სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა პირობა დადო, რომ თანამდებობას აპრილში დატოვებს იმისათვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.
სომხეთში, მოსახლეობის ნაწილი პაშინიანის გადადგომას მას შემდეგ ითხოვს, რაც ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანთან შეთანხმებით დასრულდა. აღნიშნულს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად, პაშინიანმა დაახლოებით ორი კვირის წინ გამოაცხადა, რომ 20 ივნისს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. სომხეთის კანონმდებლობით კი ვადამდელ არჩევნებამდე პრემიერი უნდა გადადგეს და ახალი პრემიერის არჩევა პარლამენტმა ზედიზედ ორჯერ ვერ უნდა შეძლოს.
„გადავდგები აპრილში. არა ხელისუფლების დასატოვებლად, არამედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად“, – განაცხადა პაშინიანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. თუმცა, მას პოსტის დატოვების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.