სველი ომი

სველი ომი

მეხიკოს რესტორნების უმეტესობაში არასდროს შემოგთავაზებენ ონკანიდან ჩამოსხმულ წყალს. დასალევი წყლის პატარა შადრევნები? ეს დიდი იშვიათობაა. მეგობრებთან სადილის დროსაც კი ბოთლის წყალს მოგართმევენ.

მექსიკაში წყლის დალევას არა მხოლოდ ტურისტები, იქაურებიც ერიდებიან. ეს ფაქტი მექსიკას წყლის კომპანიებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზრად აქცევს. Beverage ¬Marketing Corp-ის წინასწარი შეფასების თანახმად, მექსიკის მოსახლეობა გაზიანი სასმელის მსოფლიოს უმსხვილესი მომხმარებელია , რაც 2010 წელს თითო ადამიანის მიერ მოხმარებული 166 ლიტრით გამოიხატებოდა, ხოლო ბოთლებში ჩამოსხმული წყლის მოხმარება კი 2011-ში – სულ მოსახლეზე 248 ლიტრით. ეს ამერიკელის საშუალო მოხმარებაზე (110 ლიტრი) ორჯერ მეტია.

მას შემდეგ, რაც გაზიანი სასმელის სეგმენტში ზრდის შემცირება დაფიქსირდა, რაც მეტწილად სახელმწიფოს მიერ ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებამ გამოიწვია (სკოლებშიგაზიანი სასმელის გაყიდვა აიკრძალა) – იმატა ზრდამ და კონკურენციამ წყლის სფეროში, სადაც ბაზრის ლიდერი Danone ებრძვის Coca-Cola-სა და Pepsi-ს.

„მექსიკაში გამაგრილებელი სასმელები საუკეთესო ბიზნესად აღარ ითვლება – ამბობს ანა ტრულინი, მეხიკოს Euromonitor-ის ანალიტიკოსი. – დიდი მოგების წყარო ჩამოსხმული წყალი გახლავთ”.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბოთლის წყლის მექსიკური გაყიდვები, რომლის მაჩვენებელიც 2011-ში $9 მილიარდს აღწევდა – 2015 წლისთვის $13 მილიარდამდე გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ მექსიკა აშშ-ს გადაასწრებს და მსოფლიოს უმსხვილესბაზრად იქცევა.

მოცულობის მიხედვით, ჩამოსხმული წყალი მექსიკაში 10- და 20-ლიტრიან ბალონებში იყიდება, ხშირ შემთხვევაში – სახლში მიტანით, ამბობს Beverage Marketing Corp.-ის ანალიტიკოსი ხოსე მარტინესი. Pepsi­Co-ს, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოსხმული წყლის გაყიდვებით ერთპიროვნული ლიდერი იყო, ჯერ კიდევ სერიოზული წილი აქვს ბალონების ბაზარზე, მაგრამ აქ დიდი ფული აღარ ტრიალებს. ანალიტიკოსთა თქმით, პორციული ბოთლები 10-ჯერ უფრო მოგებიანია და ამ კატეგორიაში Coca-Cola-მ და Danone-მა Pepsi­Co დაჩრდილეს.

ფრანგულმა Danone-მა მექსიკის ჩამოსხმული წყლის ბაზრის 26,5% დაიპყრო, რასაც კარგად რეკლამირებულ ბრენდ Bonafont-ს უნდა უმადლოდეს. მექსიკაში, რომელიც ჭარბწონიანობის დონის მიხედვით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა აშშ-ის შემდეგ, Bonafont გათვლილია წონის დაკლების მსურველ ქალებზე. Bonafont-ს, რომელიც რეკლამირდება, როგორც „მსუბუქი წყალი”, აქვს ატმისფერი ეტიკეტი, მასზე გამოსახული გამხდარი, სპორტული აღნაგობის ფიგურებით; მექსიკის ხუთ სხვადასხვა ქალაქში წარმოებული მისი ბოლო კამპანია the Bonafont Challenge მექსიკელებს ურჩევს 15 დღის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღონ ორი ლიტრი Bonafont-ის წყალი, რათა თავი უფრო „მსუბუქად,გაუწყლოებისაგან დაცულად და ჯანმრთელად” იგრძნონ.
Coca-Cola-ს ბაზრის 23,5% უჭირავს, მას 13%-ით Pepsi მოსდევს. ანალიტიკოსთა თქმით, Pepsi მისი ყველაზე მსხვილი მექსიკური ჩამომსხმელების, Embotelladoras Unidas-სა და Empresas Polar-ის გაერთიანებითაა დაკავებული.

„ყველაზე დიდი ბრძოლა Danone-სა და Coca-Cola-ს შორის მიმდინარეობს, – ამბობს ტრულინი – Coca-Cola Bonafont-ის შევიწროებას აპირებს”.

მექსიკაში Coca-Cola-ს სათავეში პაბლო ლოპესი დგას, რომელიც წყლის ბრენდის Ciel-ის (მიამატეთ ასო “o” და მიიღებთ სიტყვას „ცა” ესპანურ ენაზე) მარკეტინგის მენეჯერია. უალკოჰოლო სასმელების მსოფლიოს უდიდესი კომპანია წელს მექსიკაში $1-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, რაც ხუთწლიანი $5-მილიარდიანი გაფართოების გეგმის ნაწილია. Ciel-ის მიზანია 2020 წლისთვის გაყიდვები გააორმაგოს და Danone-ს გაასწროს.

„ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით პორციული პროდუქტის კატეგორიაში, – აღიარებს ლოპესი, – მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი გამოგვივა”.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ წლის საინვესტიციო კაპიტალის დაახლოებით მესამედი – სამომავლოდ კი უფრო მეტი – სწორედ Ciel-ში წავა.

Ciel ცოტ-ცოტას ყველაფერს აკეთებს და მომხმარებელს ისეთ ახალ პროდუქტებს სთავაზობს, როგორიცაა სპეციალურად ბავშვებისთვის შემუშავებული 350 მლ-იანი ბოთლები, საცობიანი ბოთლები და თხელი, დრეკადი პლასტმასის ბოთლები, რომელთა გადამუშავება უფრო მარტივია. Ciel იმედოვნებს, რომ სატელევიზიო რეკლამებით – სადაც ახალგაზრდა სექსუალური ვარსკვლავები ბოთლებს წვრილად გრეხენ – და სლოგანით „Dale la Vuelta” („შეცვალეთ უკეთესობისაკენ”) მოიზიდავენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვარულ მომხმარებელს, რომელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში Bonafont-მა ბაზარზე დიდი რაოდენობით შემოიტანა მრავალი ახალი წყალი განსხვავებული გემოთი და სხვადასხვა მოცულობის ჭურჭლით; Ciel მასთან დაპირისპირებას ახალი პროდუქტებით აპირებს – გამდიდრებული, მინერალიზებული და „გაწმენდილი” წყლების ხაზებით, ასევე Ciel+ -ის მოქმედი ბრენდის გაფართოებით, რათა საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველი მექსიკელების ყურადღება მიიპყროს.

თავის მხრივ, Danone-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბრენდი იმედს ამყარებს რამდენიმე ახალი გემოს შემოტანაზე, რაც ბაზარზე მათ წილს გაზრდის.

მარკეტინგულ ფრონტზე, ლოპესის კამპანია ფოკუსირებულია ახალგაზრდა და აქტიურ ადამიანებზე და იყენებს სლოგანს Eso que te mueve, რაც ნიშნავს – „ის, რაც გამოძრავებთ”.

ითვლება, რომ Bonafont უფრო მოდური და დახვეწილი ბრენდია, ვიდრე Ciel და ეს მოგებაზეც აისახება. ანალიტიკოსების მონაცემებით, Coca-Cola Ciel-ის გაყიდვებით 15%-იან მოგებას იღებს, ძვირად ღირებული Bonafont კი -18%-ს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ, დაბალი ფასების გამო, Coca-Cola წყლიდან 1-2%-ით მეტ მოგებას იღებს, ვიდრე გაზიანი სასმელებიდან.

