საქართველოში მიმდინარე მოვლენების განსახილველად, 15 მაისს, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ეწვივნენ. ბაიბა ბრაჟე (ლატვია), გაბრიელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვა), მარგუს ცაჰკნა (ესტონეთი) და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი (ისლანდია) საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
დღეს დილით გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას, მინისტრებმა რამდენიმე ძირითად საკითხზე ისაუბრეს. მათ შორის იყო ევროინტეგრაცია, საპროტესტო აქციების მიმდინარეობა, ქართველი ხალხის სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრი და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“, რომელიც მათი თქმით, მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროკავშირის დააშორებს. მნიშვნელოვანია ლიეტუვის წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც პირდაპირ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კანონპროექტი, შესწორებების შემთხვევაშიც კი არ იქნება მისაღები მათთვის, რადგან შინაარსობრივად ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებსა და ღირებულებებს.
„თქვენ ვერ გამოასწორებთ და შეალამაზებთ იმას, რაც ჩვენ ღირებულებებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება. საქართველო მიეკუთვნება ევროპას“ – განაცხადა ლანდსბერგმა.
პრესკონფერენცია პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გახსნა, რომელმაც მინისტრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ყოფნისა და მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ კი მინისტრებმა არაერთგზის აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტი წმინდად მეგობრული ხასიათისაა და არ ემსახურება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. თუმცა, ასევე მრავალგზის გაჟღერდა მოწოდებებიც კანონის უკან გატანასთან დაკავშირებით და ნახსენები იყო ის შესაძლო შედეგებიც, მათ შორის სანქციები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მიღებას მოჰყვება.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ იგი არ გეგმავს „ვეტოს საშუალებით მთავრობასთან ყალბ მოლაპარაკებებში შესვლას“ და არ უღალატებს იმ სულისკვეთებას, რომელიც დღესაა საქართველოში. „მე ვიქნები ამ [ევროკავშირისკენ] გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა“.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლა ზურაბ ჟვანიას სიტყვებით დაასრულა. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი”, დიახ – თქვენ ხართ“, ამ სიტყვებით მიმართა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართველ ხალხს გამოსვლისას კი ისაუბრა, როგორც კანონის არადემოკრატიულობაზე, ასევე აქტივისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობრივ ქმედებებზე: „თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები იყენებენ ამის შეზღუდვას მისი ძალის კონსოლიდირებისთვის. მე მჯერა, რომ საქართველო ამ გზას არ გადაუხვევს“.
ლანდსბერგის განცხადებით, ჯერ კიდევ არ არის გვიან, მანამ, სანამ მიღწეული წარმატებები „ერთი ხელის მოსმით განადგურდება“. თუმცა, კანონის მიღების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კანონპროექტი არის „სიმბოლო“ არჩევანისა რუსეთსა და თავისუფლებას შორის და დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მნიშვნელოვნად დახევს უკან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რაზეც ბლოკს შესაბამისი პასუხიც ექნება.
მარგუს ცაჰკნას გაცხადებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი „ლექციების ჩატარება“ არ ყოფილა, რადგან საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა სადაც არჩევნები ტარდება და ქართველმა ხალხმა იცის, რა არის მათი მომავალი. მინისტრი რუსეთიდან მომდინარე საფრთხესაც შეეხო, რომლის წინაშეც მისი ყველა მეზობელი ქვეყანა დგას: „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიში მდგომარეობაა… ყველა მეზობელი ქვეყანა რუსეთმა დააყენა საფრთხის წინაშე: ვიყოთ თავისუფლებისკენ თუ რუსეთის მხარე დავიჭიროთ, ეს არის არჩევანი, რომელიც გაქვთ“.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეს მიერ გაკეთებული განცხადებით კი, ევროკავშირში გაწევრიანება საჭიროებს პრაქტიკულ ნაბიჯებს, ქვეყანა უნდა მოერგოს ევროპულ სტანდარტებს: „ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ და ყველა კანდიდატ ქვეყანას ევალება იმავეს შესრულება“.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში არის გაწერილი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილი და 80%-ზე მეტი ქართველი მხარს უჭერს ამ დებულებას. ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებმა კი ფინანსური, პოლიტიკური და სხვა სახის კაპიტალი გაიღეს, რათა საქართველოს ამ ამოცანის შესრულებაში დახმარებოდნენ. მისივე თქმით, გაუგებარია, თუ რატომ გახდა საჭირო ამ კანონის შემოღება: „ჩვენ მოვისმინეთ გზავნილი ვეტოს შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მთავრობამ სრულად გადახედოს მის გადაწყვეტილებას და გადაწყვიტოს დგას თუ არა ევროკავშირის გზაზე“.