პიტ მონდრიანის ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ $51 მილიონად გაიყიდა

პიტ მონდრიანის ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ $51 მილიონად გაიყიდა

მეოცე საუკუნის ნიდერლანდელი მხატვრის, პიტ მონდრიანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „Composition No. II“ ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 51 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი მონდრიანის ხელოვნების ნიმუშში აუქციონზე ოდესმე გადაუხდიათ.

ამ დრომდე, ნიდერლანდელი მხატვრის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრის სტატუსს „Composition No. III, with Red, Blue, Yellow, and Black“-ი ატარებდა, რომელიც 2015 წელს $50.6 მილიონად გაიყიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ „Composition No. II“-ში გადახდილი თანხა დაახლოებით ოცდახუთჯერ აღემატება იმ ფასს ($2.15 მილიონი), რომელიც მის შესაძენად 1983 წელს აუქციონზე გადაიხადეს. ამის შემდეგ ნამუშევარი აუქციონზე თითქმის ორმოცი წელი აღარ გამოჩენილა. სააუქციონო სახლის ინფორმაციით, ხელოვნების ნიმუშის ახალი მფლობელი აზიელი კოლექციონერია.

პიტ მონდრიანმა აღნიშნული ფერწერული ტილო 1930 წელს, პარიზში ცხოვრებისას შექმნა. ნამუშევარზე გამოსახული შავი ზოლები სწორედ ის ფერწერული ელემენტია, რომელმაც მხატვარს გლობალური აღიარება მოუტანა.

Sotheby’s-ის განცხადებით, „Composition No. II“ მონდრიანის სამიდან ერთ-ერთი ტილოა, რომელზეც ზედა მარჯვენა კუთხეში დომინანტური წითელი ფერის კვადრატია გამოსახული. დანარჩენი ორი, შედარებით მცირე ზომის ნამუშევარი მუზეუმის კოლექციაში ინახება.