“ფილიპ მორის ინთერნეიშალმა” (PMI) ახალი CEO წარადგინა. 2021 წლის მაისიდან კომპანიას იაცეკ ოლზაკი უხელმძღვანელებს, მოქმედი CEO ანდრე კალანცოპულოსი კი 2021 წლის მაისიდან PMI-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს. საბჭოს ტოვებს მისი ყოფილი თავმჯომარე ლუის კამილიერი.
კომპანიის ახალი CEO იაცეკ ოლზაკი 2018 წლიდან “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მთავარი საოპერაციო ოფიცრის (COO) პოსტს იკავებდა, 2012-2018 წლებში კი ის კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო.
მმართველობით ცვლილებებთან დაკავშირებით კომპანიამ სპეციალური ბრიფინგიც გამართა, რომელზეც კომპანიის მოქმედმა CEO-მ ანდრე კალანცოპულოსმა განაცხადა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში PMI-იმ უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია დაიწყო, რაც მწეველებისთვის, მეცნიერულად დადასტურებული ალტერნატივების შეთავაზებაში მდგომარეობს.
“ჩვენ გვაქვს უკვამლო პროდუქტების საუკეთესო პორტფელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სხვა შემთხვევაში სიგარეტის მოხმარებას განაგრძობდნენ. ასევე ჩვენ გვყავს გამორჩეულად მაღალკვალიფიციური მენეჯმენტის გუნდი, ჩვენი ორგანიზაცია კი ინოვაციების ათვისების მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი კომპანია წარმატებულ სვლას განაგრძობს. მოხარული ვარ CEO-ს პოსტი გადავცე ბატონ იაცეკს, რომელთან ერთადაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობდი,”- ამბობს ანდრე კალანცოპულოსი.
თავად იაცეკ ოლზაკი აღნიშნავს, რომ ის “ფილიპ მორისის” გუნდს 1993 წელს შეუერთდა და არაერთი წლის განმავლობაში ფინანსური მიმართულებით PMI-ის გერმანიისა და პოლონეთის ბიზნესს ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც 2012 წელს კომპანიის ფინანსურ ხელმძღვანელად, 2018 წელს კი მთავარ საოპერაციო ოფიცრად დაინიშნა.
იაცეკ ოლზაკის თქმით, მისი მთავარი სტრატეგიული მიზანი “უკვამლო მომავლის” შესაქმნელად დასახული პროექტის განვითარება იქნება.
“ჩვენი კომპანიის ხედვა და მიზანი საკმაოდ ნათელია. ეს არის ამბიციური მიზანი იმისთვის, რათა სიგარეტის მილიონობით მომხმარებელს, რომლებიც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდნენ მის მოხმარებას, შევთავაზოთ მეცნიერულად დადასტურებული ალტერნატივები. ეს არამხოლოდ თავად ამ ადამიანებისთვის არის მავნე ნივთიერებების ზემოქმედების ზეგავლენის შემსუბუქების შესაძლებლობა, არამედ მას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვისაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა,”- განაცხადა იაცეკ ოლზაკმა.
PMI-ის ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტი IQOS-ის მეშვეობით სიგარეტის მოხმარება მსოფლიოს მასშტაბით უკვე 11.7-მა მილიონმა ადამიანმა ჩაანაცვლა. თავად IQOS-ი კი არსებული მდგომარეობით, გლობალურად 61 ბაზარზე არის წარმოდგენილი. მათ შორის არის საქართველოც, რომელიც PMI-ის “უკვამლო მომავლის” პროექტში 2020 წლის ივლისში ჩაერთო. 2020 წლის ზაფხულში აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) IQOS-ის, როგორც მოდიფიცირებული რისკის შემცველი პროდუქტის მარკეტინგის უფლება გასცა და მიუთითა, რომ მწეველების მიერ სიგარეტის ამ პროდუქტით ჩანაცვლებით, ისინი მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებებზე მათ დაქვემდებარებას შეამცირებენ.
მმართველობითი ცვლილებების შესახებ გამართულ ბრიფინგზე PMI-ის სამეთვალყურეო საბჭოს მომავალმა ხელმძღვანელმა, ანდრე კალანცოპულოსმა განაცხადა, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში მხოლოდ ინდუსტრიის თანამონაწილეობა საკმარისი არაა, რადგან ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებს სიგარეტის ალტერნატიული პროდუქტების რეგულირების პროცესში ჰქონდეთ სწორი მიდგომები. რის მაგალითადაც კალანცოპულოსი აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნებს ასახელებს.
თავად PMI ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის სათაო ოფისი შვეიცარიაში მდებარეობს. PMI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 131.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.