მამუკა ხაზარაძე ანაკლიის შესახებ

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის შესახებ

საუკუნის პროექტად მონათლული ანაკლიის პორტი დღეს მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორების მოძიების პროცესშია. მანამ, სანამ უცხოელი პარტნიორები პროექტში ასობით მილიონი დოლარის ჩადების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ღიად რჩება სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების პირობები – საინვესტიციო ბანკები მათი ნაწილის შეცვლას ითხოვენ. ამავე დროს კი ტენდერის გამოცხადებიდან და პორტის მშენებელი კომპანიის დასახელებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურების თავდასხმისა თუ კრიტიკის ობიექტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ხდება. ანაკლიის პორტის, 11 წლის წინანდელი საბანკო ტრანზაქციის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების, მიღებული და პასუხგაუცემელი წერილების შესახებ დეტალებს მამუკა ხაზარაძე ექსკლუზიურად Forbes Georgia-ს უყვება.

ანაკლიის პროექტში თქვენ და სახელმწიფო პარტნიორები ხართ. ეს დღეს ღიმილის მომგვრელია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც რეალურად პარტნიორებს შორის ხდება. რამდენად მიმდინარეობს ან მიმდინარეობდა ყველა საკითხის განხილვა სამუშაო რეჟიმში?

გულწრფელად გეტყვით, რომ წინა მთავრობის დროს ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო შეხვედრა გვქონდა, მსგავსი პროექტები არ შეიძლება განხორციელდეს მუშა პროცესის მიმდინარეობის გარეშე. ანაკლიის პორტი ქვეყანაში ერთ- ერთი პირველი საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) პროექტია. სამწუხაროდ, მსგავსი პროექტების დახვეწილი კანონმდებლობა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ეს არის პირველი მცდელობა, რომ სახელმწიფომ და კერძო სტრუქტურამ ერთობლივად განახორციელოს ქვეყნისთვის სასიკეთო პროექტი. სამწუხაროა ის, რომ მე ამ პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ შევხვდი ინფრასტრუქტურის მინისტრს, როდესაც ის თანამდებობაზე დაინიშნა, მას შემდგომ კი ამ თემაზე ჩემი მონაწილეობით შეხვედრა არ გამართულა. მსგავსი შეხვედრა არ გამართულა არც პრემიერთან და არც ეკონომიკური გუნდის წევრებთან, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩემი აზრით, ამ პროცესში სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან მოწადინებული, მას შეიძლება პრეტენზიაც ჰქონდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს მუშა პროცესი პარტნიორებს შორის. მანამ სანამ მაღალი ტრიბუნიდან მოხდება რაიმეს გაჟღერება, მისი განხილვა სამუშაო პროცესში უნდა მოხდეს.

არის თუ არა ეს ყველაფერი დამოკიდებულების მაჩვენებელი? თქვენ თქვით, რომ პირობითად მეტი ჩართულობა იყო კვირიკაშვილის მთავრობასთან და ნაკლები – ბახტაძის კაბინეტის წევრებთან. ეს პროექტი რჩება, საჯარო მოხელეები იცვლებიან. დღევანდელი საჯარო მოხელეები კი ღიად საუბრობენ იმაზე, რომ პროექტის მონაწილე პირებიც შეიძლება შეიცვალონ. მე პირადად ვერ ვხედავ სამუშაო პროცესს, ეს ყველაფერი ზედაპირზეა ამოსული.

