ინვესტიცია უკვამლო მომავლისთვის

ინტერვიუ იური გორდოკთან – კავკასიასა და მოლდოვაში “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” ხელმძღვანელთან, რომელიც კომპანიის ამბიციურ გეგმაზე საუბრობს, რაც საქართველოს 800,000 მწეველისთვის მეცნიერულად დადასტურებული ალტერნატიული პროდუქტების შეთავაზებას წარმოადგენს.

“დღეს საქმე გვაქვს მოწევის პანდემიასთან“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიოში მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად ქვეყნებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 31% მწეველია. შესაბამისად, ისმის კითხვა, როგორ უნდა გადაიჭრას მოწევის პრობლემა?

სიგარეტის მოხმარება, რაც უნდა უცნაური იყოს, ასეულ წელზე მეტია, მნიშვნელოვნად არც შეცვლილა. ჩვეულებრივი სიგარეტების მიმართულებით, ბოლო „გარდამტეხი“ ინოვაცია მათი ზიანის შესამცირებლად ფილტრების დამატება იყო, რაც გასული საუკუნის ორმოცდაათიან და სამოციან წლებში დაინერგა. მას შემდეგ უკეთესი მარკეტინგული შეფუთვებისა და გახშირებული სამედიცინო გაფრთხილების გარდა, პროდუქტის შიგთავსსა და მისი მოხმარების პრინციპში ბევრი არც არაფერი შეცვლილა. ამის პარალელურად კი გაიზარდა საზოგადოებრივი ცნობიერება იმის შესახებ, რომ სიგარეტის მოხმარება უმძიმესი დაავადებების წარმოშობის მომეტებულ რისკებთან არის დაკავშირებული.

როგორც არამწეველმა, შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება უფრო უკეთაც შევნიშნო, რომ სიგარეტი მისი მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ ნიკოტინის მიღების საშუალებაა, არამედ განტვირთვისა და სოციალიზაციის ნაწილი, ჩვევა, რომელიც ყოველდღიური პრაქტიკითაა გამყარებული. ადამიანები კი ჩვევებს თავს მარტივად ვერ ანებებენ. მხოლოდ სამედიცინო გაფრთხილებები, დაბეგვრის დონე თუ რიგ სივრცეებში მოხმარების შეზღუდვა, ხშირად თავად მომხმარებელთა სურვილიც, დაანებონ თავი მოწევას, ვერ ცვლის რეალობას, რომ ნებისყოფის მიუხედავად, ყველა მას თავს ვერ ანებებს.

მოდი, მივყვეთ თანმიმდევრობით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამჟამად მსოფლიოში 1.1 მილიარდი მწეველია და ეს რიცხვი 2025 წლისათვის დაახლოებით უცვლელი სახით შენარჩუნდება.

“უკვამლო მომავალი“ არის კონცეფცია, რომელიც თამბაქოს პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებლის, „ფილიპ მორის ინთერნეიშნალის“ (PMI) მიერ არის წარდგენილი. კომპანიას სურს, მილიარდზე მეტ მწეველს შესთავაზოს უკეთესი არჩევანი უკვამლო პროდუქტების სახით, ამასთან PMI აცხადებს, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ტრადიციული სიგარეტის „ეპოქა“, რაც, თავის მხრივ, ჯერჯერობით „ფილიპ მორისის“ შემოსავლის ძირითადი წყაროა.

საინტერესოა, თუ რატომ აკეთებს ამას თამბაქოს კომპანია? რატომ გარდაქმნის PMI მთელ თავის ბიზნესს, რათა უკვამლო პროდუქტები შექმნას?

საკითხის უკეთ გაცნობის შემდეგ აშკარა გახდა, რომ მზარდია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების, ექსპერტებისა თუ მთავრობების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ პოტენციურად შემცირებული რისკის მქონე ალტერნატიული პროდუქტების მნიშვნელობას მწეველებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის. იმ ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოთა შორის, რომელთაც გამოიჩინეს ინიციატივა, უკვამლო პროდუქტების განსხვავებული ბუნება აღიარონ და რეგულაციები მიიღონ, რათა მწეველებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციასა და თავად ამ ნაკლებად მავნე და მეცნიერულად დადასტურებულ ალტერნატიულ პროდუქტებზე, აღსანიშნავია ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები: საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია და ბულგარეთი. სხვა ქვეყნებმა, მაგალითად, ნორვეგიამ და ახალმა ზელანდიამ უკვე გამოხატეს მზადყოფნა ამავე მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისათვის.

აშშ- ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ივლისში მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნა, რომ სიგარეტის მოხმარების “უკვამლო“ პროდუქტით სრულად ჩანაცვლება ამცირებს ორგანიზმის დაქვემდებარებას სიგარეტში არსებულ მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებებზე. ამ გადაწყვეტილებამდე FDA რამდენიმეწლიანი კვლევების შედეგად მივიდა.

PMI-ის მიზანს თავისი ბიზნესსაქმიანობის სრული ტრანსფორმაცია და ამ ტრანსფორმაციის მეშვეობით მსოფლიოს ქვეყნების რეგულატორებისთვის ცვლილებების აუცილებლობის ჩვენება წარმოადგენს. “კვამლისგან თავისუფალი“ მომავლის შექმნისთვის კომპანიამ ამბიციური მიზანიც დაისახა, რაც უახლოეს წლებში სიგარეტის 40 მილიონი მომხმარებლის მიერ მოწევის შეწყვეტას და ერთ-ერთ ალტერნატიულ პროდუქტზე გადასვლას გულისხმობს. PMI მიიჩნევს, რომ შესაბამისი რეგულაციებითა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით, სიგარეტების ეპოქა ბევრ ქვეყანაში შესაძლოა 10-15 წელიწადში დასრულდეს. პროცესის დაჩქარების მიზნით, კომპანიამ $7.2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სიგარეტის ალტერნატივების შექმნისთვის აუცილებელ კვლევა- ძიებაში და ახლა ერთ- ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებული სექტორის გარდაქმნას მეცნიერულად დადასტურებული პროდუქტებით ცდილობს.

2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო “ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის კანონი“ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები სიგარეტის კვამლისგან გაეთავისუფლებინა და თამბაქოს პროდუქტების პოპულარიზაცია აეკრძალა. ორი წლის შემდგომ საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო წინ წავიდა თამბაქოს კონტროლის მხრივ და სხვა ქვეყნების მსგავსად კანონმდებლობაში შემოიღო “გასახურებელი თამბაქოს კატეგორია“, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება წვადი სიგარეტებისაგან.

ამ საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ PMI-იმ გადაწყვიტა, საქართველოც ჩაერთო უკვამლო მომავლის პროექტში და მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს IQOS-ი, როგორც მოწევის ალტერნატივა, ოფიციალურად წარადგინა ბაზარზე იმ ზრდასრული მწეველებისათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას.

შესაძლებელია თუ არა საქართველოში PMI-ის მიერ დასახული ამბიციური მიზნის მიღწევა, ამ საკითხზე “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ კავკასიისა და მოლდოვას გენერალურ მენეჯერს, იური გორდოკს ვესაუბრე.

იური, მადლობა დროის დათმობისათვის. ნება მომეცით, დაგისვათ პირველი კითხვა: თქვენი აზრით, რამდენად დიდია მოწევის პრობლემა ამჟამად საქართველოში?

საქართველოში ამჟამად დაახლოებით 800 000 ზრდასრული მწეველია. ეს ათასობით მწეველი მხოლოდ სტატისტიკური რიცხვი არ გახლავთ. მათში მოიაზრებიან ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები თუ მეზობლები. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია იმ ღონისძიებების გატარება, რომლებიც მიზნად ისახავს მოწევის დაწყების ინიციატივის შეჩერებას და მოწევის შეწყვეტის წახალიწახალისებას. ამაზე ყველანი ვთანხმდებით. მომხმარებლების მხრიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა თამბაქოსა და ნიკოტინის მიღების შეწყვეტა ან კიდევ უკეთესი – მოწევის საერთოდ არდაწყება. თუმცა აქტიური და ზრდასრული მწეველების დიდი პოპულაციისათვის, რომლებიც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას, უნდა არსებობდეს გონივრული არჩევანი, რომელიც მათ სიგარეტებს ჩამოაცილებს.

