ნორვეგიის სუვერენული ფონდი თურქეთში სხვადასხვა სექტორში ინვესტიციებს აფართოებს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი წერს. ბოლო ინფორმაციით, ნორვეგიულმა ფონდმა თურქულ ტკბილეულობის მწარმოებელ კომპანიაში აქციები შეისყიდა. საუბარია Kervan Gıda-ზე, სადაც ფონდმა 7.7%-იანი წილი იყიდა დაახლოებით $509 113-ად.
აღსანიშნავია, რომ აქციების პირველადი საჯარო განთავსებისას (IPO), რომელიც 26-27 ნოემბერს შედგა, ინვესტორების მხრიდან თურქული კომპანიისადმი დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა. აქციების მესამედი ადგილობრივმა ინვესტორებმა შეიძინეს. ცნობისთვის, Kervan-ი ცნობილია თავისი ბრენდით Bebeto, რომლის სახელითაც ჟელიბონები და კანფეტები იწარმოება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჯამში მსოფლიოს უმსხვილეს სუვერენულ ფონდს 2019 წლის დეკემბრამდე დაახლოებით $800 მლნ ოდენობის ინვესტიციები აქვს განხორციელებული თურქეთის სხვადასხვა სექტორში. მათ შორის ექვს ენერგოკომპანიაში ჯამში $117 მილიონის ოდენობის აქციები აქვს ნაყიდი.
ამასთან, ფონდის უმსხვილესი ინვესტიცია იყო Akbank-ში, სადაც მან 1.43%-იანი წილი შეიძინა. გარდა ამისა, საუბარია სხვა სექტორებზეც, როგორიცაა საკომუნიკაციო სერვისები, მინის და ქიმიკატების წარმოება, ავეჯის, საკვების და სასმელის მწარმოებელი კომპანიები.
შეგახსენებთ, ნორვეგიის სუვერენული ფონდი ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი განყოფილების მიერ იმართება და ოპერირებს იმ წესებით, რომელსაც ქვეყნის პარლამენტი აწესებს. ის 1996 წელს შეიქმნა და გლობალურად 9 200 კომპანიაში აქვს აქციები ნაყიდი.