გეთანხმებით, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა შეიცვალოს. უნდა გადავდოთ პიროვნული საკითხები და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ პროცესი უნდა დაბრუნდეს სამუშაო მდგომარეობაში. ჩვენს მოქალაქეებს არ აინტერესებთ მტყუან- მართალი, მათ აინტერესებთ სამუშაო ადგილები, მათ ინტერესშია, რომ ქვეყანას ჰქონდეს სერიოზული პორტი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გახსნის იმ კარიბჭეს, რომელიც ჩვენ ისტორიულად ჩაკეტილი გვაქვს. ჩვენ ვერ ვემსახურებით შავ ზღვაზე მცურავი გემების 75%-ს, რადგან მთელი საპორტო ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად მოძველებულია. მოქალაქეებს რამდენიმე თვის შემდეგ აღარ დააინტერესებთ, ვის რა პოზიცია ჰქონდა, მათ აინტერესებთ საქმიანი მიდგომა. ჩვენი მიდგომა ყოველთვის იყო საქმიანი, ჩვენ მზად ვართ ობიექტური კრიტიკისთვის, მაგრამ სახალხოდ მოცემულ დაუმსახურებელ შენიშვნებს ვერ მოვითმენთ. ერთი მხრივ, მთავრობის ნარატივი არის ის, რომ ხაზარაძე არის ცალკე თემა და თურმე მე არანაირი კავშირი არ მაქვს ჩემს ბანკთან, რომელიც 27 წელი ვაშენე, მეორე მხრივ კი თურმე ანაკლიას ვაშენებ მარტო მე. ეს არასწორია, ანაკლიას მარტო მე არ ვაშენებ, ანაკლიას აშენებს კონსორციუმი, რომელშიც მე ერთ- ერთი მონაწილე ვარ. ამ კონსორციუმში ძალიან სერიოზული კომპანიები შედიან.

რა გზავნილები მოდის დღეს მათგან?

დღეს ჩვენი პარტნიორების დაკნინება და მათ მიერ გაკეთებული საქმეების ცალყბად მოხსენიება ხდება. ისინი ამ მესიჯებს იღებენ როგორც მთავრობის გზავნილს. ეს მათთვის არის დამოკიდებულების მანიშნებელი. მაგალითად, SSA MARINE 250 პორტს ამუშავებს მთელ მსოფლიოში, ჩვენთან კი დაყვანილია ისეთ დონეზე, რომ თითქოს გზავნის ხუთ ადამიანს, ქმნის რაღაც ადგილობრივ შპს-ს და ამ ფორმით თურმე ეს არ არის სახელმწიფოსთვის მისაღები. ძალიან რბილად რომ ვთქვა, ეს არ არის სწორი მიდგომა ინვესტორებისადმი.

კიდევ ერთი თემა, რაც ქალბატონმა ვიცე-პრემიერმა ახსენა, არის ის, რომ მათ არ აკმაყოფილებთ “კონტი ჯგუფის” ჩართულობა პროექტში.

საქმე გვაქვს ინფორმაციის ნაკლებობასთან. “კონტი ჯგუფი” არის ერთ- ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია, რომელიც პროექტის აქციონერია. “კონტი ჯგუფის” მფლობელი კურტ კონტი ჩემი ჯგუფელია, რომელთანაც მე წლების განმავლობაში ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს და ის თავად იყო საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ერთ- ერთი ინიციატორი. როდესაც აქციონერი ამავე დროს სამშენებლო კომპანიის მფლობელიც არის, საერთაშორისო წესები მოითხოვს, რომ ინტერესთა კონფლიქტის აცილების მიზნით, ამავე კომპანიამ არ ააშენოს პორტი. სწორედ ამიტომ ჩვენ საერთაშორისო ტენდერი გამოვაცხადეთ, რომელშიც მონაწილეობა ექვსმა საერთაშორისო სამშენებლო კომპანიამ მიიღო. ამჟამად დარჩენილია ორი კომპანია, მათგან ერთი თურქულია, მეორე კი ფრანგული. ჩვენ სერიოზული ბიზნესმენები ვართ და კონტი შეცდომას ვერ დაუშვებდა ამ ტენდერში მონაწილეობით. კონტი არის ისეთივე თანაბარი პარტნიორი და პროექტის მონაწილე, როგორიც თიბისი ჰოლდინგი. არსად წასულა არც კონტი, არსად წასულა არც SSA MARINE-ი. ასევე, რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ Hyundai-სთან ხელშეკრულებას. ეს არის ერთ- ერთი ყველაზე დიდი გემთმშენებელი კომპანია. ქართველები უნდა დავბრუნდეთ საზღვაო ბიზნესში და უნდა გვქონდეს ჩვენი გემთმშენებლობა, გემთშესაკეთებელი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, Hyundai-ი კი ამისთვის იდეალური პარტნიორია.

შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ აპრილის დასაწყისში, როდესაც პროექტის ძირითადი პარტნიორები ჩამოვლენ საქართველოში, ფაქტობრივად გადაწყდება ანაკლიის პროექტის ბედი?

