Renault-სა და Nissan-ის ფრანგულ-იაპონური ავტოალიანსი, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების ტექნოლოგიაში €23 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ალიანსი, რომელიც იაპონურ ავტომწარმოებელ Mitsubishi Motors Corp-საც მოიცავს, კვლევების, ტექნოლოგიისა და ავტონაწილების გაზიარებით, 2030 წლისთვის, ელექტრომობილის 35 ახალი მოდელის წარმოებას აპირებს, რომლებიც მსოფლიო ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.
ელექტრომობილების წარმოებისას, Mitsubishi Motors Corp-ი ახალი თაობის ბატარეების შემუშავების მიმართულებას უხელმძღვანელებს, Nissan-ი კი მილიონობით ავტომობილის დასაკავშირებლად და ციფრული სერვისებისა და ფუნქციების განსავითარებლად, ელექტრონიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფას ჩაიბარებს.
მიზნების მისაღწევად, ალიანსის განცხადებით, 2026 წლისთვის, საერთო პლატფორმებზე თანამშრომლობა და მისი მოდელების წარმოება 60%-დან 80%-მდე გაიზრდება. ალიანსმა პირობა დადო, რომ მოდელების უმეტესობისთვის ხუთი საერთო საწარმოო პლატფორმის გამოყენებით, რომელთაგანაც მეხუთე, ახალი პლატფორმა, არსებულ ოთხს 2024 წლისთვის დაემატება, გააძლიერებს კოოპერაციას და თავის EV-სტრატეგიისთვის €23 მილიარდს გამოყოფს. გარდა ამისა, სამეულის განცხადებით, ათწლეულის ბოლომდე EV-ბატარეის სიმძლავრე 220 გიგავატ/საათამდე გაიზრდება.
მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლებისთვის, კლიმატური კრიზისიდან გამომდინარე, ელექტრო და ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების წარმოება სულ უფრო მეტად პრიორიტეტული ხდება. ამჟამად ევროპული მანქანების გაყიდვების დაახლოებით 10% ელექტრომობილებზე მოდის, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2%-ია.