კაშკაშა იდეები

კაშკაშა იდეები

უკეთესმა მენეჯმენტმა და ახალმა ციფრულმა პროდუქტებმა ახალი ენერგია შემატა Acuity Brands-ს – სანათი მოწყობილობების ერთ დროს მიძინებულ მწარმოებელს.

სან-დიეგოს ბრდღვიალა საკონფერენციო ცენტრში, Acuity Brands-ის აღმასრულებლებმა თავიანთი გამოსვლის ნახევარი უკვე უკან მოიტოვეს, გამოსვლა კი მათი კომპანიის მომავალს ეხებოდა – ოდესღაც ანალოგიურ წარსულში გაჭედილი სანათი მოწყობილობების მწარმოებლის მომავალს. აუდიტორიის ყურადღება ვიდეოეკრანისკენაა მიმართული, რომელიც შენობის რუკაზე ათობით პაწაწინა, მოცეკვავე წითელ წერტილს აჩვენებს. ყოველი ეს წერტილი შეკრებილი საზოგადოების მობილურ ტელეფონს ასახავს. როგორ? Acuity-ს სანათი მოწყობილობები Bluetooth-სენსორისა და სხვა ელექტროსქემებისგან შედგება, რომელთაც ტელეფონის ადგილმდებარეობის მიგნება შეუძლიათ.  

ცოტა შემაშინებლად კი ჟღერს, მაგრამ, Acuity-ს გაყიდვების წარმომადგენლის მტკიცებით, ეს მნიშვნელოვანი კომერციული შესაძლებლობაა. მაღაზიას, სადაც Acuity-ს მოწყობილობები იყიდება, შეეძლება, მომხმარებლებს ტელეფონებზე ფასდაკლებები გაუგზავნოს (და ამ მოწყობილობებს გამოიყენებს, რათა გაიგოს, ვინ როდის შეაღებს კარს). ასევე შეეძლება, მაღაზიის თანამშრომლები გააფრთხილოს უმოქმედო მომხმარებლის შესახებ, რომელსაც პროდუქტის მოსაძებნად დახმარება სჭირდება.

ეს „დიდი ძმის“ ტექნოლოგია Acuity-ს უახლესი კაშკაშა იდეაა, თავად Acuity კი სრულად გარდაიქმნა მას მერე, რაც 15 წლის წინ ძველმოდურ კონგლომერატს გამოეყო. „ეს ორგანიზაცია მაშინ გარდავქმენით, როცა მანქანა 40 მილი/საათში სიჩქარით მოძრაობდა. ახლა საათში 70 მილს გავდივართ და 100-მდე უნდა ავიდეთ“, – ამბობს Acuity-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვერნონ ნეიგელი. მისი წარსული გამოცდილება კერძო სააქციო კაპიტალს უკავშირდება და Acuity-საც ამ ინდუსტრიის „წონის სწრაფად დაკლების“ მენტალობა მოარგო, რითაც ფირმა უფრო ნაკლებხარჯიანი და უფრო მოგებიანი გახადა. პროდუქტის ხაზი გააფართოვა – სანათი საშუალებების გარდა, სენსორები და დისტანციური მართვის საშუალებები დაამატა – და Acuity-ს ისეთ ახალ ციფრულ სამყაროში უმკვიდრებს ადგილს, რომელშიც – მაგალითად, სან-დიეგოში წარმოდგენილი – ჭკვიანი მოწყობილობები გვხვდება. ნეიგელი იმის დასტურია, რომ ბიზნესს, ფული რომ იშოვოს, ხანდახან გამოცდილი მმართველი სჭირდება და არა მაინცდამაინც კრეატიული გენიოსი.

