თუ სამოგზაუროდ წასასვლელ საბაბს ეძებთ, კიდევ ერთ მიზეზს დაგისახელებთ -განათლება. „Forbes-ის ტურისტულმა გიდმა” (Forbes Travel Guide) შეარჩია ხუთი კურსი, რომლებიც შეგიძლიათ გაიაროთ მოგზაურობისას. ეს კურსები დანიშნულების ადგილის საუკეთესო მხარეების ღრმად გაცნობასა და ამასთანავე, იმ უნარების შეთვისებაში დაგეხმარებათ, რომელთა სრულყოფაც საკლასო ოთახში შეუძლებელია.
1. კულინარული ხელოვნების კურსი,ნიუ-იორკი
კულინარიის გაკვეთილები კლასიკური ტურისტული დროსტარებაა, მაგრამ ისინი ხუთვარსკვლავიან სიმაღლეს აღწევს, თუკი თქვენი პირადი ინსტრუქტორი სახელგანთქმული შეფ-მზარეული ჟან-ჟორჟ ვონგერიხტენი იქნება, რომელიც ამ კურსს თავისი რესტორნის Nougatine-ის საგამოფენო სამზარეულოში ჩაგიტარებთ. სამზარეულო განთავსებულია ხუთვარსკვლავიან რესტორან Jean Georges-ში, სასტუმრო Trump International Hotel & Tower-ში, ნიუ იორკი).
კურსი შედგება კულინარული ხელოვნების პრაქტიკული დემონსტრირებისა და ორი საათის განმავლობაში სუპერვარსკვლავ შეფ-მზარეულთან ერთად კერძების მომზადების სეანსისგან. თქვენ ვონგერიხტენის „სუ-შეფად”, ანუ შეფ-მზარეულის დამხმარედ გადაიქცევით, მისი ხელმძღვანელობით თავიდან ბოლომდე მოამზადებთ რომელიმე საფირმო კერძს, მათ შორის მის ცნობილ თინუსის ტარტარსა და კვერცხის ხიზილალას. კურსი დაგიჯდებათ $9 999 წყვილზე, თუმცა პაკეტი ასევე მოიცავს სამი ღამით სასტუმროში გაჩერებას, სადილს შამპანურით რესტორან Jean Georges-ში და თვით შეფ-მზარეულის ხელმოწერილ სამზარეულო წიგნს, საჩუქრად.
2. ცხენოსნობაში დაოსტატების კურსი, სტიმბოუტ-სპრინგსი, კოლორადოს შტატი
მათთვის, ვისაც სურს ნამდვილი კოვბოისავით დახვეწოს ცხენზე ჯდომის ტექნიკა, კოლორადოს ვისტა ვერდეს რანჩო ზედგამოჭრილია. რანჩოს მწვრთნელი ტერი ვეგენერი კურსებს ამ პატარა საკურორტო რანჩოზე, „რუტის ეროვნულ ტყეში” (Routt National Forest) ატარებს. ვეგენერის მამულში 90 ცხენია – ამრიგად თქვენ შეგიძლიათ საკუთარი გემოვნებისამებრ აირჩიოთ ენერგიული პონი ან მოხდენილი რაში. ერთკვირიანი კურსები მოიცავს ერთ კურსს ცხენით სიარულში. ჩაგიტარდებათ სიღრმისეული სწავლება, როგორ უნდა გეჭიროთ სხეული უნაგირზე ცხენით სეირნობისას, ჩორთით სიარულისას და ნახტომის გაკეთებისას. მომსახურებაში ასევე შედის „101 გაკვეთილი საქონლის შესახებ” (Cattle 101 class), რომელიც გასწავლით ძროხების მწყემსვას.
3. წყალქვეშ ცურვის გაკვეთილი, ბორა-ბორა
თუ საკმარისად მზად არ ხართ წყალქვეშ აკვალანგით ცურვის სერტიფიცირებული კურსისთვის, „ოთხი სეზონის კურორტი” (Four Seasons Resort) ბორა-ბორა გთავაზობთ უფრო მარტივ გზას იმისათვის, რომ შეამოწმოთ, რა ხდება წყალქვეშ. ჩაეწერეთ წყალქვეშა ცურვის ერთსაათიან გაკვეთილზე (ერთი ტური ბავშვებისთვის და მეორე – უფროსებისთვის) ოლივერ მარტინთან, კურორტის საზღვაო ბიოლოგთან. მარტინს ტურისტები „ლაგუნის ნაკრძალში (Lagoon Sanctuary) გაჰყავს, სადაც საზღვაო სამყაროს 100 სახეობა სახლობს. ნაკრძალი კვლევებისთვის გამოყოფილ თავშესაფარში, „წყნარი ოკეანის ეკო-სამყაროს ინიციატივის” (Pacific Eco-World Initiative) მხარდაჭერის წყალობით არსებობს. ამ გაკვეთილის დროს საშუალება მოგეცემათ დააკვირდეთ წყალქვეშა სამყაროს ისეთ წარმომადგენლებს, როგორიცაა ძაღლთევზები, რვაფეხები, არწივისებური სკაროსები და ზღვის ზღარბები. თუკი ზღვა დიდად არ გხიბლავთ და ხმელეთზე დარჩენას ამჯობინებთ, შეგიძლიათ გაეცნოთ მიმდინარე კვლევით პროექტებს (როგორიცაა პროექტი მარჯნის გადანერგვის შესახებ), ასევე მარჯნის კონსერვაციის ტექნიკაში გაერკვეთ და სახლში მარჯნით ხელდამშვენებული დაბრუნდეთ.
4. გიდის წინამძღოლობით ღვინის ქარხნებში სტუმრობა, ნაპა-ველი
მეღვინეობის სფეროში ცოდნის გასაღრმავებლად არ არსებობს ნაპა-ველიზე უკეთესი ადგილი – თავბრუდამხვევი პეიზაჟის მქონე ტერიტორიაზე 400 ღვინის ქარხანაზე მეტი სახლობს. გარდა ღვინის სტანდარტული დეგუსტაციისა, რომლის დროსაც შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი მეღვინეობის შესახებ – ყურძნის მოყვანით დაწყებული, ღვინის ეტიკეტების წაკითხვით დამთავრებული, მიდოუდ-ნაპა-ველის კურორტი გთავაზობთ ნახევარ ან ერთდღიან ღვინის ექსკურსიებს კურორტის ადგილობრივ ბინადარ ღვინის მასწავლებელთან და ოსტატ სომელიესთან – ჟილ დე შამბურესთან ერთად. დილა დაიწყეთ ვენახში ტურით, რასაც მოჰყვება კერძო ღვინის ქარხანაში სტუმრობა და დეგუსტაცია. ლანჩის შემდეგ კი არ გამოტოვოთ მეორე ტურიც, რომელშიც შედის ნაპა ველის კლიმატის, გეოგრაფიისა და ადგილობრივი მევენახეობის გაცნობა.
5. დოროთი დრეიპერის დეკორირების სკოლა, უაიტ -სულფურ-სპრინგსი, დასავლეთი ვირჯინია
ნეობაროკოს სტილში აშენებული ნათელი სასტუმრო The Greenbrier დოროთი დრეიპერის დიზაინით იწონებს თავს. ისწავლეთ, როგორ შექმნათ ესთეტიკური სახლი ხუთდღიანი დიზაინის კურსზე, რომელსაც დრეიპერის პროტეჟე კარლეტონ ვარნეი ატარებს. წარმოადგინეთ თქვენი საკუთარი ბინის გეგმები, რომელზეც იმუშავებთ და გექნებათ პრეზენტაციები თემებზე, როგორიცაა „განცვიფრების ფაქტორის შექმნა” და „თქვენი ოთახისთვის ინდივიდუალიზმის მინიჭება”. მამულში ტურები ფანტაზიას გაგიღვიძებთ, ისეთი ბონუსი კი, როგორიცაა ჩაის სმის საღამოები, მოგაგონებთ, რომ არდადეგებზე ხართ.