რამდენიმე დღის წინ რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრები, თანაპარტიელები და დასავლური სახელმწიფოების ლიდერები რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაში ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ. კრემლი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი სიკვდილის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნის სხვა პატიმარში გაცვლის იდეა აქტუალური იყო. რუსი ოპოზიციონერის თანაპარტიელის, მარია პევჩიხის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის გაცვლა ვადიმ კრასიკოვში სურდათ. ცნობისთვის, ვადიმ კრასიკოვი გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, წარმოშობით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით სასჯელს იხდის. ხანგოშვილი ვადიმ კრასიკოვმა ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლა.
ვადიმ კრასიკოვი რუსეთის სამხედრო დაზვერვისა (GRU) და უსაფრთხოების სამსახურის (FSB) თანამშრომელია, რომლის გერმანული ციხიდან დახსნაც რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა. მისი გაცვლა თავდაპირველად რუსეთში მარიხუანას ფლობის ბრალდებით დაკავებულ კალათბურთელში, აშშ-ის WNBA-ის წევრ ბრტინი გრაინერში იგეგმებოდა. რამდენიმე კვირის წინ კი მისი პოტენციურად გაცვლის საკითხი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩთან მიმართებითაც გავრცელდა. როგორც ჩანს, ჩაშლილი მცდელობების შემდეგ მისი გაცვლა ალექსეი ნავალნიში იგეგმებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, წარმოებდა თუ არა მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით დასავლეთის შესაბამის უწყებებთან და რა პოზიცია ჰქონდათ დასავლური სახელმწიფოების ლიდერებს რუსეთის შეთავაზებასთან დაკავშირებით.