სამწუხაროა, რომ ბედის გადაწყვეტა დაუკავშირდა სახელმწიფოსთან ხელშეკრულების ერთ პუნქტს. ამ შემთხვევაში საზოგადოება შეცდომაში იქნა შეყვანილი. არსებული 8 პუნქტიდან 7-ზე ბანკებსა და სახელმწიფოს შორის ზეპირი შეთანხმება არსებობს. მე ერთხელ ვთქვი, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ კაბალურ ხელშეკრულებას. კერძოდ, კვირიკაშვილის მთავრობის დროს სახელმწიფოს დაქირავებული ჰყავდა ამერიკული იურიდიული კომპანია Decers-ი, ჩვენ მხარეს კი Baker Mckenzie წარმოადგენდა. ტენდერის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მოლაპარაკებები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ბოლოს დადებულ ხელშეკრულებაში, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოს ინტერესები გადამლაშებულიც იყო. ჩვენმა იურიდიულმა კომპანიამ გვითხრა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არ შეიძლებოდა, რადგან მსგავსი პირობებით ფულს ვერ მოვიზიდავდით.

მარტივად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილის მთავრობამ უფრო მეტად, თავისი იურიდიული მრჩევლის საშუალებით, გაითვალისწინა სახელმწიფოს ინტერესი იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც თქვენ ნაკლები ენთუზიაზმით მოაწერეთ ხელი.

ნაკლები ენთუზიაზმით არა, ჩვენ პრაქტიკულად დავდექით არჩევანის წინაშე. ჩვენ რომ მაშინ უარი გვეთქვა, პროექტი ჩავარდებოდა. პიროვნულად მე ავიღე ჩემს გუნდთან ერთად პასუხისმგებლობა იმ რისკზე, რაც კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე არსებობდა. როდესაც ბანკებმა დაასრულეს ე.წ. Due Diligence-ის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, მათ ჩაიხედეს დოკუმენტაციაში და სწორედ ამ 8 პუნქტის შეცვლა ითხოვეს. ისინი შეხვდნენ მთავრობას, 8-დან 7 პუნქტზე ვერბალური შეთანხმება მოხდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის კონსორციუმის მოთხოვნები. ეს არის მოთხოვნები საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, რომლებიც 400 მილიონ დოლარს გამოყოფენ.

საინვესტიციო ბანკების მისამართით გაკეთებული განცხადებები ასეთია: მენეჯმენტი არის არაკვალიფიციური, კონსორციუმს აკლია გამოცდილება, პრობლემურია სესხის გარანტიაში ჩადგომა და ა.შ. მეორე მხრივ, მე მახსოვს ლევან ახვლედიანის განცხადებაც, რომ “ინვესტორებმა შეცვალეს ტონი და უფრო სხვა, ლოიალური პირობებით წავიდნენ”, ანუ ნაბიჯი გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან. იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომავალში, უმადური საქმეა, თუმცა, თუკი ვერ მოხდა შეთანხმება ერთ პუნქტზე, კონკრეტულად კი სახელმწიფოს მხრიდან გარანტიაზე, რომელიც წელიწადში $50 მილიონამდე თანხას მოიცავს, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ პროექტი ინვესტორებისთვის ვერ შედგება?

მკაფიოდ მინდა განვმარტო, რომ აქ არ არის საუბარი სახელმწიფო გარანტიაზე 400 მილიონი დოლარის საპირისპიროდ. აქ არის ლაპარაკი ტრაფიკის გარანტიაზე და მთელ პოლიტიკაზე, რომლის ბერკეტიც მხოლოდ სახელმწიფოს აქვს, ეს არის სატარიფო პოლიტიკა, ეს არის სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების ნაწილი, ეს არის რკინიგზის გამართული მუშაობის საკითხი, ეს არის გზისა და რკინიგზის დროული მშენებლობის საკითხი. ბანკებს აქვთ კითხვა: “როდესაც ჩვენ ამხელა ინვესტიციებს ვდებთ და რისკზე მივდივართ, ამ დროს აცხადებთ, რომ ფოთში აშენებთ ღრმაწყლოვან პორტს, გთხოვთ აგვიხსნათ, ეს მართლა ღმაწყლოვანი პორტია თუ ერთ- ერთი ტერმინალის რეკონსტრუქცია?” ამაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუ სახელმწიფო აშენებს ორ ღრმაწყლოვან პორტს, მაშინ ბანკი გვეკითხება, მე რაში გჭირდები? ანაკლიიდან ოთხ კილომეტრში კონფლიქტის ზონა გვაქვს, უბრალოდ უნდა წარმოიდგინოთ, 100-მეტრიანი მცოცავი ანექსია რომ მოხდეს, როგორი იქნება იმ ინვესტორების განწყობა, რომლებიც დღეს ანაკლიაში მონაწილეობენ და რისკს იღებენ…

