მსოფლიოს საუკეთესო ახალი გალერეები და მუზეუმები

მსოფლიოს საუკეთესო ახალი გალერეები და მუზეუმები

სინგაპური: გალერეა ART PLURAL

სინგაპურში გალერეა Art Plural-ი ხელოვნების სფეროში მოღვაწე შვეიცარიელმა დილერმა ფრედერიკ დე სენარკლენსმა ორი წლის წინ გახსნა. მისი მხრიდან ეს ძალზე თამამი ნაბიჯი იყო. ამ ელეგანტურ სივრცეში თავს იყრის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ფართო ასორტიმენტი. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ უკვე ცნობილ ისეთ თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრები, როგორებიც არიან: ინგლისელი მხატვარი იან დევენპორტი, ინდიელი Enfants Tirribles-ი, მხატვართა დუეტი Thuklar&Tagra. ამჟამად გალერეაში გამოფენილია განთქმული კორეელი მხატვრის ჩუნ კვან იონის აბსტრაქტული ნახატები, რომლებიც მთვარის პეიზაჟებს მოგვაგონებს. თუ Art Plural-მა ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა თანამედროვე ხელოვნებისადმი თქვენი ინტერესი, შეგიძლიათ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე გალერეა Substation-ს ეწვიოთ, სადაც უფრო თამამი ხელოვნების ნიმუშების ნახვა გარანტირებული გაქვთ. ამ გალერეაში თავმოყრილია ახლად წარმოჩენილ ხელოვანთა თამამი და დამაინტრიგებელი ნამუშევრები. – ადელინ ჩია

38 ArmenianStreet, Singapore

ბერლინი: MUSEUM BERGGRUEN

მიუხედავად იმისა, რომ MUSEUM BERGGRUEN-ი ბერლინის ეროვნული გალერეების ნაწილს წარმოადგენს და უახლეს მუზეუმთა სიას არ მიეკუთვნება, ორი წლის წინ Kuehn Malvezzi-ს არქიტექტორებმა ის განაახლეს და მუზეუმს სულ ახალი ელფერი შესძინეს. მუზეუმს მიაშენეს ახალი ფრთა, ხოლო ორ ისტორიულ შენობას ერთმანეთთან ახლა მოჭიქული გადასასვლელი აკავშირებს. მუზეუმის 800 კვადრატული მეტრის საგამოფენო სივრცეში, რომელიც 10 ოთახად არის დაყოფილი, ისეთ ხელოვანთა ნამუშევრებია გამოფენილი, როგორებიც არიან პაბლო პიკასო, მატისი, პოლ კლეე, ჟორჟ ბრაკი და ალბერტო ჯაკომეტი. მუზეუმს ასევე აქვს თანამედროვე დიზაინით შექმნილი ე.წ. „ქანდაკებების პარკი”. გაფართოების შედეგად მუზეუმს საშუალება მიეცა ისე განათავსოს თავისი 250 ექსპონატისაგან შემდგარი კოლექცია, რომ იგი კერძო გალერეას უფრო ჰგავდეს, ვიდრე სახელმწიფო მუზეუმს. – ალექსანდერ ფორბსი

Schloßstraße 1, Steglitz

შანხაი: SHANGHAI HIMALAYAS ART MUSEUM

ეს არის შანხაის ჰიმალაის ცენტრში განთავსებული ახალი მუზეუმი. 1.9 მილიონი კვადრატული ფუტის სიმაღლის მრავალფუნქციური არქიტექტურული კონსტრუქციის ავტორი გახლავთ არატა ისოზაკი. მდნარი ფორმის კონსტრუქციიდან აღმოცენებული ორი მასიური კოშკი გამოქვაბულის წარმონაქმნებს მოგაგონებთ. მუზეუმის გახსნამდე ივნისში ჰიმალაის ცენტრში გაიმართა ტონი გრეგის ქანდაკებების გამოფენა, რომლის ბრწყინვალე ნამუშევრებიც შთაგონებას ასევე ბუნებრივი პროცესებისაგან იღებს. გამოფენის მიმდინარეობისას მნახველებს გამოქვაბულის მსგავს ჭერზე პროექტორით გაშუქებული ვიდეოს ხილვაც შეეძლოთ. ჰიმალაის ხელოვნების მუზეუმის პირველ გამოფენას „გამჭრიახი ქარიზმა” უწოდეს და იქ წარმოდგენილი იყო ჩინური ტრადიციების ამსახველი თანამედროვე ნახატების ფართო სპექტრი. – სემ გასკინი

