ლოგისტიკის გიგანტის ექსპანსია საქართველოში

ლოგისტიკის გიგანტის ექსპანსია საქართველოში

2022 წელს საქართველოში ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ლოგისტიკური კომპანიის, GIRTEKA LOGISTICS-ის ბიზნესსერვისების ოფისი გაიხსნა. GIRTEKA BUSINESS SERVICES-მა გუნდის შეკრება IT-ისა და HR-მიმართულებით გამოცხადებული თითო-თითო ვაკანსიით დაიწყო, ამჟამად კი 150 სპეციალისტს აერთიანებს, თუმცა გაფართოების კუთხით სამომავლოდ უფრო დიდი ამბიციები აქვს. კომპანიის პირველ ნაბიჯებსა და ზრდის გეგმებზე GBS-ის გენერალური დირექტორი, თამარ სეთური გვესაუბრა.

თამარ, პირველ რიგში, გვითხარით, რა მომსახურებებს სთავაზობს Girteka მომხმარებლებს?

Girteka Logistics-ი ლიეტუვაში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ყოველწლიურად გლობალურად 600,000-ზე მეტ სახმელეთო რეისს ახორციელებს ევროპის ქვეყნებში.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რაც Girteka Logistics-ს სხვა გადამზიდავი კომპანიებისგან გამოარჩევს – ჩვენი სატვირთო სერვისების მნიშვნელოვანი წილი, დაახლოებით 45%, იმ ტვირთების გადაზიდვას ემსახურება, რომლებიც ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარეა და ტრანსპორტირებისას განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. მაგალითად, ასეთია საკვები, ფარმაცევტული პროდუქცია და სხვა.

ეს მახასიათებელი კიდევ უფრო აძლიერებს Girteka-ს, როგორც სანდო პარტნიორის პოზიციას ბიზნესებისთვის, რომლებიც ევროპაში ლოგისტიკურ გადაწყვეტებს საჭიროებენ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიაში გლობალურად 15,000 ადამიანი მუშაობს, Girteka Business Servicesის საქართველოს ოფისში კი უკვე 150 თანამშრომელია დასაქმებული.

საქართველოში Girteka-ს ბიზნესსერვისების ოფისი 2022 წელს გაიხსნა – რა შედეგებზე გავიდა კომპანია ქართულ ბაზარზე შემოსვლიდან დღემდე?

საქართველოში ოპერირება, რეალურად, 2022 წლის მეორე ნახევრიდან დავიწყეთ. რაც შეეხება Girteka Business Services-ის წარმატებებს, პირველ მიღწევად გამოვყოფდი ჩვენს, როგორც დამსაქმებლის, პოზიციონირებას ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ჩვენი ორგანიზაციული სტანდარტის შექმნას.

რატომ ვართ საინტერესო ადგილობრივი ტალანტებისთვის და რას ვთავაზობთ მათ? – ჩვენი ორგანიზაციის კორპორაციულ კულტურას, ბენეფიტებს, ხელფასების დონესა და ლიდერშიპის მიდგომებს.

Girteka Business Services-ში, სტარტაპ-ორგანიზაციების მსგავსად, ძალიან ბევრი გამოწვევა გავიარეთ, რადგან ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ – ერთი ვაკანსიით IT-ში და მეორე ვაკანსიით HR-ში. ამას მოჰყვა პოზიციების რაოდენობის ეტაპობრივად ზრდა. შესაბამისად, სწორედ სწრაფ ზრდას დავასახელებ კომპანიის კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მიღწევად. 2022 წელს, დეკემბერში, სულ რაღაც 20 თანამშრომელი გვყავდა, დღეს კი, როგორც უკვე გითხარით, GBS-ში უკვე 150 ადამიანია დასაქმებული.

მოგვიყევით, კონკრეტულად რა გამოწვევები გადალახეთ ამ პერიოდში და როგორ შეძელით მათთან გამკლავება?

2023 წელი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო, გამოწვევებით დატვირთული პერიოდი იყო. ერთი მხრივ, გვქონდა ძალიან დიდი გეგმები, ამბიციები, მიზნები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ლიეტუველი კოლეგების სრული ჩართულობა და მხარდაჭერა; მეორე მხრივ კი, GBS-ის გუნდებისთვის, ადგილობრივად, ეს იყო თვითდამკვიდრების პირველი წელიწად-ნახევარი, რომელიც მოიცავდა არა მარტო საჭირო პოზიციების დროულად შევსებას, არამედ კომპანიის გლობალური შიდა პროცესების ცოდნის საქართველოში მაქსიმალურად მოკლე დროში გადმოტანას.

გარდა ამისა, გამოწვევა იყო ახალი უნარების შეძენა – თუნდაც, როგორ ვიმუშაოთ დისტანციურად, კომუნიკაციის რა უნარებია აუცილებელი, თუ ჩვენი გუნდის ნახევარი სხვა ქვეყანაშია და როგორ გავუმკლავდეთ არაერთ სხვა სირთულეს.

საერთო ჯამში ეს იყო პერიოდი, როდესაც უნდა გვეჩვენებინა, რომ საქართველოს ბაზარი არა მარტო ბიზნესის ოპერირების თვალსაზრისით, არამედ, თუნდაც ადგილობრივი კომპეტენციების კუთხით, იყო სწორი არჩევანი Girteka Logisticsისთვის. თითოეული თანამშრომელი, რეალურად, იყო ელჩი საქართველოდან და ჩვენ ეს ერთად შევძელით.

ასევე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ GBS-ის მენეჯერულ რგოლში გვყავს არაერთი ექსპერტი ჩვენი სათავო ოფისიდან. მათ, ბუნებრივია, დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში ევროპული ცოდნის გადმოტანასა და გუნდების კომპეტენციის ამაღლებაში.

ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ რომელ მსხვილ პროექტებს გაიხსენებთ?

ვინაიდან საქართველოდან ვოპერირებთ როგორც Girteka-ს გლობალური გუნდის სრულყოფილი წევრი, შესაბამისად, რაც კი დიდი პროექტია Girteka-ჯგუფის ბაზაში, ჩვენი თანამშრომლები ყველაში აქტიურად არიან ჩართულნი.

მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ გაციფრულების მიზნით, კომპანია აქტიურად ნერგავს არაერთ სიახლეს. მაგალითად, „SAP”-სისტემის რამდენიმე მოდული უკვე დაინერგა ძირითად ბიზნესმიმართულებებში. მათ შორის ე.წ. ბექოფისის მოდულები შესყიდვების, ფინანსური ოპერაციებისა და HR-მიმართულებით უკვე სრულადაა ჩაშვებული.

წარმატებით განხორციელებული დიდი პროექტებიდან ასევე მინდა გამოვყო შიდა ფინანსური სერვისის ინსორსი GBS-ში, რომელიც სრულად ოპერირებს მხოლოდ საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ 20 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი მთლიანად ფარავს გლობალურ სერვისს თბილისიდან. ეს, ბუნებრივია, არის ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურება და დიდი მიღწევა ორგანიზაციისთვის.

როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია ევროპის ერთერთმა უდიდესმა ლოგისტიკურმა კომპანიამ ბიზნესსერვისების ოფისის გასახსნელად საქართველო?

2022 წელს კომპანიამ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დეტალური კვლევა ჩაატარა, რომელიც იქ არსებულ ბიზნესგარემოს, განათლებისა და კომპეტენციის დონის, ასევე სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ანალიზს ითვალისწინებდა. გარდა ამისა, კვლევის მიზანი იყო გარკვევა, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნებოდა ტალანტების მოზიდვის კუთხით კომპანია ამა თუ იმ ქვეყანაში სხვა საერთაშორისო კომპანიების გვერდით, რომლებსაც უკვე ჰყავდათ მსგავსი კვალიფიკაციის კადრები დასაქმებული და ა.შ. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, არჩევანი საქართველოზე შეჩერდა, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენი ბაზრისთვის. ქვეყანამ ყველა ზემოხსენებული მოთხოვნა დააკმაყოფილა.

თქვენი აზრით, რა სარგებელი მოუტანა ქვეყანას Girteka-ს ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლამ? რისი მოლოდინი გაქვთ მომავალში ამ კუთხით?

Girteka-ს, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რა თქმა უნდა, განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას არა მარტო მაკროეკონომიკურ, არამედ მიკროეკონომიკურ დონეზეც. სიახლე, ამ კომპანიის საქართველოში შემოსვლის სახით, ხელს უწყობს ინოვაციურობისკენ სწრაფვას, კონკურენციის ზრდას, სტანდარტების ამაღლებას, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დგას.

რა თქმა უნდა, 150 თანამშრომელზე გაჩერებას არ ვაპირებთ და 2024 წლისთვის სამუშაო ადგილების მნიშვნელოვნად გაზრდას ვგეგმავთ – არა მარტო არსებული გუნდების გაფართოებას, არამედ ახალი ბიზნესმიმართულებებისა და პოზიციების დამატებასაც. ახალი სამუშაო ადგილები კი, მიკროეკონომიკურ დონეზე, გულისხმობს პირდაპირ გავლენას ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. მათ საშუალება მიეცემათ, შეიძინონ ან აიმაღლონ კომპეტენციები და უფრო მეტად იყვნენ მზად კარიერული განვითარებისთვის.

რომელი ბიზნესმიმართულებებისა და პოზიციების დამატებას გეგმავთ?

ჩვენთან უკვე არის რამდენიმე დეპარტამენტი, მათ შორის, კომერციული (მომხმარებელთა ზრუნვის), დაგეგმვისა და ტრანსპორტირების კონტროლის, ტრანსპორტის ქოლ-ცენტრი, გარდა ამისა, ფინანსური (ანალიტიკისა და რისკის დეპარტამენტი), აღრიცხვების, ხალხისა და ორგანიზაციული კულტურის, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება.

2024 წელს კომერციული დეპარტამენტის გაორმაგებას ვგეგმავთ. აგრეთვე, ამ ეტაპზე ვაანალიზებთ სხვა დეპარტამენტების პოზიციებს, რომ გადავწყვიტოთ, რომელი სერვისები შეგვიძლია დავფაროთ საქართველოდან. გაზაფხულზე ეს ანალიზი დასრულებული გვექნება და ადგილობრივად ახალ ვაკანსიებს გამოვაცხადებთ.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ლოგისტიკური ინდუსტრია?

გაზრდილი კონკურენცია მოდუნების საშუალებას არ გაძლევს და მუდმივად მაღალი სტანდარტის დაცვას მოითხოვს, მათ შორის ბიზნესხარჯების დაბალანსებას და კონკურენტუნარიანი გადაწყვეტილებების მიღებას. გარდა ამისა, ლოგისტიკურ სექტორში გვაქვს ისეთი პოზიციები, რომლებიც ამ სექტორისთვის დამახასიათებელ ტექნიკურ უნარებს საჭიროებს. ამ უნარების დეფიციტი დღეს შრომის ბაზარზე ნამდვილად არის ერთ-ერთი გამოწვევა.

აქვე, უნდა ვახსენოთ AI-სთან დაკავშირებული სიახლეები და ხელოვნური ინტელექტის მიერ შეცვლილი მოცემულობა. ამ შემთხვევაში, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი ინტეგრირება ლოგისტიკაში.

ბოლოს კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი გახდეს უფრო მდგრადი, რათა ლოგისტიკური კომპანიების მიერ დაბალანსდეს გარემოს დაცვის გამოწვევები საოპერაციო ეფექტიანობასა და მომხმარებლის დროულად დაკმაყოფილების მიზნებთან. მინდა აღვნიშნო, რომ Girteka ამ კუთხით ძალიან აქტიურია და ბევრ სიახლეს ნერგავს.

შეგიძლიათ, რამდენიმე მაგალითი დაგვისახელოთ?

ბიზნესის მდგრადობის კუთხით აღსანიშნავია, რომ Girteka 2015 წლიდან არის UN Global Compactის წევრი და განხორციელებული ინიციატივების შესახებ ანგარიშებს მუდმივად აქვეყნებს. კომპანიის მიზანია, ტვირთის ტრანსპორტირება გარემოსთვის ზიანის მაქსიმალურად შემცირებით მოხდეს. Girteka-ში უკვე არაერთი გადაზიდვა ხორციელდება სრულად ელექტრონული გადამზიდავი მანქანით. ასევე კომპანია მუდმივად აუმჯობესებს გადაზიდვის მარშრუტს, მათ შორის ცდილობს სახმელეთო და საზღვაო გზების კომბინირებას, რათა გამონაბოლქვი შეამციროს.

2024 წელიწადში ახლახან შევაბიჯეთ – რა გეგმები აქვს Girteka Business Services-ს მიმდინარე წელს?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ზრდისთვის და სიახლეებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე კი ჩვენი ახალი ოფისი იქნება, რომელიც თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. მისი რემონტი ამჟამად აქტიურ ფაზაშია და გეგმის მიხედვით, სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება. ამის შემდეგ ოპერირებას ახალი ოფისიდან გავაგრძელებთ.

აღსანიშნავია, რომ ოფისი 250 ადამიანზეა გათვლილი. გარდა ამისა, იქ გვექნება საკმაოდ დიდი საზაფხულო სივრცე, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებთ სხვადასხვა ღონისძიებისთვის.

ამასთანავე, 2024 წელს ჩვენი მიზანი იქნება, როგორც სანიმუშო დამსაქმებელმა დავამკვიდროთ მაღალი სტანდარტი საქართველოს ბაზარზე. ყოველი ინიციატივა, რომელიც დაგვინერგავს და გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, ითვალისწინებს ჯანსაღი კორპორაციული კულტურის ხელშეწყობას, ზრუნვას თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე, საზოგადოებასა და გარემოზე. ეს ყველაფერი კი Girteka-ს უფრო ფართო, გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) მიზნებთან არის შესაბამისობაში.

საუბრისას გუნდის სამომავლო ზრდა არაერთხელ ახსენეთ და ამაზე ახალ, უფრო დიდ ოფისში გადასვლაც მიანიშნებს – უფრო კონკრეტულად, რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში Girteka Business Services-ში თანამშრომლების რაოდენობის გაორმაგებას ვაპირებთ. იმ შემთხვევაში, თუ ზრდის მსგავს ტემპს შევინარჩუნებთ, დამატებით ახალი საოფისე სივრცის მოძიება დაგვჭირდება, რაც უკვე დაგეგმილია მომავალი წლისთვის.

S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *