ონლაინპოკერის მეფე ქართულ-ებრაული ფესვებით

ონლაინპოკერის მეფე ქართულ-ებრაული ფესვებით

ქართველი ებრაელების შვილმა, დავით ბააზოვმა, რომელსაც წარსულში მონრეალის პარკის სკამებზე ეძინა, ინტერნეტპოკერზე ფსონის გაკეთებით $800-მილიონიანი ქონების დაგროვება მოახერხა. ახლა მას ფსონის გაზრდა უწევს.

გასული წლის დასაწყისში დავით ბააზოვმა Blackstone Group-ის მანჰეტენური ოფისის კარი შეაღო. მან მსოფლიოს უდიდეს კერძო საინვესტიციო ფირმას თავხედური შეთავაზება წარუდგინა. იმ დროს 33 წლის ბააზოვი Amaya-ს ხელმძღვანელი იყო – გაურკვეველი მონრეალური კომპანიის, რომელიც სათამაშო ინდუსტრიის აქტივებს ფლობდა. მაგრამ ბააზოვს დიდი გეგმები ჰქონდა. Blackstone-ის საკრედიტო განყოფილების დახმარებით, მას ონლაინპოკერის მსოფლიოში უდიდესი კომპანიის, Pokerstars- ის შესყიდვა სურდა, რისთვისაც $4.9 მილიარდი სჭირდებოდა. ბააზოვი ისე იქცეოდა, თითქოს ყველა კოზირი ხელში ეჭირა და, ერთი შეხედვით, გიჟურ სქემას წარადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ Amaya-ს აქციები $7-ზე მეტი არ ღირდა, ბააზოვს სურდა, Blackstone-ისა და სხვა ინვესტორებისთვის ისინი $18-ისა და ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ მიესაღებინა, რომლებიც Amaya-ს აქციებში $21-ად კონვერტირდებოდა.

შესაძლოა კაპიტალიზმის ისტორიაში რომელიმე აღმასრულებელ დირექტორს მოუხერხებია, კომპანიის საკუთარი კაპიტალის ნომინალი ცამდე გაზრდით გაესხვისებინა, მაგრამ Blackstone-ის საკრედიტო ჯგუფის ხელმძღვანელებს ამგვარი არაფერი სმენოდათ. მათ შეხვედრა შუა მსვლელობისას გაწყვიტეს და ბააზოვი გარეთ გამოაგდეს. “გარეთ რომ გამოვედით, ჩემს კომპანიონებს გული უფრიალებდათ”, – ამბობს ბააზოვი.

მომდევნო თვეებში ბააზოვმა ერთად შეყარა PokerStars-ის საიდუმლოებით მოცული მფლობელები, უხალისო ბანკირები და უოლ- სტრიტის ბობოლა ინვესტორები. არ ვიცით, როგორ მოახერხა ამ წარმოუდგენლად რთული გარიგების მიღწევა, მაგრამ Amaya-ს მეწილეებს გაუმართლათ: აგვისტოში ბააზოვმა PokerStars-ის შეძენა შეძლო Amaya-ს $1.7 მილიარდი ღირებულების აქციების გასხვისებით. თითო აქციის გასაყიდმა ფასმა $18 შეადგინა, კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ კი – $21 თითო საზიარო აქციაზე. Blackstone-ის საკრედიტო განყოფილებამ, რომელსაც უოლსტრიტელები GSO-ს უწოდებენ, $1-მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა – ეს მისი ყველა დროის უდიდესი ნაკისრი ვალდებულებაა ერთ გარიგებაში. GSO-მ თითო აქციაში არსებითად ეფექტური ფასი გადაიხადა – $15, მას შემდეგ, რაც ბააზოვმა თითქმის უფასო ოპციონები შესთავაზა თავის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ მხარდამჭერს.

ამ ერთი ტრანზაქციით ბააზოვი ონლაინპოკერის მეფედ იქცა, რთული და მაღალფსონიანი თამაშის თითქმის მილიარდერ მოთამაშედ, რომელსაც ისეთ ტიტანებთან უწევს ბაზრის წილისთვის ჭიდილი, როგორიც, მაგალითად, თვით შელდონ ადელსონია. თავდაჯერებულობა და გაბედულება, რომლითაც მან ეს ბლეფური პარტია გაითამაშა, უბრალოდ განსაცვიფრებელია. ვერავინ ვერასოდეს იფიქრებდა (მისი კომპანიის სხვა მენეჯერების ჩათვლით), რომ ბააზოვი შეძლებდა, მხოლოდ $150-მილიონიანი შემოსავლის მქონე საჯარო კომპანიას, Amaya-ს, ერთიანი ნაღდი ანგარიშსწორებით შეეძინა Rational Group-ი – სადავო წარსულისა და $1.1-მილიარდიანი შემოსავლის მქონე, კუნძულ მენზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია, რომელიც PokerStars-ის გარდა Full Tilt Poker-ს განკარგავდა.

მაგრამ ბააზოვმა – ჩაატარა. ახლა მისი კომპანიის თითოეული აქციის ფასი $33-ია, მათი რენტაბელურობა კი 2,600%- მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2010 წელს Amaya-მ, ბააზოვის მეთაურობით, აქციების საჯარო შეთავაზება განახორციელა. კომპანიაში მისი 12.5%-იანი წილი ახლა $800 მილიონი ღირს. “ამ, არ ვიცი გაბედულმა თუ თავხედურმა, გარიგებამ ინდუსტრია შეარყია და მოწმეები შოკში ჩააგდო”, – ამბობს რობერტ იანგი, Canacord Genuity-ის ფინანსური ანალიტიკოსი. – მივიდნენ და იყიდეს ონლაინთამაშების გვირგვინის თვალი $4.9 მილიარდად, მათი კომპანიის შეფასება კი $1-მილიარდამდეც ვერ ქაჩავდა”.

შეძლებს ბააზოვი სხვა პარტიების იმავე წარმატებით ჩატარებას? – ეს შეკითხვა კვლავინდებურად ღიაა, თუმცა ბააზოვის ამბავი უკვე შედგა ჯერ არმოყოლილ საგად იღბლის, უტიფრობის, შეუპოვრობისა და დაჟინებულობის შესახებ, რაც იდიშზე ერთ სიტყვაში ერთიანდება – “ხუცპა”.

“თავად პოკერი ტრანზაქციაზე მოლაპარაკებას ჰგავს, – განუცხადა ბააზოვმა Forbes-ს, მის ცხოვრებაში პირველ ვრცელ ინტერვიუში – ეს ნამდვილად თამაში იყო, ნამდვილად უზარმაზარ ფსონზე”. და ის მხოლოდ ახლახან დაიწყო.

დავით ბააზოვი, რომელმაც იმდენი მოიგო, რამდენიც ძნელად შესაძლებელია მოლაპარაკებების სამაგიდო თამაშში, ამბობს, რომ პოკერის მოთამაშე მასზე ძნელად ითქმის. იგი მშენებლის შვილია. დაიბადა ისრაელში, თუმცა ერთ წელიწადში მისი ქართველი მშობლები მონრეალში გადავიდნენ საცხოვრებლად. თანამედროვე ორთოდოქს-იუდაისტური, ექვსშვილიანი ოჯახი გაგებით ეკიდებოდა დავითის მეამბოხე ბუნებას – თუმცა მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში. მათემატიკური ნიჭით გამორჩეულ ბააზოვს სკოლა მოსწყინდა და 16 წლის ასაკში ღრმად კონსერვატორ მშობლებს განუცხადა, რომ სწავლას თავს ანებებდა. მათი რეაქცია მოსალოდნელი იყო და ტინეიჯერი დავით ბააზოვი ქუჩაში აღმოჩნდა.

ამპარტავნებითა და რაიმე საქმის წამოწყების სურვილით ატანილი ბააზოვი დანებებას არ აპირებდა. ცოტა ხანს მეგობრის სახლში ცხოვრობდა, თუმცა მალევე მოუწია ღამეების გათევა პარკებში და ჰოკეის საჯარო არენებზე, რომლებიც მონრეალში მრავლადაა. ჰოკეის საჯარიმო ჯიხურში ეძინა, რათა ძლიერ ქარში არ გაყინულიყო. ქუჩაში, აუტანლად ცივ ამინდში, ორი კვირის გატარების შემდეგ დავითმა მისი ძმის მართვის მოწმობა გამოიყენა, რათა ბინა ექირავებინა. ამასობაში ურთიერთობა დაალაგა საკუთარ მშობლებთან და პირველი ფულის გამომუშავებაც მოახერხა ქიმწმენდისა და ტანისამოსის მაღაზიების ფასდაკლების კუპონების გაყიდვით – ფოსტის საშუალებით. შემდეგ კომპიუტერის გადამყიდველი პუნქტი გახსნა მონრეალში და პაწია ოფისი იქირავა, რომელიც პირველ 5 თვეში მხოლოდ ორიოდე ადამიანმა მოინახულა. “შენს ცნობიერებას შენი ფიქრები განაპირობებს, – ამბობს ბააზოვი, – ფიქრობ, რას ვაკეთებ?”

პირველი გამართლება იყო გარიგება მონრეალის საჯარო ბიბლიოთეკასთან, რამაც საშუალება მისცა, მომდევნო ხუთ წელიწადში საკუთარი კომპანიის ბრუნვა $20 მილიონამდე გაეზარდა. “კომპიუტერს თვალდახუჭული დაშლიდა და ააწყობდა, – ამბობს მორდენ ლაზარუსი, მონრეალელი ადვოკატი, რომელიც ბააზოვს ბევრი წელია, იცნობს, – როგორც ყველა “დადი კრავიცს” ამ სამყაროში, მასაც სურდა წარმატებული ყოფილიყო და ოჯახს მისით ეამაყა”. 25 წლის ასაკში, კომპიუტერების პირდაპირი გაყიდვების მოდელის დამკვიდრებით შეშინებულმა, თავისი კომპანია გაასხვისა, მას შემდეგ, რაც ტენდერი წააგო Compaq-თან – ერთ- ერთ კომპანიასთან, რომლის დისტრიბუტორიც თავად მისი კომპანია გახლდათ.

2005 წელს მან პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში შეღწევა გადაწყვიტა, თუმცა კონკრეტულად რა გაეკეთებინა, არ იცოდა. მოწვეულმა დეველოპერებმა გადაწყვიტეს, რომ პირველი შემოსავლისთვის პოკერის ელექტრონული მაგიდა შეექმნათ, რომელსაც კაზინოებსა და საკრუიზო გემებს მიჰყიდდნენ. მოწყობილობა საშუალებას აძლევდა ადამიანებს, დილერის გარეშე ეთამაშათ. ბააზოვმა საკუთარ კომპანიას Amaya უწოდა, კომპიუტერული ქსელების კომპანიის, Avaya-ს წაბაძვით, სადაც მისი და ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

$6-მილიონიანი შემოსავლის მიღწევის შემდეგ, 2010 წელს, ბააზოვმა Amaya-ს აქციების საჯარო შეთავაზება განახორციელა კანადის იაფფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, სახელადToronto Venture Exchange-ი. თითო აქციის ფასი $1-მდე იყო და კომპანიამ $5 მილიონის მოზიდვა მოახერხა. IPO-სთვის სამზადისში მყოფმა 29 წლის ბააზოვმა მოახერხა შეხვედრა NATO-ს სარდალთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან, გენერალ ვესლი კლარკთან, რომელიც ემხრობოდა აზარტული თამაშებით საგადასახადო შემოსავლის მიღებას, განსაკუთრებით – პატარა ქვეყნებში. ვაშინგტონში გამართული ვახშმიდან დაბრუნების შემდეგ ბააზოვმა თანამშრომლებს უთხრა, რომ გენერალი კლარკი მათი კომპანიის სამეურვეო საბჭოს შეუერთდებოდა. “დაადასტურა, რომ შემოგვიერთდება?” – ჰკითხა ფინანსურმა დირექტორმა. არ დაუდასტურებია, თუმცა ბააზოვი დარწმუნებული იყო, რომ ასე მოხდებოდა. “იგი გამოუსწორებელი ოპტიმისტია. მისთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა, მაშინაც, თუკი ამ ჭიქის ნამსხვრევები ერჭობა ხელში”, – ამბობს ფინანსური დირექტორი. გენერალი კლარკი დათანხმდა და დღესაც Amaya-ს ბორდის წევრია.

ამგვარი აგრესიული თამაშის სტილის გათვალისწინებით ალბათ გარდაუვალი იყო, რომ ბააზოვი ონლაინპოკერის “ველურ დასავლეთს” თვალს დაადგამდა. მონრეალი ძალიან ახლოსაა კანავაკე მოჰოკების სუვერენულ ტერიტორიასთან, რომელზეც შესაბამისი გადასახადები არ ვრცელდება და ამიტომ ონლაინთამაშების სერვერებისთვის ოფშორის როლს ასრულებს. პატარა, საჯარო კომპანიის ხელმძღვანელმა ბააზოვმა ფასდაკლებით შეიძინა ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა Chartwell Technology და Cryptologic-ი. ონლაინკაზინოების სათამაშო პროგრამებით მომმარაგებელი ამ კომპანიების აქციები მნიშვნელოვნად გაიაფებული და “მოდიდან გადასული” იყო. ბააზოვის შემდეგი ლუკმა ონლაინპოკერის პროგრამების შემქმნელი კომპანია Ongame-ი გახლდათ. კრი ტიკოსები ვერ ხვდებოდნენ, ეს ყოველივე რას ემსახურებოდა, მაგრამ პასუხი მარტივია: იგი უბრალოდ ამბისა და აქციების მარაგის შექმნაზე ზრუნავდა.

2012 წელს მან $177 მილიონად შეისყიდა სათამაშო აპარატების მწარმოებელი Cadillac Jack-ი. ამგვარად, ბააზოვს უკვე წლიური $36-მილიონიანი ბრუნვა ჰქონდა. აგრეთვე ჩამოუყალიბდა ურთიერთობა Blackstone-ის GSO-ს საკრედიტო განყოფილებასთან – Cadillac Jack-ის შესყიდვის პროცესში უდიდეს ფინანსურ მხარდამჭერთან – ბააზოვმა ამ გარიგებისთვის GSO-სგან $110 მილიონი ისესხა. Amaya-ს აქციების ფასი გაორმაგდა. 2012 წლის ნოემბერში $3.5 იყო, 2013 წლის მიწურულისთვის კი $7-ს გადააჭარბა.

Cadillac Jack-ის შეძენის შემდეგ ბააზოვმა თავის ფინანსურ დირექტორს, დანიელ სებაგს, განუცხადა, რომ უფრო დიდი ნადავლი ამოეღო სამიზნეში. მას Rational Group-ის შეძენა სურდა, PokerStars-ის ფარული კერძო მფლობელის. “გთხოვ, ერთი წუთიც კი არ დახარჯო ამაზე ფიქრში”, – უპასუხა სებაგმა. ეს შეუძლებლად გამოიყურებოდა. გარდა იმისა, რომ Rational-ი რამდენიმეჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე Amaya, იგი საკუთარი გიგანტური შემოსავლებითაც გახლდათ ცნობილი. ამასობაში კი Amaya ფულს ჰკარგავდა.

მაგრამ ბააზოვმა შესაძლებლობა იყნოსა. PokerStars-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ისაი შეინბერგი იყო, კანადელი ებრაელი. მას კომპანიის დიდი ნაწილი საკუთარი შვილის, მარკის სახელზე ჰქონდა გაფორმებული. თუმცა, მიუხედავად PokerStars-ის ფინანსური ძლიერებისა, კომპანია ლეგალურ პრობლემებში იყო გახვეული, რაც აშშ- ში მისი ონლაინპოკერზე დაფუძნებული საქმიანობის გაგრძელებამ გამოიწვია 2006 წლის შემდეგ, როცა კონგრესმა აზარტულ თამაშებზე არაკანონიერი ზემოქმედების აქტი დაამტკიცა.

2011 წელს ფედერალურმა პროკურატურამ გათიშა PokerStars-ის ამერიკული ვებსაიტი, სარჩელი აღძრა ისაი (მაგრამ არა მარკ) შეინბერგის წინააღმდეგ, არალეგალური სათამაშო ბიზნესის წარმართვისთვის. აღსანიშნავია, რომ ისაი შეინბერგი და კომპანია ყოველთვის უარყოფდნენ ბრალდებებს და ამტკიცებდნენ, რომ აშშ-ში ლეგალურად მუშაობდნენ. საბოლოოდ კომპანიას $731-მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა რთული საპროცესო გარიგების შემდეგ, რაც მისი მთავარი კონკურენტის, Full Tilt Poker-ის შეძენასაც გულისხმობდა.

თუმცა ისაი შეინბერგის წინააღმდეგ ბრალდებები არ მოხსნილა და იგი კვლავ კუნძულ მენზე რჩებოდა, PokerStars-ს კი კვლავაც არ შეეძლო ამერიკაში დაბრუნება, მას შემდეგაც კი, რაც სამმა შტატმა – ნიუ- ჯერსიმ, დელავერმა და ნევადამ – ონლაინპოკერს კარი გაუღო. ბააზოვი მიხვდა, რომ ეს ყოველივე შეინბერგებს ყელში ჰქონდათ ამოსული და რომ ისინი მზად იყვნენ ცხოვრების ახალი ფურცლის გადასაშლელად.

როდესაც ბააზოვი შეინბერგებს პირველად დაუკავშირდა, მათ PokerStars-ის გაყიდვის წინადადება ხუმრობად მიიღეს. ჯერ არ იცოდნენ, ვინ იყო ბააზოვი. ერთ დღესაც ბააზოვი ირლანდიის ზღვის შუაგულისკენ გაემართა, რათა შეინბერგებს კუნძულ მენზე შეხვედროდა. პასუხად მიიღო, რომ ისინი არ იყვნენ დაინტერესებულნი მისთვის კომპანიის მიყიდვით და ესეც რომ არა, ვერ ხვდებოდნენ, საიდან უნდა მოეგროვებინა მას საჭირო ფული. დაჟინებული ბააზოვი 2013 წელს ექვსი თვის მანძილზე განაგრძობდა მათთვის თავის შეწყენას სატელეფონო ზარებით. “საკმაოდ გავჯიუტდი”, – ამბობს ბააზოვი (შეინბერგებმა უარი გვითხრეს კომენტარზე).

2013 წლის ზაფხულში შეინბერგებმა გადაწყვიტეს ბააზოვს ბლეფში აყოლოდნენ. აცნობეს, რომ მზად იყვნენ მოლაპარაკებისთვის, თუკი ის მოახერხებდა ფინანსური ფირმისგან $3-მილიარდიანი ვალდებულების წერილის წარდგენას. ეს სიტყვები ბააზოვისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მან სთხოვა შეინბერგებს, კომპანიის ზოგიერთი ფინანსური მონაცემი მისთვის გადაეგზავნათ. პასუხმა კი უკვე გააოცა – “არა”.

“ერთი ცუდი, ერთიც კარგი ამბავი მაქვს, – მოახსენა მან საკუთარ “ჯარისკაცებს”. – შეინბერგებს სურთ $3-მილიარდიანი წერილის მიღება, მაგრამ არ გვიგზავნიან საკუთარ ფინანსურ ინფორმაციას”. მისი მენეჯერების ჯგუფმა ამ ამბავში კარგი ვერაფერი დაინახა, თუმცა ბააზოვმა განუმარტა: “ნებისმიერი გამყიდველი, რომელიც გთხოვთ $3-მილიარდიან ვალდებულების წერილს და არ გაძლევთ არანაირ ფინანსურ ინფორმაციას, ძალიან კარჩაკეტილი გამყიდველია, რომელსაც მხოლოდ ერთ მყიდველთან სურს ურთიერთობის დაჭერა. ეს ჩვენთვის ექსკლუზიურობას ნიშნავს”.

ბააზოვი Blackstone-ის GSO-სთან საკუთარ ურთიერთობას დაეყრდნო. მან GSO-ზე შთაბეჭდილება მოახდინა გამუდმებული აქცენტით რიცხობრივ შედეგზე, რომელიც Blackstone-ს უჩვენა, მას შემდეგ, რაც GSO-ს განყოფილება დაეხმარა Cadillac Jack-ის შეძენაში, შემდეგ კი ვალი გადაფარა. ეს საკმარისი იყო წერილის მისაღებად. “ყველა პირობა დააკმაყოფილა და ჩვენზე ამან იმუშავა”, – ამბობს ბენეტ გუდმანი, Blackstone-ის GSO-ს განყოფილების თანადამფუძნებელი. წერილმა, თავის მხრივ, შეინბერგებზე მოახდინა შთაბეჭდილება. ეს ზედმეტად კარგი იყო იმისთვის, რომ სიმართლე ყოფილიყო – მათ თავად Blackstone-ისგან გამოითხოვეს დასტური. “თითქოს მეუბნებოდნენ – არ ვუარობთ, თუმცა გვსურს, მათ თავად ველაპარაკოთ”, – ამბობს ბააზოვი.

ბააზოვს საქმე 2013 წლის შემოდგომაზე შეუმსუბუქდა – PokerStars-სის ისაი შეინბერგთან ასოცირებულობის გამო ნიუ-ჯერსის რეგულატორებმა მისი ლიცენზირების პროცესის შეჩერება გადაწყვიტეს, მაშინ როცა ამ შტატმა სხვა ონლაინთამაშების არსებობაზე ნებართვა გასცა. PokerStars-მა მძიმედ იშრომა, რომ ონლაინთამაშებზე რეგულაციების მქონე უდიდეს შტატში შეეღწია და ყველაფერი იმედგაცრუებით დასრულდა. ისინი უკვე მზად იყვნენ გარიგებისთვის.

ბააზოვი კუნძულ მენს ხელახლა 2013 წლის დეკემბერში ესტუმრა. PokerStars-ი დახვდა პრეზენტაციით, რომელიც, როგორც იქნა, შეიცავდა ფინანსურ მონაცემებსა და ინფორმაციას მომხმარებლების შესახებ. აღმოჩნდა, რომ PokerStars-ს ონლაინპოკერის ბაზრის ვირტუალური მარწუხები განევითარებინა, 89 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებლით, რომელთაგან 5 მილიონი ყოველთვიურად აქტიურობდა. და ვინაიდან მისი სერვერები კარგ ფულს წერდნენ თითოეული ციფრული მაგიდის ბანკიდან მცირე წილის აღებით, კომპანია პირდაპირი გაგებით “ფულის მჭრელი მანქანა” იყო, რომელიც ყოველწლიურად $417 მილიონს გამოიმუშავებდა $1.13-მილიარდიანი შემოსავლიდან. “შეხვედრიდან ყველა დიდი შთაბეჭდილებით გამოვიდა, – ამბობს ბააზოვი. – ჩვენ ყველა მცდარ წარმოდგენას ხაზი გადავუსვით – ეს ფენომენალურად კარგად მომუშავე კომპანია იყო”.

2014 წლის დასაწყისში Amaya-მ და Rational-მა ხელი მოაწერეს განზრახვის წერილს $4.9-მილიარდიანი საფასე იარლიყით. ახლა ბააზოვს უკვე ჰქონდა გარიგება, მაგრამ მას არ ჰქონდა ფული. იმავე სიჯიუტით, რომელმაც მონრეალის გაყინულ პარკში მისი ძილი განაპირობა, ბააზოვი Blackstone-ს მიადგა. წინადადებაზე აღმაშფოთებელი უფრო ითქმოდა, ვიდრე საქმიანი. და ისტორია განმეორდა – სიჯიუტემ იგი კვლავ ქუჩაში გამოაგდო. მაინც არ მოიშალა თავისი. ბააზოვმა განაგრძო Blackstone- ისთვის თავის მობეზრება. უნდოდა, მათი გული მოეგო PokerStars-ის საბუღალტრო წიგნიდან შემეცნებული გიგანტური შემოსავლებით. Blackstone-ი მას შემდეგ მოლბა, რაც მომხმარებელთა ერთგულების მონაცემები შეისწავლა. შემოსავლის 60% გენერირდებოდა იმ მომხმარებლებისგან, რომლებიც PokerStars-ზე 2001-2010 წლებში დარეგისტრირდნენ. Blackstone-ის კიბერუსაფრთხოების სამსახურის უფროსის აუდიტმაც კარგი სამსახური გაუწია ბააზოვს – ამ მიმართულებით PokerStars-ი ბრწყინავდა. ასე ნაბიჯ- ნაბიჯ მოიგო ბააზოვმა Blackstone-ის გული – მაგალითად, დაეთანხმა ოპციონების კაპიკებში მიცემაზე, რომლითაც Blackstone-ი Amaya-ს 11 მილიონ საზიარო აქციას შეიძენდა (თუმცა სამეურვეო საბჭოში ადგილები არ დათმო).

ზაფხულისთვის მან საბოლოოდ დაარწმუნა Blackstone-ის GSO, $1 მილიარდის ფასგაბერილი აქციები შეეძინათ. მსხვილი ტრანშით, აქციები შეიძინეს სხვა ინვესტორებმაც, მაგალითად BlackRock-მა, რომელიც აქტივების მენეჯმენტის უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში. დარჩენილი $2.9-მილიარდისთვის ბააზოვმა და Blackstone-მა ბანკებს მიმართეს – Deutche Bank-ს, Barclays-სა და სხვებს. მაგრამ ბანკებისთვისაც უპრეცედენტო იყო ამხელა სესხი ონლაინგემბლინგის აქციების შესაძენად. ამ საქმეში ჩართული ერთ-ერთი პირის თქმით, დასაწყისში 10%-ზე ნაკლები ალბათობა იყო, რომ ბანკები ტრანზაქციას დააფინანსებდნენ.

მაგრამ წარდგენილ რიცხვებზე – და გაყიდვების მოცულობაზე – უარის თქმა შეუძლებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ ბანკებმა ასესხეს გამოთხოვილი თანხა და Amaya-მ Rational Group-ი შეიძინა. მარკ შეინბერგი, რომელსაც სწორედ მაშინ შეუსრულდა 40 წელი, სახლში $4.1-მილიარდით გამდიდრებული დაბრუნდა – უფრო მდიდარი, ვიდრე ლას-ვეგასის ხელახლა შემქმნელი სტივ ვინი.

და ბააზოვი? – მან ნამდვილად გაიმარჯვა. გარიგება პირველ აგვისტოს შედგა, ორი დღით ადრე, სანამ ბააზოვს 34 წელი შეუსრულდებოდა. გონიერებითა და ურყევი ნებისყოფით მან თავისი ე.წ. Penny Stock საჯარო კომპანია მულტიმილიარდდოლარიან ონლაინთამაშების იმპერიად გადააქცია – ისე, რომ ამისთვის საკუთარი ჯიბიდან ცენტიც არ გაუღია.

მთელი ამ მძიმე მოლაპარაკებებისა და ძნელად მისაღწევი შეთანხმებების შემდეგ ბააზოვს უფრო დიდ გამოწვევებთან მოუწევს შერკინება. პირველ რიგში, მან უნდა სძლიოს რეგულატორებს იმ დუელში, რომელსაც შეინბერგებმა თავი აარიდეს. ამავდროულად ონლაინპოკერის გლობალური ინდუსტრია პოზიციებს კარგავს. აშშ – ერთ დროს ონლაინპოკერის ყველაზე დიდი ბაზარი – ამჟამად, ამ ბიზნესისთვის, მეტწილად კარჩარაზულია. მხოლოდ სამ შტატში მიიღწა გარღვევა, ისიც მკაცრი რეგულაციების ქვეშ და ამათგან არსებითად მხოლოდ ერთი შტატი იქცევს კომპანიების ყურადღებას – ნიუ- ჯერსი, რომელიც, თავის მხრივ, უკვე განაწყენებულია თვიურად მხოლოდ $10-მილიონიანი საგადასახადო შემოსავლით. გუბერნატორი კრის კრისტი ვარაუდობდა, რომ შტატი მეტს ამოიღებდა.

ონლაინთამაშების ინდუსტრიისთვის ამერიკა შტატ-შტატ საბრძოლველ არენად რჩება. უმცირესი შანსია იმისა, რომ კანონმდებლობა ფედერალურ დონეზე შეიცვლება, რაც ონლაინპოკერის ოქროს ხანას დააბრუნებდა. ბააზოვი ნიუ-ჯერსიში PokerStars-ის ხელახლა აღმოცენების გზაზე კვლავ წინააღმდეგობებს აწყდება. ინდუსტრიისთვის სახარბიელო შტატში, კალიფორნიაში დაწყებული დიალოგი კანონმდებლობის შეცვლაზე ჩანასახობრივ ეტაპზეა.

კაზინოების მილიარდერი შელდონ ადელსონი საქმეს არ აადვილებს. მსოფლიოში კაზინოების უდიდესი ოპერატორის, Las Vegas Sands-ის, მფლობელი ონლაინთამაშებს “ამორალურს” უწოდებს. ორი წლის უკან მან Forbes-ს განუცხადა, რომ “რამდენიც საჭიროა, იმდენს დახარჯავდა”, რომ საყოველთაო აკრძალვისთვის მიეღწია. იგი დაუზარელია იერიშებში PokerStars-ისა და მისი წარსულის მიმართ, როცა კი ამის საშუალება მიეცემა.

ბააზოვი მეტად დიპლომატიურია. “ვფიქრობ, შელდონი ის ადამიანია, რომელსაც პატივს ვცემ და ვეთაყვანები იმის გამო, რისი შექმნაც შეძლო, – ამბობს იგი, – თუმცა არა მგონია, რომ მორალისტური არგუმენტები წონიანია”. დანარჩენი მსოფლიოც წინააღმდეგობებით აღსავსეა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც PokerStars-ი ცდილობს დაარწმუნოს რეგულატორები ნიუ-ჯერსის მაგვარი ადგილებიდან, რომ კომპანია გულდასმით იცავს თითოეული იურისდიქციის კანონებს. იგი უკვე გამოვიდა რამდენიმე ე.წ. რუხი ბაზრიდან, როგორიცაა მალაიზია, ან თურქეთი, ხოლო კვინტესენციური ბაზრები – გერმანია და რუსეთი – მუდმივად ცვალებადია.

Amaya-ს გარიგება კანადაშიც კი რთულ სიტუაციაში აგდებს PokerStars-ს. კანადაში მოქმედებს კანონი, რომელიც მსგავს საიტებს კრძალავს – მაგრამ ამ აკრძალვებს არ აწესებს ოფშორულ საიტებზე. თუმცაღა კანადას არასდროს ჰქონია საქმე ინდუსტრიის გიგანტთან, რომლის მამობილი კომპანია მონრეალშია რეგისტრირებული. ბააზოვის თქმით, მან კანადური პროვინციები და რეგულატორები საქმის კურსში ჩააყენა გარიგებისთვის მზადების პერიოდში. “ბუნებრივია, ჩვენ გვინდოდა გვქონოდა კომფორტის გარკვეული ხარისხი ხელმოწერამდე, – ამბობს ბააზოვი დეტალებზე საუბრისთვის თავის არიდებით, – ჩვენ ის მივიღეთ”.

ბააზოვი ბევრს არ საუბრობს ამის შესახებ, მაგრამ კანადის რამდენიმე კანონმდებელმა განაცხადა, რომ სურდათ, PokerStars-ისგან პროვინციებს იმაზე მეტი საგადასახადო შემოსავალი მიეღოთ, ვიდრე ამჟამად.

მიუხედავად ამისა, ბააზოვს ერთი ტუზი მაინც აქვს დამალული სახელოში. PokerStars-ი ონლაინთამაშების გიგანტია, რომლის მოთამაშეთა ხარჯის წილი ყველა იურისდიქციასა და პოლიტიკოსს თავისთვის უნდა. სხვა რისი მიცემა შეუძლია მათთვის ბააზოვს? ონლაინთამაშების მსოფლიო ინდუსტრიამ 2014 წელს $39 მილიარდს მიაღწია H2 Gambling Capital-ის შეფასების მიხედვით, რაშიც ონლაინპოკერის წილი მხოლოდ 10%-ია. PokerStars-მა შარშან გამოუშვა კაზინოს თამაშები ესპანეთისთვის და რამდენიმე კვირაში დაისაკუთრა ბაზრის ორციფრიანი წილი. Full Tilt-ი კაზინოს თამაშებით მთელ მსოფლიოში ოპერირებს და პოკერის მოთამაშეების 30%-მა უკვე აითვისა ეს თამაშები. ახლა ჯერი სპორტულ ტოტალიზატორებზეა და 2015 წელს ბააზოვი უკვე აპირებს ამ მიმართულებით რამდენიმე ბაზარზე დამკვიდრებას. აშშ- ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტები განგვაწყობს ვიფიქროთ, რომ იგი ნაბიჯ-ნაბიჯ სოციალური გემბლინგის სფეროსაც აითვისებს. ამის ბუნებრივი განვითარება კი სპორტული გუნდების მფლობელობის სიმულაციური თამაშებია.

თუმცა თავს იჩენს მნიშვნელოვანი მომენტი – ბააზოვი უნდა დარწმუნდეს, რომ თავისი კლიენტურის ბირთვს არ გაანაწყენებს. ზოგიერთი ონლაინმოთამაშე უკვე ბუზღუნებს PokerStars- ის მიერ განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, მაგალითად, 5%-მდე გაზრდილ საკომისიოზე, რომელსაც PokerStars-ი იღებს თამაშებისთვის მასპინძლობის სანაცვლოდ. ვალუტის გაცვლის საკომისიოც 2.5%-მდე გაიზარდა. მაგრამ ბააზოვი წინ მიიწევს და შემდეგი გარიგებისთვის ემზადება. მან გასაყიდად გამოიტანა Cadillac Jack-ი და, წესით, მისი თითოეული აქტივიდან კარგი მოგება უნდა ნახოს, თუკი გავითვალისწინებთ სლოტების აპარატების სხვა მწარმოებელთა მიერ მიღწეულ ფასებს. აგრეთვე, მან შარშან მოიშორა Amaya-ს Ongame-ის განყოფილება.

ამ დროს Amaya-ს აქციებზე ფასი ელვის სისწრაფით იზრდება და ბააზოვი მზადაა, სხვა მიმართულებითაც გაიხედოს.

“ჩემი მიზანია, სათამაშო ბიზნესით მიღებული შემოსავალი კომპანიის სხვა შემოსავლებზე ნაკლები იყოს, – ამბობს ბააზოვი. – ჩვენ სამომხმარებლო ტექნოლოგიებზე ფოკუსირებული კომპანია ვართ. ჩვენ არ შეგვიძენია Rational-ი აზარტული თამაშების გამო – მისი შეძენა ასე ძლიერ 89 მილიონი მომხმარებლის გამო გვინდოდა. მე მათ მოთამაშეებს არ ვუწოდებდი – ისინი მომხმარებლები არიან”. როგორც უნდა მოიხსენიოს ისინი, აშკარაა, მათზე ფსონის გაკეთება დიდი გამარჯვების საწინდარი იყო.