პანდემიისგან დაზარალებული საგარეო ვაჭრობა

პანდემიისგან დაზარალებული საგარეო ვაჭრობა

2009 წლის შემდეგ 2020 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა რეკორდულად – 15%-ით – შემცირდა და 11.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპორტი 12%-ით (456 მლნ დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი 16%-ით (1,511 მლნ დოლარით). 2017-2019 წლებში საქართველოს ექსპორტი ნორმალური ტემპით იზრდებოდა და ჯამში 79%- ით გაიზარდა. ამავე პერიოდში იმპორტი 30%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს მსოფლიოში ექსპორტი 8%-ით შემცირდა. განვითარებული ქვეყნების ექსპორტი 9.7%-ით შემცირდა, ხოლო განვითარებადების – 5.5%-ით.

საქართველოში 2020 წლის იანვარი ექსპორტის 10%-იანი ზრდით დაიწყო, მაგრამ თებერვლიდან უკვე კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გავლენა დაეტყო და 0.5%-ით შემცირდა. რეკორდულად მაღალი მაჩვენებლით – 31%-ით – მაისში შემცირდა. იმპორტმა კლება მარტიდან დაიწყო.

საქართველოს ექსპორტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან 26%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებთან 12.5%-თან. ქვეყნების მიხედვით 2020 წელს ექსპორტი ყველაზე მეტად სომხეთთან შემცირდა – 245 მლნ დოლარით (57%-ით). ექსპორტის ასეთი დონით შემცირების მთავარი მიზეზი ავტომობილების რეექსპორტის ფაქტობრივად შეჩერებაა. შემდეგ რუმინეთი მოდის, სადაც ექსპორტი 158 მლნ დოლარით (89%-ით) შემცირდა.

ექსპორტი ყველაზე მეტად ჩინეთთან გაიზარდა – 253 მლნ დოლარით (13%-ით). ჩინეთთან ექსპორტის ასეთი მაღალი დონით ზრდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის მატებამ განაპირობა. 2019 წელთან შედარებით გასულ წელს 222 მლნ დოლარით მეტი სპილენძის მადნები გავიდა ჩინეთში. 38 მლნ დოლარით გაიზარდა ექსპორტი ესპანეთში, 28 მლნ დოლარით – ბულგარეთში და 24 მლნ დოლარით – შვეიცარიაში.

2020 წელს საქართველოს ექსპორტში პირველი ადგილი ჩინეთმა დაიკავა 476 მლნ დოლარით, მეორე ადგილზე კი აზერბაიჯანი გავიდა 441.3 მლნ დოლარით. 441.1 მლნ დოლარით მესამეზე რუსეთია. 2018 წელს რუსეთი პირველ ადგილზე იყო, 2019 წელს კი მე-2 ადგილზე.



პროდუქციის მიხედვით 2020 წელს ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი (რეალურად, რეექსპორტი) შემცირდა – 329 მლნ დოლარით (45%-ით). 73 მლნ დოლარით (42%-ით) შემცირდა სამკურნალო საშუალებების ექსპორტი (რეალურად, რეექსპორტი), 56 მლნ დოლარით (18%-ით) ფეროშენადნობების ექსპორტი.

რეექსპორტის გამოკლებით, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი (ე.წ. ადგილობრივი ექსპორტი) 2020 წელს 3.5%-ით გაიზარდა და 2.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტად სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (80 მლნ დოლარით), ძვირფასი ლითონების მადნების (79 მლნ დოლარით), თხილის (28 მლნ დოლარით) და ოქროს (25 მლნ დოლარით) ექსპორტი გაიზარდა. კლების მხრივ ყველაზე მეტად ფეროშენადნობების (56 მლნ დოლარით), ქიმიური და მინერალური სასუქების (23 მლნ დოლარით) და მინერალური და მტკნარი წყლების (17 მლნ დოლარით) ექსპორტი შემცირდა.

ადგილობრივი წარმოების ექსპორტში პირველი ადგილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს უჭირავს 729 მლნ დოლარით. შემცირების მიუხედავად მეორე ადგილზე ფეროშენადნობებია 247 მლნ დოლარით. ღვინის ექსპორტი 12%-ით შემცირდა, მაგრამ მე-3 ადგილზეა 209 მლნ დოლარით.

2020 წელს ექსპორტზე მეტად იმპორტი შემცირდა. გასულ წელს საქართველოში 1.5 მილიარდი დოლარით ნაკლები უცხოური პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 2019 წელს. თუმცა ჯამურმა იმპორტმა მაინც საკმაოდ მაღალი რიცხვი – 8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტი 20%-ით შემცირდა, ხოლო დსთ-ის ქვეყნებიდან 2%-ით. გასულ წელს ყველაზე მეტად – 348 მლნ დოლარით (31%-ით) მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა. 259 მლნ დოლარით (34%-ით) შემცირდა ნავთობპროდუქტების (ძირითადად – ბენზინი) იმპორტი, 70 მლნ დოლარით (11%-ით) სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, 47 მლნ დოლარით (22%-ით) ტელეფონების.

ყველაზე მეტად ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი გაიზარდა – 71 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის დიაგნოსტიკური რეაგენტები, რომლის იმპორტი 31 მლნ დოლარით გაიზარდა, 17 მლნ დოლარით ზეთის იმპორტი გაიზარდა და 14 მლნ დოლარით – სისხლისა და იმუნური შრატების.

შემცირების მიუხედავად, 2020 წელს საქართველოს იმპორტში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 759 მლნ დოლარით. მეორე ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 533 მლნ დოლარით, მესამეზე კი ნავთობპროდუქტებია 498 მლნ-ით.



ქვეყნების მიხედვით, საქართველოს იმპორტში პირველი ადგილი ტრადიციულად თურქეთს უკავია, საიდანაც 2020 წელს 1.4 მილიარდი დოლარის საქონელი შემოვიდა. თუმცა 2019 წელთან შედარებით, თურქეთიდან იმპორტი 13%-ითაა შემცირებული. მეორე ადგილზე რუსეთია 887 მლნ დოლარით. რუსეთიდან იმპორტი 9%-ით შემცირდა. მესამეზე ჩინეთია 709 მლნ დოლარით, შემცირებულია 18%-ით. რუსეთიდან ყველაზე მეტად – 70 მლნ დოლარით – ნავთობპროდუქტების შემოტანა შემცირდა. მსხვილი იმპორტიორი ქვეყნებიდან ზრდა მხოლოდ სომხეთიდან არის – 154 მლნ დოლარით (58%), რაც სპილენძის მადნებისა და ძვირფასი ლითონების იმპორტის ზრდამ განაპირობა. შემდეგ საქართველოში აღნიშნული საქონლის გადამუშავება და ექსპორტზე გატანა ხდება.

იმპორტის ექსპორტზე მეტად შემცირებამ საქართველოს სავაჭრო ბალანსი გააუმჯობესა. 2019 წელს უარყოფითი ბალანსი -5,719 მლნ დოლარი იყო, 2020 წელს კი მილიარდი დოლარით ნაკლები, 4,663 მლნ დოლარი. 2010 წლის შემდეგ 2020 წელს ყველაზე მცირე უარყოფითი ბალანსი დაფიქსირდა.

ვაჭრობის დეფიციტის შემცირება ეკონომიკურმა შეზღუდვებმა, მოთხოვნის კლებამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. 2021 წლიდან, როდესაც ეკონომიკა სრულად გაიხსნება და ზრდას დაიწყებს, იმპორტი სწრაფად დაიწყებს ზრდას, თუმცა წელს 2019 წლის დონეს არ დაუბრუნდება.

ექსპორტის ზრდა ძირითადად საქართველოს საექსპორტო ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანაში წელს მეტ- ნაკლებად ეკონომიკურ ზრდას მოელიან, ექსპორტიც უნდა გაიზარდოს. თუმცა თავად ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია პანდემიის ისეთ დონემდე მიყვანაზე, როცა შეზღუდვები თითქმის სრულად მოიხსნება.

უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ექსპორტის ზრდა ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით – ტექნოლოგიური განვითარების დონეზე. ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი საექსპორტო პროდუქცია სოფლის მეურნეობის ნაწარმი და ბუნებრივი რესურსებია, რაც, ზოგადად, ღარიბი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.



დატოვე კომენტარი

80 კომენტარი

  1. you’re actually a good webmaster. The website loading pace
    is amazing. It kind of feels that you are doing any unique trick.
    Furthermore, The contents are masterwork. you have
    performed a fantastic process on this subject!

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *