POLITICO-მ ივანიშვილი ევროპის გავლენიანი ადამიანების სიის „ამრევების“ კატეგორიაში დაასახელა

POLITICO-მ ივანიშვილი ევროპის გავლენიანი ადამიანების სიის „ამრევების“ კატეგორიაში დაასახელა

გამოცემა POLITICO-მ ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანებს რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში სულ 28 პირს ვხვდებით, რომლებიც სამ კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი, ესენია: შემქმნელები, ამრევები და მეოცნებეები. საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, გამოცემის „ამრევების“ კატეგორიის მერვე ადგილზე მოხვდა.

მიმდინარე წლის რეიტინგში ყველზე მეტი, 21 პოზიციით პოლიტიკური სფეროს წარმომადგენლებს ვხვდებით. გამოცემამ 2023 წლის ყველაზე გავლენიან პიროვნებად ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული საპარლამენტო კოალიციის ლიდერი დონალდ ტუსკი დაასახელა. გასულ წელს, ევროპის ყველაზე გავლენიან პიროვნებად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასახელდა. ამჟამად ზელენსკი „მეოცნებეთა“ კატეგორიის ლიდერია.

რაც შეეხება „ამრევებს“, ივანიშვილი აღნიშნულ კატეგორიაში ისეთ პირებთან ერთად მოხვდა, როგორებიც პუტინის ბანკირი ელვირა ნაბიულინა და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი არიან. POLITICO საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს „ოლიგარქად“ მოიხსენიებს და მის მიზნებს შორის „თბილისის ევროკავშირისგან ჩამოშორებასა და კრემლის კლანჭებში მოხვედრას“ ასახელებს.

„საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. 2022 წლის ივნისში ბრიუსელმა საქართველოს ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად 12 რეკომენდაციაც ჩამოაყალიბა, თუმცა საკითხავია დაუშვებს თუ არა ამას ივანიშვილი“, – წერს POLITICO.