პანდემიამ გლობალური ტურიზმი $320 მილიარდით დააზარალა

პანდემიამ გლობალური ტურიზმი $320 მილიარდით დააზარალა

COVID-19-ის პანდემიამ გლობალური ტურიზმი ხუთი თვის განმავლობაში $320 მილიარდით დააზარალა. ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) აცხადებს. კორონავირუსის გავრცელებამ და “ლოქდაუნებმა“ ინდუსტრია შეაჩერა, რამაც იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში $320 მილიარდის ოდენობის ზარალი გამოიწვია.

UNWTO-ს ცნობით, 2020 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა ნახევარზე მეტად შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 300 მილიონი ტურისტი “გაქრა“.

მაისის შემდეგ, ბევრმა მაგალითად ევროპულმა ქვეყანამ გახსნა საზღვრები, რამაც ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის იმედი გააჩინა, თუმცა, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდამ საფრთხე შეუქმნა იმ პროგრესს, რასაც სექტორი მაისის შემდეგ განიცდიდა.

გარდა ამისა, კანადისა და აშშ-ის ჩაკეტილობა დიდ გავლენას ახდენს გლობალურ ტურიზმზე, ვინაიდან ბევრი ტურისტი ამ ორ ქვეყანაში „ჩარჩენილია“.

“ბოლო მონაცემები ნათელს ხდის ტურიზმის სექტორის გახსნის მნიშვნელობას რაც შეიძლება მალე. საერთაშორისო ტურიზმის დრამატული კლება მილიონობით ადამიანის ცხოვრებას საფრთხეს უქმნის, მათ შორის განვითარებად ქვეყნებში. მთავრობებს თითოეულ რეგიონში ორმაგი პასუხისმგებლობა აქვთ: პრიორიტეტი მიანიჭონ საზოგადოებრივ ჯანდაცვას და ამასთანავე დაიცვან სამუშაო ადგილები და ბიზნესები“, – განაცხადა UNWTO-ს ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ექსპერტთა წრეებში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გლობალური ტურიზმი ძველ ნიშნულს 2021 წლიდან დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს გაეროს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტომ განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორმა მთლიანად 2020 წლის განმავლობაში შესაძლოა $2.2 ტრილიონის ოდენობის ზარალი მიიღოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *