ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა - ISET Policy Institute

ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა - ISET Policy Institute

ISET Policy Institute-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, თუმცა წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 6.9%-ით შემცირდა. მიმდინარე თვეში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.47 ლარი შეადგინა.

„წლის ამ პერიოდში ინდექსის ზრდა ჩვეული მოვლენაა, რასაც, მეტწილად, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს. ამის მიზეზი ნედლი რძის მიწოდების სეზონური შემცირებაა, რაც ზრდის მოთხოვნას იმპორტირებულ რძის ფხვნილზე,“ – განმარტავს ISET Policy Institute-ი.

მისივე ინფორმაციით, ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტი გაძვირდა. მათ შორის ყველის ფასი 8.3%-ით გაიზარდა, საფუვრის – 5.9%-ით, კარაქის – 3.5%-ით, რძის – 2.6%-ით, ფქვილის – 0.4%-ით და კვერცხის – 0.3%-ით.

აღსანიშნავია, რომ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება ყველაზე ძვირი ქუთაისში (6.66₾), ყველაზე იაფი კი ბათუმში (6.39₾) ჯდება. ფასი ყველაზე მეტად ქუთაისსა (+14.3%) და თელავში (+12.7%) გაიზარდა. ISET Policy Institute-ი უახლოეს მომავალში ფასების მთელი ქვეყნის მასშტაბით მატებას პროგნოზირებს.

„სავარაუდოდ, ძირითადი საკვები პროდუქტების ფასები ზრდას განაგრძობს მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდით გამოწვეული მოთხოვნის ზრდის გამო, რასაც ემატება ზამთრის სეზონური დეფიციტი მიწოდების მხარეს.“ – აღნიშნულია ISET Policy Institute-ის ანგარიშში.