New York Yankees-მა და ლებრონ ჯეიმსმა „მილანის“ მინორიტარული წილი შეიძინეს

New York Yankees-მა და ლებრონ ჯეიმსმა „მილანის“ მინორიტარული წილი შეიძინეს

ბეისბოლის პროფესიონალურმა ამერიკულმა გუნდმა, New York Yankees-მა და ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი საფეხბურთო კლუბის, AC Milan-ის აქციათა მინორიტარული პაკეტი შეიძინეს, – ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.

როგორც ირკვევა, გარიგებაში ლებრონ ჯეიმსი საკუთარი ფინანსური კომპანიის, Main Street Advisors-ის მეშვეობით მონაწილეობს, ხოლო New York Yankees-ი საფეხბურთო კლუბის წილს საკუთარი საინვესტიციო კომპანიის, Yankees Global Enterprises-ის მეშვეობით ყიდულობს. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე გარიგებაში მას მერე შევიდა, რაც „მილანის“ სრულად შეძენა კერძო კაპიტალის კომპანიამ, RedBird Capital Partners-მა $1.2 მილიარდად გადაწყვიტა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გარიგება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა გლობალური სპორტის ინდუსტრიაში. შეგახსენებთ, რომ $6 მილიარდად შეფასებული New York Yankees-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბეისბოლის გუნდია, ხოლო $1.2 მილიარდად შეფასებული AC Milan-ი ამგვარ საფეხბურთო რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს. ლებრონ ჯეიმსი კი, რიგით მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტია, წელიწადში $121.2 მილიონის მოცულობის შემოსავლით – თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე წლის ივნისში, ამერიკულმა Forbes-მა ის მილიარდერთა სიაშიც შეიყვანა.

ისე კი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა RedBird Capital-ი ლებრონ ჯეიმსთან და სხვა სპორტულ გუნდებთან თანამშრომლობს – ის ლებრონ ჯეიმსის ერთ-ერთი კომპანიის, SpringHill-ისა და მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის, Fenway Sports Group-ის წილებს ფლობს. ეს უკანასკნელი წილებს ფლობს ბეისბოლის გუნდ Boston Rex Sox-ში, საფეხბურთო კლუბ Liverpool-სა და ამერიკული ფეხბურთის გუნდში, Pittsburgh Penguins-ში.

გარიგებაში მონაწილე კიდევ ერთ მხარეს, Yankees Global Enterprises-ს ამერიკული Forbes-ი $6.81 მილიარდად აფასებს, რითაც ის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიების სიაში მე-6 ადგილს იკავებს. ამასთანავე, აღნიშნული კომპანია სპორტული სამაუწყებლო არხის, YES Network-ისა და ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში მოასპარეზე კლუბის, New York City FC-ის წილებსაც ფლობს.