ფორბსის მეექვსე ყოველწლიური Cloud100 რეიტინგი, მსოფლიოს მასშტაბით, ქლაუდ ტექნოლოგიის გამორჩეულ კერძო კომპანიებს წარმოგიდგენთ. ფორბსის სიაში წარმოდგენილი კომპანიები გამოირჩევიან ზრდის, გაყიდვების, შეფასებისა და რეპუტაციის მაღალი მაჩვენებლით, რომელიც ფასდება ქლაუდ კომპანიების 34 აღმასრულებელი დირექტორისა და ხელმძღვანელის მიერ.
წლევანდელი რეიტინგის მთავარი თემა „დიდი რიცხვებია“. Stripe-ი, რომელიც ერთწლიანი პაუზის შემდგომ სიის პირველ ადგილას დაბრუნდა, ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპია ამერიკის შეერთებულ შტატებში – მისი ღირებულებაც 95 მილიარდი აშშ დოლარია. სიის მეორე ადგილს 28 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული Databricks-ი იკავებს. საერთო ჯამში, Cloud100-ის რეიტინგის პირველი ათეულის ღირებულება $190 მილიარდია, რაც მოიცავს 13.4 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებულ ფინტექ ტექნოლოგიის პროვაიდერ No6 Plaid-ს, რომელიც სიაში Visa-ს მიერ დაგეგმილი შესყიდვის ჩაშლის შემდგომ დაბრუნდა და 10-მილიარდიან No7 Figma-ს, დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს სერვისს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიების მიერ მოზიდული დაფინანსების მოცულობამ ხელი შეუწყო რეიტინგში 34 ახალი კომპანიის შესვლას და მათი კომბინირებული საბაზრო ღირებულების 514 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას, რაც წინა წლის მონაცემებზე თითქმის ორჯერ მეტია. ცნობისთვის, სიის სათავეში მყოფი კომპანიის ღირებულება ამ თანხის თითქმის მეხუთედს შეადგენს.
წელს რეიტინგში 29 ახალწვეულიც გამოჩნდა. მათგან ყველაზე რეიტინგული მე-12 ადგილზე მყოფი Attentive-ია, რომელიც ფირმებისთვის მარკეტინგული SMS შეტყობინებების სერვისს ამუშავებს.
მიუხედავად რეიტინგში არსებული კომპანიების გეოგრაფიული განსხვავებულობებისა, თავად ფირმები მრავალფეროვნებით არ გამოირჩევიან. მაგალითად, Cloud100-ში შესული კომპანიებიდან მხოლოდ ექვსი იმართება ქალების მიერ, მათ შორისაა მესამე ადგილას მყოფი კომპანია Canva, რომელსაც მელანი პერკინსი უძღვება.
სრულად Cloud100-ის რეიტინგის ნახვა ფორბსის ვებგვერდზე შეგიძლიათ.