NASA კომპანია Lunar Outpost-ს $1 გადაუხდის მთვარეზე ქვიშის შეგროვებისთვის. კოლორადოში დაფუძნებული კომპანია სიმბოლურ ფასად შეეცდება NASA-სთვის მთვარის მტვერის, იგივე რეგოლითის შეგროვებას. საუბარია 50-დან 500 გრამამდე მტვერზე.
Lunar Outpost-ი, რომელიც რობოტიკაზე მუშაობს, მთვარეზე სამხრეთ პოლუსიდან აიღებს ნიმუშებს. “ამ მისიის განხორციელება იგეგმება 2023 წელს, თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე სხვადასხვა კოსმოსურ სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელმაც შესაძლოა გამგზავრების შესაძლებლობა უფრო ადრე მოგვცეს“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯასტინ საირუსმა.
ამიტომაც Lunar Outpost-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსებულ კომპანია Blue Origin-თანაც, რომელიც ასევე გეგმავს მთვარეზე გამგზავრებას. შესაბამისად Lunar Outpost-ის მისიის წევრებიც, მათთან ერთად იმგზავრებენ.
ცნობისთვის, NASA-მ ამ მისიისთვის Lunar Outpost-ის გარდა, კიდევ ორი კომპანია შეარჩია. ესენია ამერიკული Masten Space Systems-ი და იაპონური ispace-ი.
“კომპანიები შეაგროვებენ ნიმუშებს მთვარიდან და შემდეგ ჩვენ მოგვაწვდიან ვიზუალურ სამხილად“, – განაცხადეს NASA-ში.
როგორც კოსმოსური საკითხების ექსპერტმა განაცხადა, აქ ინოვაცია იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ამით ფინანსური სარგებელი მიიღონ შერჩეულმა კომპანიებმა, არამედ იმაში, რომ გაჩნდეს პრეცედენტები და შეიქმნას ბაზარი მყიდველებისა და გამყიდველების დედამიწის მიღმაც.