30-წლიანი ბიზნესგამოცდილებით მითხარით, რა შანსი რჩება, რომ ინვესტორები გამოგყვნენ პროექტში?

კარგი კითხვაა. ენთუზიაზმი ჯერ არ განელებულა, მთელ ამ ფონს აქვს ერთი კარგი მხარე – მოხდა საზოგადოების ინფორმირება და საზოგადოება მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ამავე დროს ჩვენი ინვესტორები არანაირ ნაბიჯს არ გადადგამენ მანამ, სანამ ოფიციალური პოზიცია არ დაფიქსირდება სახელმწიფოს მხრიდან გარანტიაზე. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოზე გასავლელი ტვირთი არის იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჭიროა. ეს არის დისკონტირებული ტვირთების რაოდენობა. გარანტიის თანხის მოძიება სახელმწიფოს ფონდების მეშვეობითაც შეუძლია. თუ გარანტიის გამოყენება საჭირო გახდება, მისი კონვერტირება ხდება სესხის სახით და კონსორციუმი იღებს ვალდებულებას, რომ გაისტუმრებს მას.

საქართველოს პორტებში, მიუხედავად იმისა, რომ ფოთის პორტი წელიწადში 100 დღე დაკეტილია, საკონტეინერო ტვირთების მოცულობა იზრდება 20%-ის ფარგლებში. 2020 წლისთვის ჩვენი პორტები პრაქტიკულად პიკამდე იქნება მისული. ანაკლია კი სწორედ ამ დროს შემოდის ბაზარზე. არსებულ პორტებს შორის ტვირთების გადანაწილება მოხდება. ერთ მაგალითს მოვიყვან: როდესაც ქუჩაზე ერთი ფეხსაცმლის მაღაზიაა, მისი ვაჭრობა დღეში შეიძლება, სიტყვაზე, 1000 ლარი იყოს. თუ იმავე ქუჩაზე 15 ფეხსაცმლის მაღაზიაა, იმ მაღაზიის ვაჭრობა 2000 ლარი იქნება. რადგან თუ ფეხსაცმლის ყიდვა გინდა, მხოლოდ იმ ქუჩაზე წახვალ.

ჩვენ ცოტა თვალები უნდა გავახილოთ, არ უნდა ჩავიკეტოთ პრიზმაში, სადაც ფოთი, ანაკლია და ბათუმი კონკურენტები არიან. მაშინ ასეთივე წარმატებით შეიძლება ითქვას, რომ 16 ბანკი არ უნდა იყოს საქართველოში.

წარმოვიდგინოთ ყველაზე ცუდი სცენარი: თუკი ვერ მოხდება შეთანხმება, ამ შემთხვევაში მაინტერესებს თქვენი განცხადების შეფასება: “მე არ გავალ ამ პროექტიდან ისე იოლად, როგორც ეს მოხდა თიბისი ბანკის ბორდის შემთხვევაში”.

ჩვენ გარკვეული გადავადებები გქვონდა, მაგრამ ეს გადავადებები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი ჯარიმა სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ არ მიგვიღია. როდესაც ჩვენ გვეპატია რაღაც, სახელმწიფომაც მოგვთხოვა თავის მხრივ რაღაც ვალდებულებების გადავადება. ამის დოკუმენტურად ჩვენებაც შეგვიძლია. დამოკიდებულება, რომ მე ვარ სახელმწიფო მოხელე, შენ პატარა ხარ და მე შემიძლია შენზე ვისაუბრო და შენ არ შეგიძლია ჩემზე ისაუბრო, არაა სწორი.

ამ ნაწილში გაგიყვანეს, როგორც “პრივილეგირებული ინვესტორი”?