1188 Fangdian Lu, Pudong

სამხრეთი კორეა: HANSOL MUSEUM

არქიტექტორმა ანდო ტადაომ ვონჯუში (Wonju) ააშენა ჰანსოლის მუზეუმი, რომელიც ნაოშიმას ხელოვნების თავშესაფარს მოგაგონებთ. მუზეუმი მდებარეობს დაეგვალიონის (Daegwallyeong) ქედის მწვერვალებს შორის და განსაკუთრებით ხიბლავს მათ, ვინც შთაგონებას სეულის შემოქმედებითი ცენტრიდან მოშორებით ეძებს. იაპონურ სტილში აშენებული მუზეუმი სამხრეთ კორეის დედაქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი საათის სავალზე მდებარეობს. მუზეუმი პატივს მიაგებს სამხრეთ კორეის ტრადიციებს. აქ თქვენ ნახავთ Gyeongju-ს ისტორიული სამარხის მსგავს ქვის ბაღს და ჯეჯუს კუნძულის გაცოცხლებულ ლეგენდებს. ბეტონისა და ადგილობრივად მოპოვებული ქვისგან აშენებული კედლების შიგნით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ხელოვნების მოყვარულებს თანამედროვე ხელოვნების ადგილობრივი წარმომადგენლების ჩან უქჩინისა და პარკ სეობოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბის შემოქმედის ჯეიმს ტერელის ნამუშევრები ელით. უნდა აღინიშნოს, რომ მუზეუმის დამაარსებელმა ქაღალდის მწარმოებელმა კომპანიამ, Hansol Group- მა მუზეუმის მთავარი გალერეა დაუთმო „ჰანჯის” ქაღალდის ხელოვნებას, რაც ჭეშმარიტად ასახავს სამრეთკორეულ კლასიკურ ხელოვნებას. – ინეს მინი

1016 Wolsong-ri, Jijeong-myeon. Wonju, Gangwon-do Province

ლონდონი: THE DAIRY ART CENTRE

შარშან, აპრილში, ხელოვნების ნიმუშების ცნობილმა კოლექციონერებმა ფრენკ კოენმა და ნიკოლაი ფრამმა გახსნეს ახალი თანამედროვე ხელოვნების გალერეა ბლუმსბერიში. გალერეაში თავმოყრილია ხელოვნების ნიმუშები როგორც თავად კოენისა და ფრამის კოლექციებიდან, ასევე სხვა დაწესებულებებიდან ნასესხები ექსპონატები. აქ თქვენ ნახავთ ჩინური ხელოვნების ნიმუშების ფართო ასორტიმენტს. პირველი გამოფენა, რომელსაც ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა, გახლდათ შვეიცარიელი მხატვრის ჯონ არმლედერის სოლო შოუ. 12, 500 კვადრატულ ფუტზე გადაჭიმული სივრცე ადრე რძის პროდუქტების საწყობი იყო, რომლისგანაც არქიტექტორმა ჯენი ჯონსმა შექმნა ორი საგამოფენო დარბაზი, ორი ქანდაკებების „ბაღი”, სწავლებისა და დიზაინისათვის განკუთვნილი ოთახები, კაფე და მაღაზია. – სამანტა ცე

7a Wakefield Street, Bloomsbury

კობე: YOKOO TADANORI MUSEUM OF CONTEMPORARY ART

იოკოო ტადანორის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გასულ ნოემბერს გაიხსნა. მუზეუმი მდებარეობს იაპონიის ქალაქ კობეში, კერძოდ, ჰიოგოს პრეფექტურის ხელოვნების მუზეუმის შენობის მარცხენა განახლებულ ფრთაში. მუზეუმში დაახლოებით 3,000 ექსპონატია და მათი უმეტესობა იოკოომ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. მისი ნამუშევრები გამოხატავს გამაოგნებელ თვალთახედვას, მრავალფეროვნებასა და სტილის ექსპერიმენტულ გრძნობას, რომელიც შემოქმედს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში გასდევდა. 1960-იანი წლების გრაფიკა, პლაკატები და წიგნების დიზაინი გამოხატავს ომისშემდგომი ახლად აღმოცენებული იაპონიის სოციალურ მღელვარებას. 1981 წელს ზეთსა და აკვარელში შესრულებული ტადანორის ნახატები ავტორის შავი, სატირული იუმორით შეფერილ სიურრეალისტურ და კოშმარულ ფანტაზიებს წარმოაჩენენ. მუზეუმის მეოთხე სართულზე განლაგებულია არქივი (სადაც მნახველებს წინასწარი შეთანხმებით შუძლიათ შესვლა). აქ ინახება იოკოოს ნამუშევრების კატალოგები, ხელნაწერები, პირადი ნივთები, პირადი ბიბლიოთეკიდან შერჩეული წიგნები და ჩანაწერები. არქივი მნახველს სთავაზობს თავისი ქვეყნის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების თვალით დანახული ომისშემდგომი იაპონიის ძალზე ღირებული პორტრეტის დათვალიერებას. – დერილ ჯინგვენ ვიი

3-8-30 Harada-dori, Nada-ku, Kobe, Hyogo Prefecture

კლივლენდი: MUSEUM OF CONTEMPORARY ART

ქალაქის ცენტრალურ რაიონში ძვირფასი ქვის ფორმის ახალი შენობა, სადაც კლივლენდის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი განთავსდა, ძალზე თამამი განაცხადია. მუზეუმის შენობის დიზაინის ავტორი გახლავთ ირანული წარმოშობის ლონდონელი არქიტექტორი ფარშიდ მოუსავი (ეს გახლავთ მისი პირველი ნამუშევარი ამერიკაში და პირველი მუზეუმი, რომელიც მან დააპროექტა). შენობის შავი სარკისებრი ფოლადის პანელები გამოხატავს ეკონომიკური კრიზისის მძიმე შედეგებს, რომლებიც თავს დაატყდა ამ ქალაქს. მუზეუმის დამაარსებლები იმედოვნებენ, რომ ახალი შენობა, სადაც მუზეუმი 2012 წლის ოქტომბერში განთავსდა, განვითარებადი ხელოვნების უბნის ნაწილად იქცევა და ხელს შეუწყობს ქალაქის ურბანულ აღორძინებას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მუზეუმის აშენება $27.2 მილიონი დაჯდა და მას არა აქვს მუდმივი კოლექცია და შესაბამისად ექსპონატების შესანახი სივრცე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ძალზე სარისკო დაბანდება იყო. დაახლოებით 3,200 კვადრატულ მეტრზე გაშლილი საგამოფენო სივრცე ეთმობა ისეთი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, როგორებიც არიან კიტ გილმორი, ლუიზ ბურჟუა და ჯანეტ კარდიფი. მუზეუმი წელიწადში დაახლოებით რვა გამოფენას მასპინძლობს. მუქ ლურჯ ფერში გადაწყვეტილი ინტერიერის ყველაზე თვალში საცემი დეტალი არის თოვლივით თეთრი კიბე, რომელსაც მუზეუმის ზედა სართულებზე აჰყავს მნახველი. მუზეუმის მეოთხე სართულზე გადასატანი კედლებია დამონტაჟებული, რაც 560 კვადრატული მეტრის საგამოფენო სივრცის სხვადასხვა კონფიგურაციით მოწყობის საშუალებას იძლევა. მუზეუმი მასპინძლობდა გამოფენას სახელწოდებით “Realization is Better than Anticipation” (რეალიზაცია უკეთესია, ვიდრე მოლოდინი), რომელმაც მნახველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უკვე შემდგარი და ახალბედა შემოქმედთა ნამუშევრები. არტისტთა უმეტესობა წარმოშობით ოჰაიოდან, დეტროიტიდან და პიცბურგიდანაა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო აბსტრაქციონისტი მხატვრის ფრენკ ჰიუიტის ნამუშევრები. – ნიკოლა მაკკორმაკი

11400 Euclid Avenue

რიო-დე-ჟანეირო: MUSEU DE ARTE DO RIO

ბრაზილიელმა არქიტექტორებმა ბერნარდესმა და ჯაკობსენმა ქალაქის ცენტრში ორი ცალკე მდგომი შენობა გააერთიანეს და რიო-დე-ჟანეიროს ხელოვნების მუზეუმი და ხელოვნების სკოლა დააარსეს, რომლებიც მნახველთათვის ამა წლის დასაწყისში გაიხსნა. . ახალი სახურავი ნაზი ტალღასავით არის გადაფენილი 1916 წელს აშენებულ Dom João VI -ის სახლსა და მოდერნისტულ 1940-იან წლებში აშენებულ ყოფილი ავტოსადგურის შენობაზე. ტალღოვანი სახურავის ქვეშ განთავსებულია ბარი დ სხვადასხვა ღონისძიებისთვის განკუთვნილი სივრცე. ქვედა სართულებზე ორდონიანი რვა გალერეა არის მოთავსებული. რიო-დე-ჟანეიროს ხელოვნების მუზეუმში გამართული გამოფენები აერთიანებს მხატვრობას, სოციალურ საკითხებსა და ისტორიას. მაგალითად, წელს გამართული გამოფენა სახელწოდებით „კონსტრუქციული ნება ფადელის კოლექციაში” გამოხატავს კავშირს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვნების კოლექციასა და ბრაზილიის კულტურულ დებატებს შორის. – ტაისპონტესი

Praça Mauá, 5, Centro

მონრეალი: GALERIE ANTOINE ERTASKIRAN

მონრეალში დაბადებული და პარიზში გაზრდილი ანტუან ერტასკირანი მამის კვალს გაჰყვა და 2012 წელს თანამედროვე ხელოვნების ახალი გალერეა გახსნა. ხელოვანთა შესაშური და ეკლექტიკური ნაკრები, რომელიც წარმოდგენილია ამ გალერეაში, მას მონრეალის პატარა, მაგრამ თვალსაჩინო ხელოვნების ბაზრის ერთ-ერთ ძირითად ბირთვად აქცევს. ანტუანმა უკვე 11 გამოფენას უმასპინძლა და მონაწილეობა მიიღო პრესტიჟულ გამოფენა-გაყიდვებში, მათ შორის ნიუიორკში გამართულ VOLTA-ს გამოფენა-გაყიდვაში. მეზობლად მდებარე Fonderie Darling-ისა და Arsenal-ის გალერეებთან ერთად, ანტუან ერტასკირანის გალერეაც უერთდება გრიფინტაუნის კულტურული აღორძინების ტალღას. გრიფინტაუნი არის მონრეალის ყოფილი ინდუსტრიული უბანი, სადაც ამჟამად განთავსებულია ხელოვნების გალერეები და სტუდიები, საცხოვრებელი სახლები და ასევე ვითარდება ქალაქის ტექნოლოგიური სექტორი. ბოლო პერიოდში გალერეაში მაიკლ ა.რობინსონის შოუ გაიმართა – გალერეის საგამოფენო სივრცეში ციმციმებდა განათების, ნათურებისა და კამერების ერთობლიობით შექმნილი განსაცვიფრებელი სანახაობა. გალერეამ ასევე უმასპინძლა საიეჰ სარფარაზის საბავშვო სათამაშოებისაგან შექმნილ ფსიქოლოგიურად დატვირთულ გამოფენას. ყურადღებით ადევნეთ თვალი გალერეაში დაგეგმილ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა დომინიკ ბლეინის ცხელი პოლიტიკური კომენტარი და ჯაკინტე ქერიერის ლირიკული ფილმი. – ჯოსეფ ჰენრი

1892 Rue Payette, Griffintown

ჰონკონგი: SPRING

Spring-ი ჰონკონგის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და საინტერესო ხელოვნების კერაა. ეს არის მიმი ბრაუნის მიერ დაარსებული არაკომერციული ცენტრი. მიმი ბრაუნი ხელოვნების კოლექციონერი გახლავთ, რომელიც თავად ადგენს Spring-ის ცენტრში შემოქმედთა და მოწვეულ კურატორთა რეზინდენციის (დასახლების) პროგრამას. სიტყვა „რეზიდენცია” პირდაპირი მნიშვნელობით გულისხმობს იმას, რომ მიმი ბრაუნი შემოქმედებს სთავაზობს Spring-თან თანამშრომლობის პერიოდში ცენტრში ცხოვრებას. ცენტრი, რომელსაც 10,764 კვადრატული ფუტი უკავია, მოიცავს სამ საძინებელს, ორ სამზარეულოს, ფართო ღია ტერასებსა და მოსასვენებელ დარბაზს. საცხოვრებელი და საგამოფენო სივრცეების გაერთიანება შეუდარებელ ეფექტს ქმნის: ჭერზე დომინირებს დუგლას იანგის სათამაშო თოფებისაგან დამზადებული ინსტალაცია, კუთხეში ცანგ ცოუ ჩოის მოხატული ლამპა დგას, ხოლო აივანს ESKYIU-ს ე.წ. „ინდუსტრიული ტყე” ამშვენებს. გალერეა 2012 წლის აგვისტოში გაიხსნა და მას შემდეგ უმასპინძლა ორ კურატორს ბარსელონიდან – მაქს ენდრიუს და მარიანა კანეპე ლუნას, თანამედროვე ჩინელი შემოქმედის ქიუ ჟიჯიეს (Qiu Zhijie) სადებიუტო ინსტალაციას სახელწოდებით „სახელების

სამყარო” და სულ ახლახან ცენტრში გაიმართა მხატვრული მწერლობის სემინარი სახელწოდებით „გამოგონილი რეზიდენცია.” – ზოი ლი

42 Wong Chuk Hang Road, Aberdeen

ბანკოკი: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

მიუხედავად მისი მოუხერხებელი მდებარეობისა ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში, ბანკოკის თანამედროვე ხელოვნების ახალი მუზეუმი ემსახურება (ისე როგორც არც ერთი სხვა მუზეუმი) ტაილანდური ხელოვნების პროპაგანდასა და ხელშეწყობას. 2012 წლის დასაწყისში გახსნილ ამ თეთრი მარმარილოს მონოლითურ შენობაში გამოფენილია 400 ნახატი და ქანდაკება ტაილანდის ტელეკომუნიკაციების გიგანტის DTAC-ის დამფუძნებლის ბუნჩაი ბენჩარონგკულის (Boonchai Bencharongkul) პირადი კოლექციიდან. მუზეუმი მნახველს სთავაზობს თანამედროვე და აბსტრაქტული ხელოვნების უამრავ ნიმუშს, მაგრამ ამ უზარმაზარი მუზეუმის ძირითადი სივრცე უკავია ნეოტრადიციულ ბუდისტურ ხელოვნებას და ბენჩარონგკულის ყველაზე დიდ გატაცებას – ტაილანდური სიურრეალიზმის მიმდევარი ისეთი მხატვრების ნამუშევრებს, როგორებიც არიან, მაგალითად, ჩალერმჩაი კოსიტპიპატი (Chalermchai Kositpipat) და ტავან დუჩანე (Tawan Duchanee). – მაქს კროსბი-ჯონსი

მეხიკო: CC186

მეხიკოს კოლონია რომას უბანში, კერძოდ ჩიაპას ქუჩაზე მდებარე გალერეა CC186 (Cultura Colectiva) დამწყები ნიჭიერი შემოქმედებისათვის ფასდაუდებელ პლატფორმას წარმოადგენს. ძველი შენობის ქვედა სართულებს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები და ისინი საგამოფენო სივრცედ გადაკეთდა (Cultura Colectiva ეწევა ხელოვნების ხელშეწყობას და შენობის დანარჩენ ნაწილში აწყობს შემოქმედებით, კრეატიულ სემინარებს). ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში გალერეა CC186-ის მაღალი თეთრი ცემენტის სვეტებით მოწყობილმა საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა თანამედროვე, პერსპექტიულ შემოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებმაც წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება ხელოვნების ისეთ სფეროებში, როგორიც არის: ფოტოგრაფია, ფერწერა, არქიტექტურა, დიზაინი, მუსიკა და მულტიმედია. – ალინ სერდანი

Chiapas 186, Roma Norte

სიდნეი: გალერეა მაკლემოი

გალერეა განლაგებულია ჩიპენდეილის გარეუბანში, სადაც ადგილობრივი გალერისტები ცდილობენ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ ნიუ-იორკის ჩელსის უბანს. მაკლემოის გალერეა გამოირჩევა თავისი ლიდერობით და ძირითად აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ხელოვნების მოყვარულებს სთავაზობს ისეთ წამყვან საერთაშორისო შემოქმედთა ნამუშევრებს, როგორებიც არიან Friends With You, ლუის გისპერტი, დიეგო სინგჰი და ტაილერ შილდსი. გალერეის დირექტორი სარა ლეონარდი-მაკგრატი და კურატორი კრისტია მოიზესი ამერიკიდან ჩამოვიდნენ და თან ჩამოიტანეს დიდი ცოდნა და გამოცდილება – მათ ასევე ჩამოიტანეს გამოფენის გახსნისთვის სათანადო წვეულების გამართვის „რეცეპტი” (კარგი საკვებით მომსახურება, სასმელებით სავსე ბარი და სიდნეის ელიტა). გალერეა განთავსებულია ყოფილი ქარხნის მინიმალისტურ შენობაში, ის განასახიერებს ერთგვარ ურბანულ შიკს და ამავდროულად თავშეკავებულ დახვეწილობას. გალერეა მაკლემოიში ხელოვნებას კვლავ ცენტრალური ადგილი უკავია. – ნიკოლას ფორესტი

45 Chippen Street, Chippendale

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *