2009 წელს ამერიკულმა კომპანია Beyond Meat-მა მიზნად დაისახა მცენარეული ინგრედიენტებისგან შეექმნა ხელოვნური ხორცი, რომელიც რეალურს ჩაანაცვლებდა.
დაფუძნებიდან ათ წელში კომპანიამ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და აშშ-ის ბაზარზე Beyond Meat-ის მიერ შექმნილმა პროდუქციამ საკმაო პოპულარობაც მოიპოვა, ამავე წელს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 12 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
სოიას, ბრინჯის, მარილისა და ათამდე ქიმიური ინგრედიენტისა და ემულგატორის შერევის შედეგად, მეცნიერება შეძლეს ხელოვნური ხორცის შექმნა, რომელიც არომატითა და გემოთი მაქსიმალურად იყო მიმსგავსებული რეალური საქონლის, ღორის, ქათმისა თუ ინდაურის ხორცს.
2019-21 წლებში პროდუქტი განსაკუთრებით პოპულარული ვეგანურ რესტორნების ქსელებში გახდა. მცენარეული ხორცისგან მომზადებული ბურგერი კი მალევე იქცა ეროვნულ ჰიტად.
Beyond Meat-ის აღმასვლის ფონზე, ბაზარზე სხვა მოთამაშეებიც გამოჩნდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი Impossible Foods იყო, რომლის „შეუძლებელმა ბურგერმა“ ხელოვნური ხორცი ნიშურიდან საყოველთაო პროდუქტად აქცია.
ზოგადად, ხელოვნური ხორცის შექმნაზე მეცნიერები აწ უკვე ათწლეულებია მუშაობენ, მათი მიზანი გარემოს დაბინძურების შემცირება და მდგრადი საკვები პროდუქციის შექმნაა, რომლის მასობრივი წარმოება გაცილებით უფრო მარტივი და იაფი იქნება, ვიდრე რეალური ხორცის.
საქმე ისაა, რომ ვერც Beyond Meat-მა და ვერც Impossible Foods-მა რეალურთან შედარებით უფრო იაფი პროდუქტის შექმნა ვერ შეძლეს. ის 50-მდე ინგრედიენტი, რომელიც ხელოვნური ხორცის წარმოებაში გამოიყენება, ქიმიურ გადამუშავებას საჭიროებს, რაც საბოლოო პროდუქტის წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.
გარდა ამისა გასათვალისწინებელია, რომ ხელოვნური ხორცი გემოთა და არომატით მხოლოდ ჰგავს რეალურ ხორცს, მომხმარებელთა უმრავლესობა კი ორივე პარამეტრში უპირატესობას ისევ ცხოველური წარმოშობის საკვებ პროდუქტს ანიჭებს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ წარმოების კომპლექსური ქიმიური პროცედურის გამო, საკვები პროდუქტების მარეგულირებელი ორგანოები და ჯანდაცვის ორგანიზაციები ხელოვნურ ხორცს რეკომენდაციას არ უწევენ.
სწორედ ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, ამჟამად ხელოვნური ხორცის წარმოების ინდუსტრია დაღმასვლის ტრაექტორიისაკენაა მიმართული. მცენარეული ხორცის მწარმოებელი ბრენდები სულ უფრო მეტად კარგავენ ბაზრის წილს, ინოვაციური ხორცის მიმართ სკეპტიკურად გაწყობილი მოსახლეობის რაოდენობა კი საგრძნობლად იზრდება.
ამ ყველაფერს კი ყველაზე კარგად თავად ბაზრის ლიდერის ფინანსური შედგები ცხადყოფს – Beyond Meat-ი $100-მილიონიან ზარალზეა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 93%-ითაა შემცირებული. ექსპერტების შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ მალე კომპანიამ გაკოტრებაც გამოაცხადოს. როგორც ჩანს, ლაბორატორიაში შექმნილი ხორცი რეალურ ცხოვრებაში გამოცდისთვის ჯერაც არ არის მზად.