ორი წლის განმავლობაში პროცესის არაერთხელ გადადების შემდეგ, ტეხასში, Tesla-ს ქარხანაში პირველი ელექტროპიკაპი, Cybertruck-ი საბოლოო ააწყვეს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია Twitter-ზე ავრცელებს და ელექტროპიკაპის ფოტოსაც ურთავს.
ელექტროპიკაპი Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა საზოგადოებას ჯერ კიდევ 2019 წელს წარუდგინა. ელექტრომობილის წარმოება, მისივე განცხადებით, 2021 წლიდან უნდა დაწყებულიყო. თუმცა კოვიდის, ელექტროგამტარების, მიწოდების ჯაჭვისა და სხვა პრობლემების გამო პროცესი მრავალჯერ გადაიდო.
მაისში, კომპანიის აქციონერების შეხვედრაზე, ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla მოთხოვნის შესაბამისად ყოველწლიურად 250,000 ერთეული Cybertruck-ის საწარმოებლად მზადაა.
ელექტრომობილის წარმოების საბოლოოდ დაწყება Tesla-ს ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან სეგმენტში დიდ უპირატესობას მოაპოვებინებს. მიუხედავად იმისა, რომ Ford-მა და Rivian-მა ელექტროპიკაპების სეგმენტის წარმოება და მიწოდება დიდი ხანია, დაიწყო, მათი ავტომობილები ლიმიტირებულია. Tesla-ს კი Cybertruck-ის დიდი რაოდენობით წარმოების პოტენციალი აქვს.
ელექტროპიკაპების სეგმენტში Tesla Cybertruck-ის კონკურენტებს GMC Hummer EV, Ford F-150 Lightning-ი, Chevrolet Silverado, Jeep Wrangler Magneto და Rivian R1T წარმოადგენენ.