აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გუშინ შეერთებული შტატების გამანადგურებლებმა ჰურონის ტბის თავზე კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. ბოლო კვირის განმავლობაში ეს ჩრდილოეთ ამერიკაში ჩამოგდებული უკვე მეოთხე მფრინავი ობიექტია.
ამერიკული საჰაერო სივრცის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერლის, გლენ ვანჰერკის განცხადებით, პენტაგონმა ვერ შეძლო ბოლო სამი ჩამოგდებული მფრინავი ობიექტის იდენტიფიცირება ან მათი წარმომავლობის დადგენა. გენერალმა დამატებით აღნიშნა, რომ ის ამ მოვლენების ნებისმიერ ახსნას არ გამორიცხავს და მათი გამოკვლევის საქმეს სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საზოგადოებას მიანდობს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სხვა ოფიციალური პირების განმარტებებით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება აღნიშნული ობიექტების არამიწიერი წარმომავლობის შესახებ.
პენტაგონის სპიკერის, ბრიგადის გენერლის, პატრიკ რაიდერის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, მფრინავი ობიექტი აშშ-კანადის საზღვარზე, ტბა ჰურონის თავზე, პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით ამერიკულმა გამანადგურებელმა, F-16-მა ჩამოაგდო. რაიდერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენდა, მას პოტენციურად შეეძლო ხელი შეეშალა საჰაერო მიმოსვლისათვის, რადგან 6,100 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, მას შესაძლოა სადაზვერვო დანიშნულება ჰქონოდა, სწორედ ამიტომ, საფრენი ობიექტის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღეს.
საინტერესოა, რომ გუშინვე უცნობი წარმომავლობის მფრინავი ობიექტი ქვეყნის თავზე ურუგვაის თავდაცვის სამინისტრომაც აღმოაჩინა.