აუდიტის ბაზრის ამომავალი ვარსკვლავი

აუდიტის ბაზრის ამომავალი ვარსკვლავი

Nexia International-ი მსოფლიო აუდიტორული ბაზრის ამომავალ ვარსკვლავად 2013 წელს შერაცხეს. ერთ წელიწადში საქართველოში Nexia TA გაჩნდა. 2016 წლის მონაცემებით “ნექსიას” შიდა ქსელში, რეგიონში, რომელიც მოიცავდა ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას, ნომერ მეორე ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად დასახელდა 102-პროცენტიანი ზრდით და ცოტა ხანში საბუღალტრო მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულის კომპანიებს შორის საქართველოში მეორე პოზიცია დაიკავა. პროფესიონალიზმის, ახალგაზრდული შემართებისა და ალღოს ერთობლიობით კომპანიის დამფუძნებლები ახალ სიმაღლეებს იპყრობენ.

მანამდე, ვიდრე  უახლოესი მეგობრები დავით ლომიძე და ბორის მეგრელიშვილი საკუთარი კომპანიის დაარსებას გადაწყვეტდნენ, დამოუკიდებლად სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდნენ მენეჯერულ პოზიციებზე აუდიტისა და ბუღალტერიის მიმართულებით. როგორც ამბობენ, პროფესიული თვალსაზრისით ხშირად იკვეთებოდნენ ერთმანეთთან და საბოლოოდ რაიმე უფრო მასშტაბურის შექმნის იდეით გადაწყვიტეს, ერთობლივი კომპანია ჩამოეყალიბებინათ. დაახლოებით ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდის გასვლის შემდეგ, რაც კვალიფიციური გუნდისა და საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებას დასჭირდა, ფინანსისტებმა უფრო გლობალურად დაიწყეს ფიქრი, კერძოდ, გადაწყვიტეს, თავიანთი ხედვები და მიზნები ისეთი საერთაშორისო კომპანიისთვის გაეზიარებინათ, რომელიც საქართველოში საქმიანობით დაინტერესდებოდა.

“არაერთი კომპანიის შესახებ მოვიძიეთ ინფორმაცია, თუმცა მანამდეც გვქონდა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობის გამოცდილება და მეტწილად ვიცოდით, რომელი მათგანი უკვე ოპერირებდა საქართველოს ბაზარზე”, – ამბობს ბორის მეგრელიშვილი.

ძიების პროცესში გამოიკვეთა, რომ მსოფლიოში საუკეთესო აუდიტორული კომპანიების ათეულიდან ერთ-ერთი ანუ Nexia International-ი საქართველოში არ იყო შემოსული.

“ჯერ მთავარ ოფისს დავუკავშირდით ლონდონში, შემდეგ კი უკვე აზერბაიჯანის ოფისთან ერთად გავაგრძელეთ მოლაპარაკებები, რადგან პროცესების წარმართვა, რეგიონული თვალსაზრისით, ასე უფრო მოგებიანი და გონივრული იყო”, – იხსენებს თანადამფუძნებელი.

საქართველოში Nexia TA ოფიციალურად 2014 წლის 25 აპრილს გამოჩნდა. კომპანიაში ყველა ძირითად მიმართულებას თავიდანვე თავისი მმართველი ჰყავდა. დავითი ბუღალტრულ მიმართულებას ხელმძღვანელობს, ბორისი კი ფინანსური აუდიტის კუთხით იკავებს მმართველი პარტნიორის პოზიციას. რაც შეეხება გელა მღებრიშვილს, ამჟამად ის კომპანიაში საგადასახადო მიმართულების მმართველი პარტნიორია. მღებრიშვილი დამფუძნებლების მეგობარ გუნდს შექმნიდან დაახლოებით ორწელიწად-ნახევრის შემდეგ, 2017 წლის მარტში შეუერთდა.

Nexia TA, თავისი კონცეფციიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, მომსახურებას სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს: ფინანსური აუდიტი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვა, კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტებსა და IFRS-ზე დაფუძნებული ყოველდღიური საბუღალტრო სამუშაოების უზრუნველყოფა და საგადასახადო მომსახურება. კომპანიის კლიენტებს სამივე მიმართულებით მაღალკვალიფიციური სერვისის მიღება შეუძლიათ, თუმცა გარდა ამისა, ცხადია, Nexia TA კომპანიებს აუდიტორული მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, მათ შორის საკონსულტაციო სერვისსაც. გარდა სტანდარტული ფინანსური სერვისებისა, კომპანია იშვიათი და, შეიძლება ითქვას, აუთვისებელი მიმართულებებით ემსახურება მომხმარებელს, რაც მოიცავს საერთაშორისო დაბეგვრას, სატრანსფერო ფასწარმოქმნასა და ა.შ.

სატრანსფერო ფასწარმოქმნა ქართული რეალობისთვის სიახლეა და, ფაქტობრივად, საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიაა, რომლებიც ამ მიმართულებას ფარავს. კომპანიის პარტნიორები ამ მიმართულების პოპულარიზაციისთვის 2017 წლის სექტემბერში მასშტაბური კონფერენციის ჩატარებასაც გეგმავენ, რომელზეც მოწვეული იქნებიან “ნექსია ინთერნეიშენალის” ქსელის საუკეთესო სპეციალისტები ამ მიმართულებით, ასევე სხვა ქართველი და უცხოელი ექსპერტები ისაუბრებენ მოწვეული სტუმრებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.  კონფერენციის ფარგლებში იგეგმება ვორკშოპი, სადაც მოხდება კონკრეტული მაგალითების დეტალური განხილვა და რეკომენდაციების გაცემა.  მოწვეულ სტუმრებს მიეცემათ საშუალება, უცხოელი ექსპერტებისგან მიიღონ რჩევები მათ კომპანიებში არსებული საკითხების გადასაწყვეტად. 

“ნექსიას” საერთაშორისო ქსელის კომპანიებს ერთმანეთთან ძალიან მოქნილი და მობილური ურთიერთობა აქვთ, რაც საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში გამოიხატება და პირველ რიგში, ცხადია, მომსახურების ხარისხზე აისახება. საქართველოს ოფისი განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობს მალტის, გერმანიის, იტალიისა და  ბრიტანეთის ოფისებთან.

“ხარისხის კონტროლს Nexia TA უშუალოდ ლონდონის სათავო ოფისიდან გადის, საიდანაც ყოველ ორ წელიწადში წარმომადგენელი ჩამოდის და თავად ატარებს აუდიტს, – ამბობს დავით ლომიძე. – რაც შეეხება ჩვენი მომსახურების ძირითად მიმართულებებს, მიმაჩნია, რომ სამივე კუთხით გამორჩეულები ვართ”.

პრინციპში ამას არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება და მომართვიანობაც მოწმობს.

დღეისათვის Nexia TA 100-მდე კომპანიას უწევს  მომსახურებას და თითოეულ მათგანთან მიდგომა აბსოლუტურად ინდივიდუალურია. გუნდურობა, ხარისხი, სწრაფი და ეფექტიანი ზრდა, კონკურენტული გარემო, ობიექტური საფასო  პოლიტიკა და ძლიერი კადრები – Nexia TA-ს ღირებულებათა და მიზანთა ერთობლიობაა, რაც სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. სტერეოტიპი, რომ ჩქარი ტემპებით ზრდა ხარისხის კლების ხარჯზე უნდა ხდებოდეს, საერთაშორისო ლიდერი კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობამ შექმნიდან სულ მალე დაამსხვრია.  

ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებისა და სწრაფი განვითარების მთავარ საფუძვლად კომპანიაში მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ გუნდს ასახელებენ. აქ უპირველეს ყოვლისა ინვესტიციას ადამიანებსა და მათ განვითარებაში დებენ.

სფეროს საუკეთესო პროფესიონალების გადმოსაბირებლად საქმიანობის საწყის ეტაპზე საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება დასჭირდათ. კადრებში ფულადი სახსრების რეინვესტირებას ახლაც განაგრძობენ და მიაჩნიათ, რომ მათი წარმატებული საქმიანობის ხერხემალი სწორედ რომ გონივრულად შერჩეული გუნდია, რომელიც, მათივე შეფასებით, უკონკურენტოა მთელ აუდიტორულ ბაზარზე.

 “ყველაზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, ის არის, რომ კომპანიას არა ერთი პიროვნება, არამედ გუნდი მართავს ანუ აქ მუშაობს სისტემა, რომელიც საათივით არის აწყობილი და თუნდაც ხვალ კომპანიიდან ჩემი წასვლის შემთხვევაშიც კრიზისული პერიოდი სწორედ ამ აწყობილი სისტემის დამსახურებით არ დადგება”, – ამბობს გელა მღებრიშვილი.

გარდა აუდიტორული საქმიანობისა, Nexia TA საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა საკუთარი აკადემიის მეშვეობით, რომელიც გასულ წელს დაფუძნდა და სადაც დღემდე არაერთმა ადამიანმა მიიღო ფინანსურ სფეროში საფუძვლიანი ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. აკადემიაში, მისი შექმნის დღიდან, გადამზადებას კომპანიის თანამშრომლებიც ინტენსიურად გადიან.

2016 წლის მონაცემებით,  Nexia TA-ს 102%-იანი ზრდა ჰქონდა,  ხოლო საბუღალტრო მიმართულებით მსოფლიოს ტოპ-ათეულში შემავალ კომპანიებს შორის  საქართველოში მეორე ადგილი დაიკავა.  

ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, 2017 წლის მაისში “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ” კონკურსი ჩაატარა თავის წევრ კომპანიებში ყველაზე მოთხოვნადი და სანდო აუდიტორული კომპანიის გამოსავლენად. კონკურსის შედეგების მიხედვით ასოციაციას საუკეთესო აუდიტორულ კომპანიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი უნდა გაეფორმებინა. აღნიშნული ასოციაცია 35-მდე წევრ კომპანიას აერთიანებს, ხოლო საქართველოში საუკეთესო ათი აუდიტორული კომპანიიდან კონკურსში ექვსი კომპანია იღებდა მონაწილეობას. შედეგად, ოცი დელეგატიდან თხუთმეტმა Nexia TA-ს მისცა ხმა და კომპანია უპირობო გამარჯვებულად დასახელდა. ამ აღიარების შემდეგ კომპანიამ ორდღიან სემინარს უმასპინძლა ბორჯომში, სასტუმრო “რიქსოსში”, სადაც ასოციაციის წევრი კომპანიები იყვნენ მოწვეული. მათ “ნექსიას” მმართველმა პარტნიორებმა კომპანიის გეგმები და ხედვები გააცნეს, ასევე ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელისა და კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ, გაიმართა დისკუსია სამშენებლო კომპანიების მენეჯმენტის ფინანსური გადაწყვეტილებებისა და მათ კომპანიებში არსებული მაგალითების საფუძველზე. 

“Nexia international-ის სლოგანი გახლავთ closer to you და ჩვენც, ცხადია, აბსოლუტურად ვამართლებთ ამ სიტყვებს: მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ კლიენტზე მორგებულ სერვისზე, არასდროს ვიშურებთ რეკომენდაციებს კლიენტების მიმართ და ხშირად საერთაშორისო ქსელის მეშვეობითაც ვუწევთ დახმარებას”, – ამბობს დავით ლომიძე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წარმოდგენილი აუდიტორული კომპანიების რეიტინგებში Nexia TA-ს პოზიციასა და შემდგომ განთავსებულ კომპანიებს შორის დაშორება საკმაოდ დიდია, პოზიციების შენარჩუნება არც ისე ადვილი საქმეა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა Nexia TA პოზიციის შენარჩუნებისთვის არ შრომობს. ეს მეტისმეტად ცოტაა. კომპანია მომავალ სამ წელიწადში ბაზარზე მოწინავე პოზიციის დაკავებას  და მის სტაბილურად შენარჩუნებას გეგმავს.

როგორც კომპანიის, ასევე მისი მენეჯმენტის რესურსები სრულად მობილიზებულია და მიმართულია “ნექსიას” წარმატების გასაღების – პროფესიონალი გუნდის განვითარებისა და მოტივაციისთვის, ამიტომ  ნუ გაგიკვირდებათ, თუ მათი პროგნოზი დროზე ადრეც გამართლდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *