სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა გერმანულმა გიგანტმა, Adidas-მა, ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, კომპანიამ გასული 30 წლის განმავლობაში წლიური ზარალი პირველად დააფიქსირა. Adidas-მა განაცხადა, რომ ამაზე დიდი გავლენა ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვების შემცირებამ იქონია. კომპანიაში კლების ტენდენციას წელსაც ელიან, ვინაიდან აშშ-ში სპორტული ტანსაცმლის საცალო ვაჭრობა ჭარბ მარაგებს ებრძვის.
აღსანიშნავია, რომ Adidas-ს გარკვეული პრობლემები 2022 წლის ოქტომბერში კანიე უესტთან თანამშრომლობის გაწყვეტამაც შეუქმნა, რამაც საკმაოდ მოგებიანი ფეხსაცმლის ხაზის, Yeezy-ის გაყიდვების შეჩერება გამოიწვია.
Adidas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბიორნ გიულდენმა, CEO-ს პოსტზე დანიშვნის პირველ წელს, განაახლა Yeezy-ის ხაზის ფეხსაცმელების გაყიდვები დარჩენილი მარაგის გასასუფთავებლად, პარალელურად კი, შეეცადა გაეუმჯობესებინა კომპანიის ისეთი პოპულარული პროდუქტები, როგორიცაა Samba და Gazelle. შედეგად, Adidas-ის აქციების ფასმა მოიმატა და კონკურენტ Nike-სა და Puma-ს აჯობა.
Adidas-ის CEO-ს თქმით, იმის მიუხედავად, რომ შედეგი სახარბიელო არ არის, კომპანიაში უარესის მოლოდინიც ჰქონდათ. მისივე განცხადებით, წელს ჩრდილოეთ ამერიკაში შედეგები კვლავ სუსტი იქნება და Adidas-ი გაყიდვების კუთხით დაახლოებით 5%-იან კლებას პროგნოზირებს. რაც შეეხება 2023 წლის შედეგებს, მეოთხე კვარტალში კონტინენტზე გაყიდვები 21%-ით, ხოლო მთლიანობაში 16%-ით შემცირდა.
2023 წელს, ერთწლიან ჭრილში, Adidas-ის შემოსავლები 5%-ით, 21.427 მილიონ ევრომდე შემცირდა, წმინდა ზარალმა კი 58 მილიონი ევრო შეადგინა. შეგახსენებთ, 2022 წელს Adidas-მა 254 მილიონი ევროს ოდენობის წმინდა მოგება მიიღო.