ალბათ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბიზნესში ჩემი 30-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ვერ ნახავთ ვერც ერთ კონტრაქტს, რომელიც ჩვენ პირდაპირი წესით მოგვეყიდა და რომელიც ჩვენ ან აუქციონზე, ან კონკურენციის პირობებში არ მოგვეპოვებინა. თუ რაღაცას უმტკიცებ სახელმწიფოს და გეთანხმება, მაშინ ამის დამადლება აღარ უნდა მოხდეს. ანაკლიის შემთხვევაში მათ არაერთ პირობას დავეთანხმეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი ჯარიმა ან წერილი არ მიგვიღია, რომ მიგვეღო – ამასაც ხმამაღლა ვიტყოდით.

როგორ მიმდინარეობს ამ ეტაპზე ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობას შორის ურთიერთობა?

მე ვიცი, რა არის პარტნიორობა ბიზნესში. ესაა მხარისმხარ ერთად ყოფნა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ჩემი ემოციური განცხადებაა, თუმცა მსგავს პროექტებში ემოციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს უნდა იყოს ყოველდღიური სატელეფონო ურთიერთობა და ყოველდღიური მიმოწერა. სერიოზული პრობლემაა, როდესაც მინისტრი არ გამოდის კავშირზე და ნამყოფიც კი არ არის ადგილზე, სადაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი საზღვაო სამუშაოები ჩატარდა. მე არ ვსაუბრობ ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან, 30 წელია, ბიზნესში ვარ და ეს ქვეყანა მიყვარს. მე არავის არ ვეჯიბრები იმაში, თუ ვის უფრო მაგრად უყვარს ქვეყანა, გული მწყდება, რომ რაღაცები ისე არ კეთდება, რომ ქვეყანა წინ წავიდეს.

როდის იყო სახელმწიფო ანაკლიის პროექტის ფარგლებში პარტნიორი?

წინა მთავრობის დროს ჩართულობა უფრო მეტი იყო, რადგან კონტრაქტს ვაფორმებდით. რა კონტრაქტამდეც მივედით, უკვე ავხსენი. იცით, ბოლოს რა გვითხრეს? ინგლისურად კარგად ჟღერს Take or leave it! ანუ აიღე ან წადი!

ანუ მათ კარგად მოახერხეს ვაჭრობა სახელმწიფოსთვის სასარგებლო პირობებზე?

მე ვთვლი, რომ მათ გადაამეტეს. პროექტი გახადეს არასაბანკო პროდუქტი, რომლის ცვლილებების პროცესში ვართ ახლა. ზეპირად მახსოვს ის დიალოგი, რომელიც მე Baker & Mckenzie-თან მქონდა. მათ პირდაპირ მითხრეს: ამ კონტრაქტზე ჩვენ რეკომენდაციას არ გაძლევთ, რადგან ამით თქვენ ფულს ვერ მოიზიდავთო.

მართალია, რომ თქვენ მიხვედით ხელისუფლებასთან და პარტნიორობა შესთავაზეთ?

დიახ, ჩვენ მივედით ხელისუფლებასთან. ტენდერში დარჩენილი იყო ორი მხარე, ეს იყო Power China და ჩვენი კონსორციუმი. გვსურდა სინერგიის შექმნა. რაც უფრო მეტი ქვეყნის დროშა იქნება ანაკლიაში, მით უფრო მეტი სტაბილურობა და მიმზიდველობა ექნება პროექტს. მთავრობას შევთავაზეთ, რომ კონსორციუმის ერთი მესამედი – ამერიკელების, ერთი მესამედი – ჩინელების, ერთი მესამედი კი ქართველების ყოფილიყო. ამ საკითხზე პასუხი ვერ მივიღეთ.

აშენდება თუ არა პორტი დარჩენილ პერიოდში? ანუ 2020 წელს მიიღებს თუ არა ანაკლია პირველ გემს?

სამშენებლო პროცესი არ გაგვიჩერებია. იურიდიულ ენაზე რომ ვთქვა, ჩვენ შევასრულეთ წინამოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო ენაზე ამას ჰქვია 70 მილიონი დოლარის ინვესტირება და პორტის მშენებლობისთვის მომზადება. დღეს ანაკლია პრაქტიკულად ყველაზე ღრმაწყლოვანი პორტია, თუმცა ბეტონის თვალსაზრისით არაფერი არ არის აშენებული. ფუნდამენტი რომ არ გაგვემზადებინა 8–მეტრიანი, რომელსაც, სამწუხაროდ, ტალახს უწოდებენ, ჩვენ პორტის მშენებლობას ვერ დავიწყებდით. ჩვენ ეს სამუშაოები ჩვენი რისკით გავწიეთ, პროექტის ფინანსური საკითხების მოგვარებამდე. ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც მინდა შევეხო: სახელმწიფოს მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ უნდა აგვეშენებინა პორტი, რომელსაც ორი გემმისადგომი ექნება. გემმისადგომის სიგრძე რომ წარმოიდგინოთ, ის დაახლოებით ექვსი სტადიონის სიგრძისაა. გავაკეთეთ ერთი პროექტი, შემდეგ კი ამერიკულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობა. დავამატეთ ნაყარი ტვირთის ტერმინალი, რადგან უზბეკეთში რამდენიმე ახალი ქარხანა აშენდა, რომლებიც ქიმიურ სასუქებზე და მინერალებზე მუშაობს. ეს ტვირთი კი აუცილებლად საქართველოზე უნდა გამოვატაროთ, შესაბამისად, ცოტა გადავაკეთეთ პროექტი და შევქმენით მესამე გემმისადგომი. ბიზნესი ის ხომ არაა, რომ ორი წლის წინ  რაღაცას დაწერ და ყველაფერი ისე უნდა გააკეთო. ბიზნესი არის ის, რომ ბაზარზე ადაპტირება მოახდინო, ოპტიმიზაცია გააკეთო და ხელშეკრულების პირობებსაც მიჰყვე.

მისკომუნიკაციას აქვს ადგილი. ტრიბუნებიდან არ უნდა მიდიოდეს საუბარი. არ მინდა გავიმეორე ეს სიტყვა, მაგრამ ორკესტრი პოპულარულ სიტყვად იქცა. პოლიტიკოსების მხრიდან უაპელაციო შემოტევა ხდება, პრაქტიკულად, ბრალს გვდებენ. ან ბრალი წაგვიყენოს პროკურატურამ, ან საქმე უნდა დაიხუროს. ეს რა სამართალი და რა დამოკიდებულებაა? ან რა უდანაშუალობის პრეზუმფციაზეა საუბარი?! ამ დროს ჩვენ ამხელა პროექტს ვართ შეჭიდებული, დიალოგი მიდის ტრიბუნებიდან და კიდევ გვეუბნებიან, რომ იცით, რაა? რაღაც დააშავეთ და ვერ აკეთებთ ფინანსურ დახურვას. კიდევ ვამბობ, სამშენებელო პროცესი არ გაჩერებულა, კომპანია მთელი სიმძლავრით მუშაობს.

ყველას მინდა ვუთხრა, მოდი, ერთი წამით დავფიქრდეთ, რა რისკების წინაშე ვდგავართ. თუ ეს რიტორიკა გაგრძელდება, ჩვენ შეიძლება დავკარგოთ საერთაშორისო პარტნიორები. დღეს, როდესაც უცხოელ პარტნიორებს ვხვდები, მათგან პირველი კითხვაა – რა ხდება თქვენს თავს და რატომ ხდება ასე. რა და როგორ უნდა ავუხსნა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.

თავად თუ გაქვთ ახსნა?