კონგლომერატისგან გამოყოფის შემდეგ, Acuity-ს აქციების ფასი 1,700%-მდე გაიზარდა (რომ შევადაროთ, S&P 500-ში 86%-იანი ზრდა დაფიქსირდა), რამაც მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $11 მილიარდს გადააცილა. შესაძლოა, არაფერს გეუბნებოდეთ Acuity-ს ისეთი ბრენდები, როგორიცაა Winona და Holophane-ი, მაგრამ დიდი შანსია, Home Depot-ში კომპანიის რომელიმე მოწყობილობა თქვენც გიყიდიათ; ასევე დიდია ალბათობა იმისა, რომ Acuity-ს კომერციული სანათი საშუალება სამუშაო მაგიდის თავზე გეკიდოთ. ხუთ წელიწადში კომპანიის გაყიდვები 69%-ით, $2.7 მილიარდამდე, ავარდა, მოგება კი ლამის გასამმაგდა და $222 მილიონი შეადგინა. „ვერნმა საუკეთესო ლიდერული თვისებები გამოავლინა. ასეთი მე არც ერთ კომპანიაში არ მინახავს, რომელთანაც კი საქმე მქონია“, – ამბობს ბოსტონში დაფუძნებული ანალიტიკოსი, ჯონათან დორშეიმერი, რომელიც საინვესტიციო ბანკ Canaccord Genuity-სთვის მუშაობს. 

მიჩიგანის უნივერსიტეტში ბუღალტერიის ფაკულტეტდამთავრებულმა, 58 წლის ნეიგელმა კარიერის პირველი პერიოდი დიდწილად კერძო სააქციო ინვესტორთან, რობერტ ს. ჯეპსონ უმცროსთან მუშაობაში – გაღატაკებულ პორტფოლიოთა მქონე კომპანიების ფეხზე წამოდგომაში – გაატარა. „ვერნონს გიგანტური გონება აქვს, – ამბობს ჯეპსონი. – მან არა მხოლოდ ის იცის, თუ რას უნდა, რომ მიაღწიოს, არამედ ისიც, რომ მიაღწევს“. 2001 წელს ნეიგელი Acuity-ს ფინანსური დირექტორი გახდა. ეს მაშინ მოხდა, როცა კომპანია National Service Industries-ს (NSI) გამოეყო. NSI აზბესტოსთან დაკავშირებული მეტად სახიფათო პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდა (11 წლის შემდეგ გაკოტრდა კიდეც) და უნდოდა, თავისი გაუსვრელი აქტივები როგორმე გადაერჩინა.

აი, ასე დაიბადა Acuity. რამდენიმე წელიწადი მას ჯეიმს ბალუნი ედგა სათავეში, მანამ 2004 წელს ამ უკანასკნელმა ნეიგელს არ გადააბარა აღმასრულებელი დირექტორის როლი. „ყველას ვუთხარი, [კომპანია] უკეთესი უნდა გახდეს-მეთქი… უფრო ეფექტიანი… სანამ დიდი გახდება-მეთქი“, – ამბობს ნეიგელი. მეტად მოწადინებული გახლდათ, Toyota-სებრი მჭლე მწარმოებლურობა დაენერგა, ამიტომ, კონვეიერი ცალკეული პროდუქტების მწარმოებელ დანაყოფებს მიუერთა, სადაც მუშები ცალკეული ნაწილების აწყობის ნაცვლად, ერთიანი პროდუქტის აწყობაზე მუშაობდნენ, და ეფექტიანობის აღრიცხვასაც შეუდგა: დაითვალა ნაბიჯების რაოდენობა, რასაც ახლა მისი მუშები ზოგავდნენ. თანამშრომელთა რიცხვი 15%-ით, 6,800-მდე, შეამცირა და 2007 წლის პირველად საჯარო შემოთავაზებაში უარი თქვა ქიმიკატების მწარმოებელ $570-მილიონიან (გაყიდვებით) ბიზნესზე.

„დიდ“ კომპანიად ქცევა Acuity-ს კატალოგის გაფართოებას ნიშნავდა. კომპანიას დღეს დამოუკიდებელი ფირმების ღირებული, ღრმა ქსელი აქვს, ეს ფირმები კი შუამავლების როლს ასრულებენ Accuity-სა და მის პოტენციურ მომხმარებლებს შორის. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ დიზაინერებსა და ინჟინრებთან, რათა ფეხი აუწყონ კონკრეტულ შეკვეთებს, როგორიცაა, მაგალითად, ვიქტორიანული სტილის ლამპიონები და ჭერის განათებები, რომლებიც ხორცგადამამუშავებელ ქარხანაში სველ და ცივ (-40 ფარენგეიტს) პირობებს აიტანენ. თვით გლობალური ფინანსური კრიზისის დროსაც კი შეძლო ნეიგელმა კვლევისა და განვითარების ბიუჯეტის (გაყიდვების დაახლოებით 1.5%) შენარჩუნება, რითაც Acuity-ს საშუალება მისცა, პროდუქტთა რაოდენობა 400,000-დან 1.8 მილიონამდე გაეზარდა.

„დიდ“ კომპანიად ქცევისათვის, შესაძლოა, LED-ების წარმოებაც ყოფილიყო საჭირო – სინათლის გამომყოფი დიოდური ჩიპებისა, რომლებიც ტიპურ ფლუორესცენციურ ნათურებთან შედარებით, 25%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. LED-ების წარმოების ხარჯების შემცირებასთან ერთად, სუპერჩიპების დამზადების შანსი, შესაძლოა, მაცდური რამ ყოფილიყო. მაგრამ ნეიგელმა მეტად ბრძნულად დაიხია უკან: მართალია, LED-ების ინდუსტრიის ღირებულება დღეს $20 მილიარდს აჭარბებს, ეს საოცრად კონკურენტული ინდუსტრიაცაა, სადაც ათობით აზიური კომპანია დაბალმარჟიანი ნარჩენებისთვის იბრძვის. შტატებში Cree მშვენიერ ნათურებს ამზადებს (20 წელზე მეტ ხანს რომ ძლებს, ისეთებს), მაგრამ მოგების ნახვა უჭირს (გასულ წელს მისმა ზარალმა $64 მილიონი შეადგინა).

ნეიგელმა გადაწყვიტა, კვლავინდებურად სანათი მოწყობილობების დამზადებისთვის მიეყო ხელი და Acuity-ს პროგრამისტებს დაავალა, ეს მოწყობილობები ციფრული დისტანციური სამართავი სისტემებით აღეჭურვათ. კომპანიამ, ფაქტობრივად, „ჭერში შემოდებული ბრიყვული ტერმინალები რაღაც ჭკვიანურს“ დაუკავშირა, ამბობს ნეიგელი. სიახლეთა რიცხვშია Accuity-ს სენსორები, ჩამრთველები და ელექტრონული მოდულები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ – მზის შუქთან LED-ის განათების მორგებით დაწყებული, მოწყობილობებისა და საკომუნიკაციო ქსელების ერთმანეთთან დაკავშირებით დამთავრებული.

Acuity-ს ჭკვიანი მოწყობილობები ჯერ მაინც ჩანასახოვან მდგომარეობაშია, მაგრამ, ჯამში, LED-იანი მოწყობილობები კომპანიის გაყიდვების 55%-ზეა პასუხისმგებელი, ხოლო გასულ წელს მათ 40%-იანი ზრდაც აჩვენეს. Acuity-ს საპილოტე პროგრამებიც აქვს და უნივერმაღებთანაც თანამშრომლობს (სახელებს არ ამხელს), Simon Property Group-ი კი უკვე ცდის გარე განათებებს, რომლებიც თავიანთ ორ მოლთან პარკირების ხელმისაწვდომობასა და მოძრაობის დინამიკას ადგენს. “პირველად, არსებობის მანძილზე, LED-განათების ღირებულება ენერგიის დაზოგვას არ უკავშირდება, – ამბობს Canaccord-ის ანალიტიკოსი, დორშეიმერი. – რეალური ღირებულება ახლა ისაა, თუ როგორ შეიძლება, გამოიყენო მონაცემები”.

ნეიგელის ციფრული ორიენტაცია კომპანიის მიერ განხორციელებულ შესყიდვებშიც ჩანს (გასულ ათწლეულში $1 მილიარდიდან გარკვეული თანხა სწორედ ამ საქმეზე წავიდა): Acuity პატარა ტექნოლოგიურ ფირმებს ყიდულობს, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფითა და ციფრული დისტანციური სამართავებით ამარაგებენ კომპანიას, რათა მოხდეს განათებების ინტეგრირება უფრო მსხვილ, შენობათა მართვის სისტემებში. მათ რიცხვშია Sensor Switch-ი, რომელიც სიცხისა და მოძრაობის შემგრძნობ ჩამრთველებს ამზადებს, და LED-დრაივერების მწარმოებელი EldoLED-ი, რომელიც LED-ებს ელექტრობით ამარაგებს. 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *