ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა, პირველი სექტემბრიდან, რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის პროცესს შეზღუდავს. მისი განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი რუსი ტურისტების ევროპაში შესვლის მაღალი მაჩვენებელია.
ცნობისთვის, ფინეთს სახმელეთო საზღვარი რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოსახვედრად რამდენიმე პუნქტს შორის ერთ-ერთია. შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლური სახელმწიფოების ნაწილმა რუსული თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე დახურა.
ვიზების გაცემის რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება ფინეთის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. ერთი თვის წინ, პანდემიასთან დაკავშირებული სასაზღვრო შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები დასასვენებლად ევროპაში მოსახვედრად ფინეთის ჰელსინკის აეროპორტს აქტიურად იყენებდნენ.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში ფინეთის ვიზების ყოველდღიურად გაცემის რიცხვს 1000-დან 500-მდე შეამცირებს, ტურისტული ვიზა კი აქედან დღეში მხოლოდ 100 იქნება. თუმცა, რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ვიზების ოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებლებს მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
შედარებისათვის, ივლისში ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებზე მხოლოდ 16,000 ვიზა გასცა. 2019 წლის ივლისში კი ამ რიცხვმა 92,100 შეადგინა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფინეთი ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ერთად მსგავსი ქმედებისაკენ ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებსაც მოუწოდებს.