რა უნდა ავუხსნა ელემენტარულად? ვყვები იმას, რასაც თქვენ გიყვებით, დასამალი არაფერია. ეს რომ ყოფილიყო ერთ უწყებასთან კამათი, გასაგებია, მაგრამ ესაა სახელმწიფო. სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ისეთ ქვეყანაში, სადაც სამართალი მართლა საძებნელია. ვართ იმ სიტუაციაში, როცა ერთი მხრივ თავს ვიცავთ, მეორე მხრივ ვართ ახსნა- განმარტებებში, მესამე მხრივ ჩვენს ინვესტორებს ვაწყნარებთ, ვეუბნებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ცოტა ხანს კიდევ გაუძლონ შეურაცხყოფებს. ვიღაცას უნდა მონათლოს, რომ ესაა მამუკა ხაზარაძის პროექტი. ეს არაა მამუკა ხაზარაძის პროექტი. ესაა თითოეული ჩვენგანის პროექტი. თუ ჩვენ ეს დრო დავკარგეთ, ეს პროექტი, პირდაპირ გეუბნებით, ან გადაიდება რამდენიმე წლით, ან საერთოდ არ განხორციელდება. მსგავსი მეგაპროექტების კეთებას აქვს “მომენტუმი” და “მომენტუმი” დგება ბევრი შემადგენელი ფაქტორისაგან. ესაა გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ქვეყნისა და კერძო ინვესტორების მზაობა, რისკების აღება. თუ სახელმწიფო ახალ ტენდერს გამოაცხადებს და 600 მილიონს საკუთარ თავზე აიღებს, ამ პროექტს დავკარგავთ. მე აქ არ ვლაპარაკობ იმ დანაკარგზე, რასაც მე და ჩემი ჯგუფი განვიცდით, რადგან ეს არაფერი იქნება იმ დანაკარგთან შედარებით, რასაც საქართველო ნახავს ამ პროექტის დაკარგვით.

ეთანხმებით თუ არა იმ ნარატივს, რომ ბანკის თემა ამოწურულია?

ბანკის თემა ამოწურულია, რადგან ბანკს პრობლემა არასდროს ჰქონია. ამოწურული არაა პრობლემა ჩვენთან, როგორც ბანკის დამფუძნებლებთან. ეს თემა ასე ვერ დამთავრდება. მე არაერთხელ მითქვამს – ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ყველა ფორმას გამოვიყენებ. ჩვენ უსამართლოდ, უკანონოდ გამოგვაძევეს იმ ორგანიზაციიდან, რომელიც ჩვენი ხელით შევქმენით. რაც უნდა იძახოს პოლიტიკოსმა, რომ მამუკა ხაზარაძე და თიბისი ცალ- ცალკეა, ეს ასე არაა… 200 მილიონი დაკარგეს ჩვენმა ინვესტორებმა ერთ თვეში, თუმცა დაახლოებით ორ კვირაში, როდესაც მე გადავდექი, ისევ იმ ნიშნულზე ავიდა. ეს თემა ასე არ დამთავრებულა, ჩვენ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან. 11 წლის წინანდელი საქმე ამოატივტივეს სწორედ იმ დროს, როდესაც ამხელა პროექტია კარზე მომდგარი.

გამოძიებასთან თანამშრომლობის პროცესში ითხოვეთ თუ არა, რომ საქმის გასაჯაროება არ მომხდარიყო, რადგან თქვენ ხართ მსგავსი მოლაპარაკებების პროცესში?

ეს ოქმშიც ჩაწერილია. გიდასტურებთ, მე მოსამართლეს ვთხოვე განემარტა, ეს ჩვენი დაკითხვა იყო თუ არა კონფიდენციალური. იგივე ვთხოვე პროკურორსაც. ყველამ დაგვიდასტურა, რომ ეს იყო კონფიდენციალური. 19 იანვარს ვაწერდით ხელს ხელშეკრულებას ორ უზარმაზარ ბანკთან აქციონერობაზე. ხელი მოვაწერეთ და შემდეგ ეს ბანკები ცოტა ხნით ჩამოგვშორდნენ, შემდეგ ისევ უკან დაგვიბრუნდნენ. ჩვენ მოვითხოვეთ ლონდონში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება იმ ტრანზაქციებზე. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ პრაქტიკულად პროკურატურამ ჰაერში გამოგვკიდა.

რამდენი წერილია ლონდონში თქვენი მხრიდან?

არ შეიძლება, რომ ეს დაუმთავრებელი თემა იყოს, ცოტა ცინიკურია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი მეუბნება, რომ ანაკლია და ბანკი ვერ დაიცავს მოქალაქეს, კითხვას ვერ აარიდებინებს თავს. ძალიან გთხოვთ, ასე ნუ დაგველაპარაკებით. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც 10-11 წლის წინანდელი დუკუმენტაცია გადავეცით მათ, როცა კანონით შეგვეძლო, 6 წლის შემდგომი დოკუმენტაცია განადგურებული ყოფილიყო. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ დასამალი არაფერი გვაქვს. იმ პოლიტიკოსებთან, რომლებმაც უპასუხისმგებლო განცხადებები აკეთეს და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიეს, კითხვა მაქვს – საიდან იციან მათ პროკურატურის ოქმებიდან ამონარიდები, როცა მე არ მაქვს მათზე წვდომა?

ანუ მათ პირობა დაგირღვიეს?

დიახ, მათ ვუთხარი და მითხრეს, რომ კონფიდენციალურობა დაცული იქნებოდა. სწორედ ამ საუბრის შემდეგ, 8-9 იანვარს მათ პრესკონფერენცია გამართეს, ჩვენ და ჩვენს ინვეტორებს რეპუტაციული ზიანი მოგვაყენეს. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ნებისმიერი რამ, რაც ჩვენ და ბანკს ეხება, განვაცხადოთ 24 საათის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენ განვაცხადეთ და მივიღეთ პირველი დარტყმა – 90 მილიონი დოლარის ზარალი. შემდეგ იყო მეორე პრესკონფერენცია და ეს ზარალი 200 მილიონამდე ავიდა .

წერილი გაგზავნილია ლონდონში, როგორ მოიქცევით, თუკი ის ვალიდური არ აღმოჩნდება?

ჯერ დაველოდოთ.

უშვებთ თუ არა, რომ ამ წერილის ავტორი შესაძლოა ვინმე სხვა ყოფილიყო?

წერილი ვისგანაც მივიღე, მე ის დავასახელე. ვინ დაწერა, ვინ დაბეჭდა და ვინ კარნახობდა, მე არ ვიცი. არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ ვიღაცას ცილი დავწამო. არც პოლიტიკოსი ვარ, არც დაინტერესებული მხარე ვარ, რომ ვიღაცის თანამდებობა მინდოდეს და ინტრიგებში ვიყო ჩართული.

ამით გაეცით პასუხი კითხვას, სურს თუ არა მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკოსობა.

პარლამენტისა და სასამართლოს ტრიბუნიდან მოვყევი ის, რაც გადამხდა. სასამართლოზე რომ გავედი, ფიცი დავდე. იქ არის ორი ტიპის ფიცი, ღმერთის წინაშე დავდე ფიცი. ვიტყვი სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს – მე იქ ეს ვთქვი. პირველივე დაკითხვაზე ვთქვი, მუქარის წერილი მივიღე-მეთქი. მაგრამ რეაგირება არ იყო, შემდეგ ეს გავიმეორე პარლამენტში. მეორე დღეს კი დაგვიბარეს ასევე სასამართლოში და თქვეს, რომ აქ არაფერი საინტერესო არ არის და საქმე არ აღძრულა. ვიღაც მინისტრმა ეს მიიღო შეურაცხყოფად. მე ღირსების შელახვად ჩავთვალე ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც მოუგო სასამართლო ერთ- ერთ მედიას, რომელიც სამი წლის განმავლობაში საშინელებებს წერდა. საბოლოო ჯამში ჩვენ მოვიგეთ, მათ ბოდიში მოიხადეს და თანხა გადაიხადეს, რომელიც ჩვენ მივმართეთ ჟურნალისტიკის სტუდენტების სტიპენდიებისკენ და ამით მეტ- ნაკლებად ჩვენი ღირსების თემა დავასაბუთეთ.

თვლით, რომ სწორი იყო ამ დავაში შესვლა?

აუცილებლად. როდესაც ხარ ინტერესის ობიექტი, როდესაც გაქვს შენი პრინციპები და ვიღაც ცილს გწამებს, რაც არ უნდა დაუხვეწავი იყოს კანონმდებლობა, სასამართლო გზით უნდა დაასაბუთო სიმართლე და დაიცვა შენი თავი.

რატომ გაავლეთ ეს პარალელი?

არსებობს მუნდირის ღირსება. ისე გამოვიდა, რომ თითქოს მას წერილი არ გამოუგზავნია და მე ვცრუობ. ამიტომ ეს მუნდირის ღირსება მან უნდა დაიცვას სასამართლოში. სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია ეს წერილი. კინკლაობას აღარ ვაპირებ, ესაა ჩემი ბოლო კომენტარი და დანარჩენი თავად გადაწყვიტოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *