ვის ეკუთვნის "ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი"

ვის ეკუთვნის "ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი"

2018 წლის 12 იანვარს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ხელიმოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობაში. ახალი ტერმინალის აშენება „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კუთვნილ მიწაზე განიხილება.

„ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმში“ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები არიან გაერთიანებული.

კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორი თამაზ ჩხიკვიშვილია. ჩხიკვიშვილი ერთ–ერთია იმ ქართველ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც ქონებას ოშორებში ფლობენ. კერძოდ, მის მფლობელობაშია ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია GRUPO ALIMENTARE S.A.

კომპანიის ვებ–გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, თამაზ ჩხიკვიშვილი დაიბადა 1956 წელს, თბილისში. ბიზნეს-საქმიანობას ეწევა 1989 წლიდან, როცა ხელმძღვანელობდა ვაჭრობისა და მატერიალური რესურსების სამინისტროსთან არსებულ სახელმწიფო ფირმა „თბილისს“ და ახორციელებდა საკვები პროდუქტების იმპორტს საქართველოში ფოთის პორტიდან. 1996 წლის 11 სექტემბერს უცხოელ პარტნიორებთან და „ფოთის საზღვაო ნავსადგურთან“ ერთად მონაწილეობას იღებს და აფუძნებს კომპანიას „დოკ ტრანსშიპმენტ ფოთი“; 1998 წლის 23 ივნისს აფუძნებს კომპანია „პრომეტკო ჯორჯია“-ს, რომელიც შემდგომში ხდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-3 და მე-4 ტერმინალების გრძელვადიანი მოიჯარე და ოპერატორი კომპანია; 2000 წლის 10 იანვარს პარტნიორებთან ერთად აფუძნებს კომპანია „ჯე-ეს-კო“-ს, რომელიც შემდგომში ხდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-6 ტერმინალის გრძელვადიანი მოიჯარე და ოპერატორი კომპანია; 2000 წლის 30 ივნისს უცხოელ პარტნიორთან ერთად დააფუძნა კომპანია „დტე-ჯორჯია“ (DTE – GEORGIA), რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით ახორციელებდა ჯართის ექსპორტ-ტრანზიტის ოპერაციებს; 2001 წლის 9 აგვისტოს უცხოელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საკვები პროდუქტების იმპორტიორი კომპანია „ჯორჯიტა“, რომელიც შემდგომში ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ემსახურებოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის მშენებლობას; 2004 წლის 2 ნოემბერს გახდა შპს „დიდუბე პლაზას“ (მსხვილი ბიზნეს-ცენტრი თბილისში) პარტნიორი. 2005 წლიდან დღემდე არის ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-5 ტერმინალის გრძელვადიანი იჯარის მფლობელი ფირმის პარტნიორი.

ჩხიკვიშვილი წილებს შემდეგ კომპანიებში ფლობს:

შპს დიდუბე პლაზა – 17.50%

შპს ჯორჯიან მენეჯმენტ გრუპ – 70.00%

შპს დოკ თბილისი თრეიდინგი – 50.00%

შპს ტიტანიკი-2000 – 26.00%

შპს მეტალექს ტრანსი – 17.00%

შპს ფაზისი პლაზა – 50.00%

შპს მეტალექსი – 17.00%

რაც შეეხება კონსორციუმის უცხოელ პარტნიორებს, კომპანიის ვებ–გვერდის მიხედვით, მათ შორის არიან ჯანკარლო სპირიტო, ლადისლავ ჰალაჩკა და სტანისლავ კრასლავსკი.

ჯანკარლო სპირიტო

დაბადებულია 1943 წლის 4 მაისს ქალაქ ტორტონაში, იტალიის მოქალაქე. საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა აქვს 1985 წლიდან. მისი მონაწილეობით საქართველომ მიიღო შაქრის რამოდენიმე პარტია კუბიდან. 2000-იან წლებში კომპანიით „ესკო ინტერნეიშენალი“ (ES-KO International Inc.) კატერინგით მომსახურებას უწევდა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას; 2004 წლის 9 თებერვალს გახდა ფოთის პორტის მე-6-ე ტერმინალის მმართველი (მოიჯარე) კომპანიის შპს „ჯე-ეს- კო“-ს პარტნიორი; კომპანიაში პარტნიორად დარჩა 2007 წლის 27 ივლისამდე. 2004 წლის 11 ოქტომბრიდან 2006 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში იყო ფოთის პორტის 6-ე ტერმინალის მმართველი (მოიჯარე) კომპანიის შპს „ჯე-ეს-კო“-ს დირექტორი. 2004 წლის 2 ნოემბერს გახდა თბილისში მშენებარე ბიზნეს- ცენტრ დიდუბე პლაზას (შპს „დიდუბე პლაზა“) პარტნიორი; კომპანიაში პარტნიორად დარჩა 2007 წლის 16 ოქტომბრამდე. 2004 წლის 2 ნოემბრიდან 2007 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში იყო მშენებარე ბიზნეს-ცენტრ დიდუბე პლაზას (შპს „დიდუბე პლაზა“) დირექტორი. ჯანკარლო სპირიტომ პარტნიორთან ერთად დააფუძნა იტალიური კვების პროდუქტების და ჰიგიენის საქონლის საქართველოში იმპორტიორი კომპანია „ჯორჯიტა“.

ლადისლავ ჰალაჩკა

დაიბადა 1968 წლის 18 იანვარს ქალაქ მორავსკა ტრჟებოვაში, ჩეხეთი. საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა აქვს 1992 წლიდან. 2006 წლის 2 ნოემბერს გახდა ფოთის პორტის 3-ე და 4-ე ტერმინალების მმართველი (მოიჯარე) კომპანიის შპს „პრომეტკო ჯორჯია“-ს პარტნიორი; კომპანიაში პარტნიორად დარჩა 2007 წლის 2 ოქტომბრამდე. 2003 წლის 21 ოქტომბრიდან 2006 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში იყო ფოთის პორტის მე-3 და მე-4 ტერმინალების მმართველი (მოიჯარე) კომპანიის შპს „პრომეტკო ჯორჯია“- ს დირექტორი. 2004 წლის 22 დეკემბერს იტალიელ პარტნიორ ჯანკარლო სპირიტოსთან თანამშრომლობით დააფუძნა ევროპული საქონლის იმპორტიორი შპს „ჯორჯიტა 2005“. 2006 წლის 26 სექტემბერს დააფუძნა შპს „რეტრო კლუბი ტრიუმფი“ და დაფუძნებიდან დღემდე არის ამ კომპანიის დირექტორი. 2007 წლის 16 მარტიდან არის შპს „ბაბილონ ჯორჯია“-ს დირექტორი.

სტანისლავ კრასლავსკი

დაიბადა 1956 წლის 6 იანვარს. საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე. კომპანია ARES SRL. მეშვეობით განახორციელა შემდეგი აქტივობები: 1999-2001 წლებში ინვესტიცია ფოთის პორტში: მიაწოდა შავი ლითონის ჯართის გადამამუშავებელი პრესი და დაამონტაჟა მრავალფუნქციური ამწე. ჯამში 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. 2000-2005 წლებში კომპანია ARES INTRNATIONAL SA-მ კომპანია METAL GEO SA-სთან ერთად განახორციელა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის რეაბილიტაციის პროექტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *