ოქროსა და ვერცხლის ფასი ბოლო 2 თვის მინიმუმამდე დაეცა – მიზეზები

ოქროსა და ვერცხლის ფასი ბოლო 2 თვის მინიმუმამდე დაეცა – მიზეზები

ფოტო: Getty Images

ოქროსა და ვერცხლის ფასები სამშაბათს მკვეთრად შემცირდა და ბოლო თვეების ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა. ანალიტიკოსები ფასების ვარდნას ირანის კონფლიქტის გარშემო არსებულ გაურკვევლობასა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის მოლოდინს უკავშირებენ.

გუშინ ვერცხლის ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა და უნციაზე $65.78 შეადგინა. დღის განმავლობაში ფასი ერთ მომენტში $64.46-მდეც დაეცა. ოქრო კი დაახლოებით 2%-ით გაიაფდა და უნციაზე $4,292-ის ფარგლებში ივაჭრებოდა, ხოლო დღის მინიმუმმა $4,259.90 შეადგინა.

ივნისი ორივე ძვირფასი ლითონისთვის რთული თვე აღმოჩნდა. ვერცხლმა თვის დასაწყისიდან ღირებულების 13%-ზე მეტი დაკარგა, ხოლო ოქრო დაახლოებით 6%-ით გაუფასურდა.

ბოლო შემთხვევა, როდესაც ოქროსა და ვერცხლის ფასი მსგავს დონეზე იყო, მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაფიქსირდა. მანამდე კი ასეთი დაბალი ფასები ბაზარზე დეკემბრის შემდეგ აღარ ყოფილა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ვერცხლის დინამიკა, რომელმაც იანვარში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლიდან თითქმის ნახევარი დაკარგა. მაშინ ვერცხლის ფასი უნციაზე $120-ს უახლოვდებოდა, ხოლო ოქროს ღირებულება დაახლოებით $5,600-ს აღწევდა.

ანალიტიკოსები ფასების შემცირების მთავარ მიზეზებად ირანის გარშემო მიმდინარე დაძაბულობას, ინფლაციის რისკებსა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინს ასახელებენ. ინვესტორები მეტ სიცხადეს ელოდებიან ინფლაციის, ენერგომატარებლების ფასებისა და ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, რაც მათ სიფრთხილეს განაპირობებს.

ბაზრის ყურადღება ახლა აშშ-ის მაისის ინფლაციის მონაცემებზეა მიპყრობილი, რომლებიც ოთხშაბათს გამოქვეყნდება. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ინფლაცია პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდება, ოქროსა და ვერცხლის ფასები შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.

გასულ კვირას გამოქვეყნებულმა შრომის ბაზრის ძლიერმა მონაცემებმაც გააძლიერა მოსაზრება, რომ ფედერალური რეზერვი ახლო მომავალში განაკვეთების შემცირებას არ განიხილავს. მაისში აშშ-ის ეკონომიკამ 172,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-ზე შენარჩუნდა.

მიუხედავად ბოლო კვირების მკვეთრი ვარდნისა, ოქროსა და ვერცხლის ფასები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებლებს. წლის დასაწყისში მათი ზრდა საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინმა, საერთაშორისო დაძაბულობამ, სავაჭრო ტარიფებმა და ტექნოლოგიური სექტორის მხრიდან ვერცხლზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. თუმცა ბოლო თვეებში ინვესტორების განწყობა შეიცვალა და ძვირფასი ლითონების ფასი ისტორიული მაქსიმუმებს მნიშვნელოვნად დაშორდა.