წყლის კომპანიები მექსიკაში მიღებულ სარგებელს დიდწილად უმადლიან ონკანის წყლისადმი გავრცელებულ უნდობლობას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში მოდებული ქოლერის ეპიდემიის გამო დაიწყო. ჯანდაცვის სამსახურმა მექსიკელებს ურჩია გადასულიყვნენ ბოთლებში ჩამოსხმული წყლის მოხმარებაზე, რამაც ხელი შეუწყო არარეგულირებადი კომპანიების მიერ „გაწმენდილი” წყლის გასაღებას.

ბევრმა მექსიკელმა, უსაფრთხოების მიზნით, ონკანის წყლის გადადუღება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკანასკნელი ათწლეულის შუა წლებში ბუნებრივი აირის ფასმა საგრძნობლად მოიმატა, ეს გამოსავალი კიდევ უფრო ძვირად ღირებული გახდა.
„წყლის ეროვნული კომისია” აცხადებს, რომ მოსახლეობის 9%-სათვის ხელმიუწვდომელია ონკანის წყალი, 13%-სთვის კი – კანალიზაცია.

1985 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მეხიკოს წყალგაყვანილობის სისტემა მნიშვნელოვნად დააზიანა. ხელისუფლებას სისტემის შეკეთება გაუჭირდა და ამჟამად ქალაქის წყლის დაახლოებით 30% გაჟონვის შედეგად იკარგება.

2010 წელს გაეროს განვითარების პროგრამამ, სასმელი წყლის ხარისხის მხრივ, მექსიკას 122 ქვეყნიდან 106-ე ადგილი მიანიჭა.
მეხიკოს წყალმომარაგების სამსახურის უფროსი რამონ აგუირ დიაზი ამბობს, რომ წყლის ხარისხი არც ისე ცუდია, როგორც ითვლება: მეხიკოში ონკანის წყლის 95% დასალევად ვარგისია, ქვეყნის სხვა რეგიონებში კი ეს მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდე მერყეობს.

მაგრამ იგი იმასაც აღიარებს, რომ დედაქალაქის ღარიბ უბნებში წყალს ცუდი გემო აქვს. მისი თქმით, წყალმომარაგების სისტემას მნიშვნელოვანი შეკეთება სჭირდება, წნევა არასაკმარისია, ფართოდ გავრცელებული წყლის რეზერვუარები კი ხშირად ჭუჭყიანი და მოუვლელია.

წინა წელს სახელმწიფომ წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურაზე $12 მილიარდი დახარჯა, მაგრამ, დიაზის თქმით, მექსიკის მოქალაქეებმაც უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ქვეყანაში არსებულ წყლის პრობლემებთან დაკავშირებით. „ბევრი მოქალაქე წყლის მუნიციპალური გადასახადების გადახდას ლამაზ ბოთლებში ჩამოსხმული წყლის შეძენას ამჯობინებს “, – ამბობს იგი.

შარშან პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა წამოაყენა წინადადება ქვეყანაში წყლის გადასახადები გაიზარდოს, რათა ხელი შეეწყოს კონსერვაციას და მეტი ფული შეგროვდეს ამ ინფრასტრუქტურის მომავალი გაუმჯობესებისათვის.

„ახალი სატარიფო სისტემა საშუალებას მოგვცემს ათასი ლიტრი წყალი ინდუსტრიულ რაიონებში 9 პესოდ (70 ცენტად) ხოლო ღარიბ რაიონებში – 3 პესოდ გავყიდოთ”, – ენთუზიაზმით ამბობს დიაზი. – ცნობილი ბრენდის ბოთლებში ჩამოსხმული იგივე ათასი ლიტრი 18 ათასი [$1,400] პესო ჯდება”.

მაგრამ, მისი თქმით, ხალხი სიამოვნებით იხდის ამ ფასს: „მექსიკაში ჩამოსხმული წყლის დალევა მოდური გახდა”. და მოგებიანიც.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *