მსოფლიოს უდიდესი ბანკების რეიტინგი - Forbes Global 2000

მსოფლიოს უდიდესი ბანკების რეიტინგი - Forbes Global 2000

ბოლოდროინდელი ფინანსური ტურბულენტობის მიუხედავად, Forbes-ის მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგში ამერიკული და ჩინური ბანკები კვლავაც დომინირებენ – მსოფლიოს ათი უდიდესი კომპანიის თითქმის ნახევარს სწორედ ამერიკული და ჩინური ბანკები შეადგენენ. 2021 წელი, საერთო ჯამში, გლობალური საბანკო სექტორისთვის წარმატებული აღმოჩნდა – კომპანიებმა მყარი შემოსავლები დააფიქსირეს და დიდი მოცულობის დეპოზიტების მოზიდვა მოახერხეს, რაც თავისთავად, მსოფლიოს მთავრობების მიერ ეკონომიკის სტიმულირებისაკენ მიმართული გაზრდილი დანახარჯებით აიხსნება.

წლევანდელი წელი კი ბანკებისთვის გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა – უკრაინაში მიმდინარე ომისა და მზარდი გლობალური ინფლაციის პირობებში, მსოფლიოს საფინანსო ინსტიტუტები მოსალოდნელ რეცესიასა და ბაზრების პოტენციურ კოლაფსზე ალაპარაკდნენ.

ახალ ფინანსურ პრობლემებთან გასამკლავებლად და მაკროეკონომიკური პარამეტრების გასაკონტროლებლად, მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული ბანკები საკუთარ მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ – ასეა აშშ-ის შემთხვევაშიც, სადაც ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი 0.75-1%-იან შუალედში მერყეობს. თუმცა ეს ყველაფერი როდია, რადგან მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში კიდევ რამდენიმეჯერ აიწევს. მოსალოდნელია, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით მსხვილი სასესხო პორტფელის მქონე ბანკები იხეირებენ, მათ შორის Bank of America და Wells Fargo, მაგრამ იმ ბანკებს, რომელთა ბიზნესის დიდი წილი ვაჭრობიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის, სავარაუდოდ, ზიანი მიადგებათ.

გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მკაცრი ლოქდაუნისა და უძრავი ქონების სექტორში მიმდინარე კრიზისის მიუხედავად, ზრდა ჩინურმა ბანკებმაც განაგრძეს, რაც ჩინეთის ეკონომიკის ზრდაზე აისახა. 2022 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკამ ზრდის პროგნოზს გადააჭარბა – წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ქვეყნის მშპ 4.8%-ით გაიზარდა.

მსოფლიოს უდიდესი ბანკების წლევანდელი რეიტინგის სათავეში კვლავ ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციული ბანკი მოხვდა, $5.5-ტრილიონიანი აქტივებით. საინტერესოა, რომ მსოფლიოს უდიდესი ბანკების ხუთეულში კიდევ სამი ჩინური ბანკი მოხვდა: ჩინეთის სამშენებლო ბანკი – $4.7 ტრილიონი, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი – $4.6 ტრილიონი და ჩინეთის ბანკი – $4.2 ტრილიონი.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს ბანკს, JPMorgan Chase-ს ის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში ორი ადგილით ჩამოქვეითდა და მე-4 ადგილს დასჯერდა. კიდევ ერთი ამერიკული ბანკი, Bank of America $3.2 ტრილიონის მოცულობის აქტივებით რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს, ხოლო Citigroup-ი, რომლის აქტივების ჯამური მოცულობა $2.4 ტრილიონს შეადგენს – 27-ე ადგილს დასჯერდა. სხვა ამერიკული ბანკებიდან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში Wells Fargo (მე-18 ადგილი – $1.9 ტრილიონი, Goldman Sachs-ი (37-ე ადგილი – $1.6 ტრილიონი) და Morgan Stanley (36-ე ადგილი – $1.2 ტრილიონი) მოხვდნენ.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბანკებიდან მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების რეიტინგში $3-ტრილიონიანი აქტივებით ფრანგული BNP Paribas-ი ლიდერობს – ფრანგული ბანკი სიდიდით მსოფლიოს მე-40 კომპანიაა. გლობალურ სიაში ასევე მოხვდნენ გაერთიანებული სამეფოს HSBC (38-ე ადგილი – $2.9 ტრილიონი), კანადური RBC (47-ე ადგილი – $1.4 ტრილიონი) და Toronto Dominion Bank-ი (53-ე ადგილი – $1.4 ტრილიონი). რაც შეეხება იაპონიის უდიდეს ბანკს, $3.1 ტრილიონის აქტივების მქონე Mitsubishi Financial Group-ს, ის გლობალური სიის 59-3 ადგილს დასჯერდა.

საერთო ჯამში, Forbes-ის 2022 წლის მსოფლიოს წამყვანი ორი ათასი კომპანიის რეიტინგში 292 ბანკი მოხვდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3-ით აღემატება. მსოფლიოს უდიდესი ბანკების რეიტინგის პირველ ათეულს Forbes Georgia უცვლელად წარმოგიდგენთ.

Industrial and Commercial Bank of China

ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: მე-2
ქვეყანა: ჩინეთი
აქტივები: $5.5 ტრილიონი

JPMorgan Chase

ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: მე-4
ქვეყანა: აშშ
აქტივები: $4 ტრილიონი

China Construction Bank

ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: მე-5
ქვეყანა: ჩინეთი
აქტივები: $4.7 ტრილიონი

Agricultural Bank of China

ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: მე-8
ქვეყანა: ჩინეთი
აქტივები: $4.6 ტრილიონი

Bank of America

ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: მე-9
ქვეყანა: აშშ
აქტივები: $3.2 ტრილიონი

Bank of China

ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: მე-13
ქვეყანა: ჩინეთი
აქტივები: $4.2 ტრილიონი

Wells Fargo

ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: მე-18
ქვეყანა: აშშ
აქტივები: $1.9 ტრილიონი 

China Merchants Bank

ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 24-ე
ქვეყანა: ჩინეთი
აქტივები: $1.4 ტრილიონი

Citigroup

ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 27-ე
ქვეყანა: აშშ
აქტივები: $2.4 ტრილიონი

Postal Savings Bank of China

ადგილი Global 2000-ის რეიტინგში: 30-ე
ქვეყანა: ჩინეთი
აქტივები: $2 ტრილიონი