"ჩვენ ვზრუნავთ მომხმარებლებზე, რომლებიც იმსახურებენ დაზუსტებული და მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაციის მიღებას სიგარეტის ალტერნატივებზე, რათა შემდეგ სწორი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ “.  

დღეს არსებობს ეს არჩევანი. სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი მოწევასთან ასოცირებულ დაავადებებთან არის დაკავშირებული, ამ მავნე ნივთიერებების გამოყოფის მიზეზს კი თამბაქოს წვის პროცესი წარმოადგენს. ელექტრონულ სიგარეტებსა და გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებში არ მიმდინარეობს წვის პროცესი, სწორედ ამიტომ ეს მოწყობილობები მოწევის ალტერნატივად მიიჩნევა.

თითქმის ორი თვე შესრულდა, რაც საქართველო, როგორც ამბობთ, უკვამლო მსოფლიოს“ ნაწილი გახდა. გვითხარით ამ განვლილი გზის შესახებ და როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებელმა ეს პროდუქტები?

უკვე წელიწადზე მეტია, რაც თბილისში ვცხოვრობ და ბევრ ადგილობრივს შევხვედრივარ, რომლებიც საკუთარი გადაწყვეტილებით გადავიდნენ სიგარეტიდან გასახურებელი თამბაქოს პროდუქტზე – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენი პროდუქცია არ იყო ხელმისაწვდომი საქართველოში. ძალზე მიხარია, რომ ამჟამად უკვე შეგვიძლია ამ ზრდასრულ მომხმარებლებს მომსახურების სრული პაკეტი შევთავაზოთ.

ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ შემიძლია გაგიზიაროთ ბოლო დროის მონაცემი, რომელიც ადასტურებს, რომ ამჟამად ათასობით მწეველმა საქართველოში მოწევა შეწყვიტა და მისი უკვამლო ალტერნატივა აირჩია. ჩვენ ვზრუნავთ მომხმარებლებზე, რომლებიც იმსახურებენ დაზუსტებული და მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაციის მიღებას მოწევის ალტერნატივებზე, რათა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

შესაბამისად, საკმაოდ თამამი ამბიციები გვაქვს: ჩვენ გვსურს სიგარეტების ჩანაცვლება მეცნიერულად გამყარებული უკვამლო პროდუქტებით, ამასთან – რაც შეიძლება მოკლე დროში, იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებიც კვლავაც ეწევიან, ისევე როგორც მათ გულშემატკივართა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკეთილდღეოდ. ჩვენი მხრივ, “ფილიპ მორის საქართველოს“ ოფისი მოხარულია, რომ ჩვენი უკვამლო მომავლის იდეის განხორციელებაში საქართველოც ოფიციალურად ჩავრთეთ, რაც დაეხმარება ზრდასრული მწეველების უკეთეს ალტერნატივაზე გადასვლის პროცესს.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში 800 000 აქტიური მწეველია, თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას თამბაქოს ინდუსტრიის, ისევე როგორც მარეგულირებელი ორგანოების მიერ იმისათვის, რომ სიგარეტის მოწევით გამოწვეული ზიანი შემცირდეს?

მიუხედავად იმისა, რომ მოწევა მავნებელია და შესაძლოა, მოწევასთან დაკავშირებული სერიოზული დაავადებების გამომწვევ მიზეზად იქცეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, დაახლოებით მილიარდ ადამიანზე მეტი უახლოეს მომავალშიც განაგრძობს მოწევას. შესაბამისად, არსებობს რეალური საჭიროება ალტერნატიული პროდუქტებისა. მიუხედავად იმისა, რომ PMI-ის გადაწყვეტილება უკვამლო მომავლის შექმნის შესახებ შეუქცევადია და რომ ჩვენ გვერდს ძლიერი მეცნიერული მტკიცებულებები გვიმაგრებს – ამ გზის გავლას მარტო ვერ შევძლებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ სამთავრობო და კერძო სექტორის ინიციატივების მართებული ნაზავი მნიშვნელოვნად დააჩქარებს მოწევის ზიანის შემცირებისადმი მიმართულ ძალისხმევას. როგორც PMI-ის ბოლო საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, საზოგადოების მოთხოვნაა მეცნიერების უფრო მეტად ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. როდესაც საიმედო სამეცნიერო ინფორმაციის დეფიციტია, მის ადგილს და უფრო მეტ სივრცესაც იკავებს დეზინფორმაცია, ვარაუდები და ჭორები, რაც დიდად უშლის ხელს ადამიანების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.

IQOS-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა თითქმის დაემთხვა აშშ- ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თქვენს პროდუქციას ახალი – მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის სტატუსი მიენიჭა. შეგიძლიათ, მეტი მოგვითხროთ ამ გადაწყვეტილების თაობაზე და ასევე მისი მნიშვნელობის შესახებ თქვენი მთავარი მიზნის – ბაზრის უკვამლო პროდუქტებით გარდაქმნის მიღწევის პროცესში?

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილება წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თამბაქოს რეგულირების კუთხით მართლაც ისტორიულ ეტაპს. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც FDA გასცემს მარკეტინგის ნებართვას მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტებისათვის (MRTP), რაც წარმოადგენს სიგარეტების ინოვაციურ ელექტრონულ ალტერნატივას. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ IQOS-ი ფუნდამენტურად განსხვავებულია სიგარეტისაგან.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ IQOS-ზე არსებული სრული მეცნიერული მტკიცებულებების გაცნობის შემდგომ დაასკვნა, რომ სიგარეტიდან IQOS-ზე სრულად გადასვლა ამცირებს მწეველის სხეულის დაქვემდებარებას მავნე თუ პოტენციურად მავნე ნივთიერებებისადმი, რაც საკუთარ განცხადებაშიც მიუთითა.

ვფიქრობ, დადგა დრო იმისა, რომ დროულად გადავიყვანოთ ზრდასრული მწეველები სიგარეტებიდან სხვა პროდუქციაზე. მეცნერულად გამყარებული ალტერნატივა, როგორიცაა IQOS-ი, დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს.

PMI-მ საჯაროდ განაცხადა საკუთარი მიზნის შესახებ, დაეხმაროს 40 მილიონ ზრდასრულ მწეველს, მსოფლიო მასშტაბით, გადავიდნენ უკვამლო პროდუქტებზე 2025 წლისათვის. რას იტყოდით საქართველოს ბაზარზე და რა შედეგების მიღწევა გსურთ უკვამლო პროდუქტებით შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში?

“ფილიპ მორის საქართველო“ გააგრძელებს უკვამლო მომავლის იდეის განხორციელებას, რათა ჩაანაცვლოს სიგარეტები მისი უკვამლო ალტერნატივით დროის რაც შეიძლება მცირე მონაკვეთში. ათასობით ქალი და კაცი, რომლებიც სიგარეტს ეწევიან, ეძებს ნაკლებად მავნე ალტერნატივას. ჩვენ მათ მივცემთ ამ არჩევანს, რადგანაც მტკიცედ გვწამს, რომ ახალი და პოტენციურად ნაკლებად მავნე პროდუქტები უკეთესი ალერნატივაა ზრდასრული მწეველებისათვის. მაგრამ მხოლოდ მაშინ შევძლებთ, მივაღწიოთ მნიშვნელოვან სარგებელს საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის, როდესაც ბევრ ადამიანს ეცოდინება უკვამლო ალტერნატივის შესახებ და ისინი ამ პროდუქტების მოხმარებაზე გადავლენ. როგორ შეიძლება, აცნობო მომხმარებელს ახალი პროდუქციის შესახებ დეტალურად, ისე რომ მათ გაიგონ ამის შესახებ და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება – თუკი მათთან გასაუბრების საშუალება არ გვექნება? სწორედ აქ შემოდის მარეგულირებელ ორგანოთა როლი უკვამლო მომავლის უზრუნველყოფის პროცესში.

