Jetstar Group-ია, რომელიც 2003 წელს დაარსდა. ის რეისებს 18 ქვეყნის 58 მიმართულებით ახორციელებს. მესამე პოზიციას 1984 წელს, ირლანდიაში დაფუძნებული Ryanair-ი იკავებს, რომელიც 240-მდე მიმართულებით დაფრინავს.

წყარო: AirlineRatings.com

ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიახაზების დასადგენად შემდეგი ინდიკატორები გაითვალისწინეს: სერიოზული ინციდენტები ბოლო ორი წლის განმავლობაში; ფლოტის ასაკი; ფლოტის ზომა; ინციდენტების მაჩვენებელი; ფატალური შემთხვევები; მომგებიანობა; IOSA სერტიფიკატი და სხვა.