მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი თავის ძმასთან ერთად კოსმოსში გაფრენას აპირებს. როგორც BBC წერს, ის თავისივე კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის მიერ ორგანიზებულ ფრენაში მიიღებს მონაწილეობას. კოსმოსური ხომალდების კომპანია 20 ივლისს პირველ მისიას განახორციელებს და ადამიანებს კოსმოსში გაიყვანს.
როგორც „ინსტაგრამზე“ ბეზოსმა დაწერა, კოსმოსში გაფრენა არის ის, რაც მას მთელი ცხოვრება სურდა.
„20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად დავიწყებ ამ მოგზაურობას… შესანიშნავი მოგზაურობა ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად…“, – წერს ჯეფ ბეზოსი. ჯეფ ბეზოსის ძმამ, მარკმა კი აღნიშნა, რომ ეს არის „საოცარი შესაძლებლობა“.
Blue Origin-ის მიერ საინაუგურაციო ფრენაში მონაწილეობა კიდევ ერთ ადამიანს შეუძლია. კაფსულაში ერთ ადგილზე უკვე გამოცხადდა „ვაკანსია“.
ცნობისთვის, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, Forbes-ის მიხედვით, მილიარდერთა რეიტინგში პირველ ადგილზეა. ის $186.2 მილიარდის ოდენობის ქონებას ფლობს.