ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასთან“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ პარასკევ დილის მიმართვაში ისაუბრა. პრემიერის ოფისის ინფორმაციით, უსაფრთხოების კაბინეტი ისრაელის დროით 10:15 საათზე შეიკრიბება და შეთანხმებას დაამტკიცებს.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც სამ ფაზად განხორციელდება, მხარს აშშ-ის მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი უჭერენ. შეთანხმება ხუთშაბათს ჩავარდნის რისკის ქვეშ დადგა, მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუმ „ჰამასი“ ზავის გარკვეული პირობების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. ისრაელის პრემიერმა მაშინ განაცხადა, რომ მისი კაბინეტი არ შეიკრიბებოდა მანამ, სანამ დაჯგუფება, რომელიც აშშ-ისა და სხვების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, შეთანხმების გათვალისწინებულ ყველა პირობას არ დათანხმდებოდა.
ბაიდენისა და ტრამპის გარდა, ისრაელ-ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი შუამავალი კატარი იყო. ზავის პირობების თანახმად, პირველ 6-კვირიან ფაზაში, „ჰამასი“ ღაზაში მყოფი დაახლოებით 98 მძევლიდან 33-ს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ, ისრაელი პალესტინის დასახლებული რაიონებიდან ჯარებს გამოიყვანს და და 1,000-მდე პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის სტაბილიზებას შეუწყობს ხელს, ხოლო ისრაელს არაბულ სახელმწიფოებთან, მათ შორის საუდის არაბეთთან, დიპლომატიური კავშირების გაფართოებაში დაეხმარება. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება სავარაუდოდ კვირის შემდეგ ამოქმედდება.