Payze-ი ელექტრონული კომერციის გიგანტების, Shopify-ისა და Wix.com-ის პარტნიორი გახდა

Payze-ი ელექტრონული კომერციის გიგანტების, Shopify-ისა და Wix.com-ის პარტნიორი გახდა

ქართული ფინტექ-კომპანია Payze-ი ელექტრონული კომერციის ორი გიგანტის, Shopify-ისა და Wix.com-ის პარტნიორი გახდა, – ამის შესახებ Payze-ის თანადამფუძნებელმა, გეგა წურწუმიამ Forbes Georgia-სთან საუბრისას განაცხადა. ამიერიდან, ბიზნესის მფლობელები და ინდივიდუალური მეწარმეები ამ პლატფორმებზე საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო ვებგვერდის შექმნასა და Payze-ის საშუალებით ონლაინგადახდების მიღებას შეძლებენ, როგორც საქართველოში, ასევე უზბეკეთში.

„ამ კომპანიებთან თანამშრომლობა ელექტრონული კომერციის მიმართ არსებული მზარდი მოთხოვნის ფონზე გადავწყვიტეთ. ბოლო წლებში ბიზნესები საქმიანობას ციფრულად იწყებენ და ონლაინარხებზე მოხვედრას ყველა გზით ცდილობენ, მაგრამ მათი უმეტესობა ონლაინმაღაზიის, ე.წ. „შოპის“ აწყობას საერთოდ ვერ ახერხებს, დანარჩენებს კი ის ძვირი უჯდებათ და შედეგად, საკმაოდ უხარისხო „შოპს“ იღებენ – აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოთხოვნა კონტენტის მენეჯმენტის სისტემებზე (ინგლ. Content Management System – CMS), როგორებიცაა Shopify-ი და Wix-ი. ამ პლატფორმებზე ონლაინმაღაზიის აწყობა მრავალჯერ გამოცდილი მზა მოდულების საშუალებით შეიძლება – ყველაფერი, შენს კრეატიულობაზე არის დამოკიდებული“, – ამბობს გეგა წურწუმია.

Payze-ის თანადამფუძნებელს ელექტრონული კომერციის გიგანტებთან ურთიერთობის განვითარების შესახებაც ვკითხეთ და როგორც გაირკვა, ინტეგრაციის პროცესი უკვე თვეებია, რაც მიმდინარეობს. „Shopify-სთან და Wix-თან ინტეგრაცია საკმაოდ რთული იყო და თავდაპირველად, დიდი მოთხოვნის გამო, ეს ფუნქციონალი დაკეტილი იყო. ამ მიმართულებით Y Combinator-იდან მიღებული კონტაქტები დაგვეხმარა – ერთ-ერთ აღმასრულებელზე გავედით, რომელმაც კარი გაგვიხსნა. მას მერე, ყველა ეტაპის გასავლელად ჩვენს გუნდს თითქმის ექვსი თვე დასჭირდა“, – აღნიშნავს გეგა წურწუმია Forbes Georgia-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ Payze-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც დაარსებიდან მალევე 500 Startups-ისა და Visa-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში გაიმარჯვა. ამასთანავე, Payze-ი პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის, სილიკონ-ველზე დაფუძნებული Y Combinator-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. დღეს, Payze-ი საქართველოსა და უზბეკეთში ოპერირებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Shopify-ი და Wix-ი ელექტრონული კომერციის გიგანტები არიან, რომელთა სერვისებმა განსაკუთრებულ პოპულარობას პანდემიის დროს მიაღწია – ამ პლატფორმების გამოყენებით, ბიზნესებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს ონლაინმაღაზიის, ე.წ. „შოპის“ აწყობა ძალიან მარტივად და ბიუჯეტურად შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანის აქციები საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული – დღევანდელი მონაცემებით, კანადური Shopify-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $45.8 მილიარდს, ხოლო ისრაელური Wix.com-ის $4.7 მილიარდს უდრის.