უმრავლესობა ჩვენგანი ბავშვობაში კოსმოსიდან დედამიწის ხილვაზე ოცნებობდა. კომერციული ფრენების განვითარების შედეგად, შესაძლებელი იქნება, ეს ოცნება რეალობად იქცეს. დღეს უკვე ცნობილია ის ოთხი ადამიანი, რომლებიც პირველი სამოქალაქო ფრენის Inspiration4-ის მისიის მონაწილეები იქნებიან. ისინი რამდენიმე დღეს გაატარებენ კოსმოსში.
Inspiration4-ის ინიციატივა Shift4 Payments-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჯერედ ისააკმანს ეკუთვნის. იგი ამავდროულად მისიას უხელმძღვანელებს. ისააკმანმა ოთხი ადგილი შეიძინა კოსმოსში გასამგზავრებლად, აქედან ორის მოგება ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. მისიის სახელი – Inspiration4-ი საქველმოქმედო მიზნებს უკავშირდება: წმინდა იუდა იაკობისის სახელობის ბავშვთა კლინიკის ცნობადობისა და დაფინანსების ზრდას. მისიის მეოთხე წევრიც სწორედ ამ კლინიკის წარმომადგენელია.
კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებს თანხა აღნიშნული კლინიკისთვის უნდა გადაერიცხათ, ან შეექმნათ ელექტრონული კომერციის ბიზნესი Shift4Shop პლატფორმის გამოყენებით და საკუთარი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით მოეწოდებინათ.
ჯერედ ისააკმანმა ახლახან წარადგინა მისიის წევრები. თითოეული მათგანი განსხვავებულ სიქველეს განასახიერებს: ჰეილი არსენომ ბავშვობაში სიმსივნე დაამარცხა და იგი იმედის სიმბოლოა; მეცნიერი და მკვლევარი შან პროკტორი – წარმატების, კრის სემბროსკი კი გულუხვობის.
ჰეილი არსენო გუნდს სამედიცინო დახმარებას გაუწევს, პროფესორი შან პროკტორი (ნასას ყოფილი ასტრონავტი) მისიის პილოტი იქნება, რომელსაც დახმარებას დედამიწაზე მყოფი ჯგუფი გაუწევს. კრის სემბროსკი კი, რომელმაც კონკურსი მოიგო, მაგრამ მისიაში მონაწილეობას ვერ შეძლებს, მეგობრის ადგილს იკავებს. . კრისი სამხედრო-საჰაერო ძალების ვეტერანია, ის საჰაერო-კოსმოსური სივრცის ინდუსტრიაში მუშაობს. სემბროსკი, როგორც ფრენის სპეციალისტი, გუნდს ფრენის განმავლობაში დაეხმარება.
Inspiration4-ის მონაწილეები, ბუნებრივია, შესაბამის კურსებს გაივლიან. გაფრენის ზუსტი თარიღი 2021 წლის სექტემბრამდე დაიგეგმება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ კოსმოსური მისია 2022 წლის იანვრის შემდეგ შესრულდება. დიდი ალბათობით, პირველი სამოქალაქო ფრენის ნახვას მაყურებელი ონლაინ შეძლებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ბავშვებისა და ზრდასრულების სურვილს – კოსმოსის ხილვის ოცნება რეალობად მათთვისაც იქცეს.