დიახ, მთავრობებსა და მმართველ ორგანოებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ საზოგადოებისათვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდების საქმეში, ამ ახალი კატეგორიის პროდუქციის შესახებ, ისევე როგორც მარეგულირებელი კანონმდებლობის ჩამოყალიბების პროცესში, რომელსაც შეუძლია, მწეველების ახალ პროდუქციაზე გადასვლა დააჩქაროს.

როგორ შეაფასებდით რეგულაციურ და ბიზნესგარემოს საქართველოში, განსაკუთრებით საერთაშორისო კომპანიის თვალთახედვიდან, რომელიც ოც წელზე მეტია, საქართველოში ოპერირებს?

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თამბაქოს კონტროლის თვალსაზრისით, თუმცა ისევ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც უნდა იქნას განხილული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სასარგებლოდ. დღესავით ნათელია, რომ საქართველოს ათასობით მწეველი მოქალაქე შემდგომშიც გააგრძელებს მოწევას და რომ ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ალტერნატიულ პროდუქტებზე გადასვლის შესაძლებლობა. შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოების მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა ამ გადასვლის დაჩქარება, ისევე როგორც მომხმარებლებისათვის ახალი პროდუქტების შესახებ სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობის მიცემა.

მათ, ვინც დღემდე ამ პროდუქციის ოპონენტებად რჩება – უნდა გაიაზრონ, რომ უნებლიეთ ხდებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემების გადაწყვეტის ხელის შემშლელნი. ისინი აფერხებენ ცვლილებას და საშუალებას ართმევენ ზრდასრულ მწეველებს, მიიღონ დაზუსტებული ინფორმაცია, ისევე როგორც ამ უკვამლო პროდუქციაზე წვდომა, რაც რეალურ შესაძლებლობას მისცემდათ, ალტერნატიულ პროდუქციაზე გადასულიყვნენ იმ შემთხვევებში, როდესაც არ ისურვებდნენ მოწევის შეწყვეტას. ეს რეალური შესაძლებლობაა. ჩვენ ის დაუყოვნებლივ უნდა გამოვიყენოთ – და გამოვიყენოთ ერთობლივად. დადგა დრო, დავიწყოთ ღია და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი, რათა რეალობად ვაქციოთ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი.

ფილიპ მორის საქართველო“ ქვეყანაში გადასახადების ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქციზის გადასახადი თამბაქოს პროდუქტებზე გაიზარდა. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მიდგომა პოტენციურად ნაკლებად მავნე, ალტერნატიული პროდუქტების მიმართ?

საკანონმდებლო გარემო უნდა უბიძგებდეს ადამიანებს მოწევის არდაწყებისაკენ და ხელს უწყობდეს მოწევის შეწყვეტას. კანონმდებლობა უნდა იყოს რისკების პროპორციული და მიჰყვებოდეს საღი აზრის მიდგომას: ყველაზე მავნე პროდუქტი, სიგარეტი, უნდა იბეგრებოდეს ყველაზე მკაცრად. ეს უბიძგებდა კომპანიებს, მეტი ინვესტიცია ჩაედოთ ინოვაციურ და სამეცნიერო კვლევებში და, ამავე დროს, წაახალისებდა ზრდასრულ მწეველებს, გადასულიყვნენ ახალ პროდუქციაზე.

ეს უფრო ჰგავს მოთხოვნას ნაკლები დაბეგვრის შესახებ. ხომ არ მოიაზრებს ეს განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მდგომარეობას თქვენთვის?

