გუშინ, 26 მარტს, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების, Nvidia-სა და Tesla-ს აქციების ფასი შემცირდა, რამაც კომპანიებს ასობით მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დააკარგვინა.
Nvidia-სა და Tesla-ს აქციების ღირებულებამ, თითოეულის შემთხვევაში, დაახლოებით 6%-ით იკლო. ამან გარკვეული წვლილი შეიტანა S&P 500-ის 1%-ზე მეტად შემცირებასა და Nasdaq-ის 2%-ზე მეტად ვარდნაში.
AI-ჩიპების მწარმოებელმა Nvidia-მ (დაახლოებით 170 მილიარდი დოლარი) და ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ (52 მილიარდი დოლარი) საერთო ჯამში 222 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგეს. აღსანიშნავია, რომ მათი ზარალი General Electric-ის, აშშ-ის სიდიდით 35-ე საჯარო კომპანიის, მთლიან შეფასებას აღემატება.
ბოლო პერიოდში Nvidia-სა და Tesla-ს აქციების ფასის არასტაბილურობაზე დიდ გავლენას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებები ახდენს, კერძოდ კი მის მიერ უკვე შემოღებული ან დაანონსებული ტარიფები. აღსანიშნავია, რომ ახლახან ტრამპმა ქვეყანაში ავტომობილებისა და ავტონაწილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა. პირველი მათგანი ძალაში 2 აპრილიდან შევა, მეორე კი სავარაუდოდ მაისში ან უფრო გვიან ამოქმედდება.
გუშინ აქციების ფასის კლება Nvidia-სა და Tesla-ს კონკურენტებმაც განიცადეს. მათ შორის, ავტომწარმოებლების General Motors-ის, Rivian-ისა და Stellantis-ის აქციების ღირებულება მინიმუმ 2%-ით დაეცა. ამასთან, ჩიპების წარმოებაში Nvidia-ს კონკურენტების Advanced Micro Devices-ის, Broadcom-ისა და Taiwan Semiconductor Manufacturing Company-ის აქციების ფასი, თითოეულის შემთხვევაში, 4%-ზე მეტით შემცირდა.
Tesla-ს აქციების ღირებულების კლების შედეგად, გუშინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ქონება 2.54%-ით, $9 მილიარდით შემცირდა და $347.7 მილიარდს გაუტოლდა. რაც შეეხება ჯენსენ ჰუანგს, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორისა და პრეზიდენტის ქონება 5.65%-ით, $6 მილიარდით შემცირდა და $99.6 მილიარდი შეადგინა.