სრულებითაც არა. ეს საღი აზრია, რომელსაც ამ ინდუსტრიის მრავალი ექსპერტიც ეთანხმება: შედარებით მავნე პროდუქტები უნდა დაიბეგროს უფრო მეტად, ვიდრე ნაკლებად მავნე პროდუქტები, რათა მწარმოებლები წახალისდნენ და ჰქონდეთ მოტივაცია, ინვესტირება განახორციელონ უკეთეს, ალტერნატიულ პროდუქტებში, ხოლო მომხმარებლებს ჰქონდეთ მოტივაცია, ამ ახალი, ალტერნატიული პროდუქტების მოხმარებაზე გადავიდნენ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მარეგულირებელ და ფისკალურ პოლიტიკას და ხელს ვუწყობთ წვადი თამბაქოს პროდუქტებისაგან ნაკლებად მავნე ალტერნატიულ პროდუქციაზე გადასვლას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი საგადასახადო სისტემის შექმნა, რომელიც განხორციელებადი და ეფექტიანია, ხელს უწყობს ინოვაციებსა და ინვესტიციებს და ემსახურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს- მომხმარებელთა გადასვლას შემცირებული რისკის მქონე ალტერნატიულ პროდუქციაზე.

რამდენად რთული იყო ახალი პროდუქციის საქართველოს ბაზარზე წარდგენა და ინვესტირება კოვიდის პანდემიის პირობებში და რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა ამ პროექტის ფარგლებში?

"ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ გარდაქმნა მთელი თავისი ბიზნესსტრუქტურა, რათა მთელი ყურადღება გადაეტანა მომხმარებელზე და განევითარებინა მეცნიერულად გამყარებული და უკეთესი ალტერნატივა იმ ზრდასრული მწეველებისათვის, რომლებიც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდნენ მოწევას.

დღემდე PMI-იმ 7.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა უკვამლო პროდუქციის კვლევასა და განვითარებაში.

ჩვენ გვჯერა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევის. ბევრი ვიშრომეთ, რათა საქართველოში ნაკლებად მავნე ალტერნატიული პროდუქტების კომერციალიზაცია მოგვეხდინა. თქვენს ქვეყანაში 20 წელზე მეტია, რაც ბიზნეს საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები ვართ და, შესაბამისად, ვზრუნავთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

ვფიქრობ, IQOS-ის წარდგენა საქართველოში ქვეყნის ეკონომიკასაც მოუტანს კეთილდღეობას, რადგან ეს ინიციატივა ქვეყანაში ასობით ახალი სამუშაო ადგილისა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი ალტერნატივების აღმოცენების ფონზე, რა როლი უნდა შეასრულოს საქართველოს მარეგულირებელმა ორგანოებმა უკვამლო მომავლის მიღწევის პროცესში?

ჩვენ ვიტვირთეთ პასუხისმგებლობა, ჩავანაცვლოთ სიგარეტები მეცნიერულად გამყარებული და ნაკლებად მავნე ალტერნატივით დროის რაც შეიძლება მცირე მონაკვეთში. ჩვენ გარდავქმნით ჩვენს ორგანიზაციას ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა ამ ტრანსფორმაციას წარმატებით ვერ დავასრულებთ, თუ მარტო ვიქნებით. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს კრიტიკული როლი, რათა შესაძლებელი იყოს მომხმარებელთათვის მკაფიო და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება უკვამლო თამბაქოს პროდუქტებთან დაკავშირებით.

ჩვენ გირჩევთ

ამერიკის სარკინიგზო კომპანიას პირველად ისტორიაში ქალი უხელმძღვანელებს

ამერიკის სარკინიგზო კომპანიას პირველად ისტორიაში ქალი უხელმძღვანელებს

ამერიკის სარკინიგზო კომპანიას პირველად ისტორიაში ქალი უხელმძღვანელებს

ამერიკის სარკინიგზო კომპანიას პირველად ისტორიაში ქალი უხელმძღვანელებს

წინა სტატია

G Suite is now Google Workspace in a bid to merge Gmail, Chat, and Docs – The Verge
09 ოქტომბერი, 2020

შემდეგი სტატია

Georgia presents Zurab Pololikashvili’s candidacy for renewal of UNWTO term
09 ოქტომბერი, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker